ლევან მჭედლიძე: მინდა ესპანეთს გავუტანო!

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ ორჰეიში მოლდოვას ახალგაზრდულ ნაკრებთან 10 აგვისტოს მატჩში ლევან მჭედლიძე გამოიძახა, მაგრამ "ემპოლის" 21 წლის თავდამსხმელი "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარა. ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, იტალიური კლუბის ფეხბურთელი ფეხის ტკივილმა შეაწუხა და გაბელიამ მისი დასვენება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ მჭედლიძემ იტალიიდან ჩამოსვლა ვერ მოახერხა, "ემპოლის" შემადგენლობაში ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - ჯერ დაბალლიგელ "კარარეზესთან" შეცვლაზე, წინა ოთხშაბათს კი "ვიარეჯოსთან" ძირითად შემადგენლობაში.

ამის გამო ბევრმა იფიქრა ის, რამაც ლევანი გაანაწყენა: თითქოს, ახალგაზრდულში თამაშს თავს არიდებს ან უკადრისობს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი მინიშნებები
აქა-იქ ჩნდებოდა და ლევანმა გვითხრა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ცილისწამებაა და სხვა არაფერი.

"კარარეზესთან" მოედანზე შესვენების შემდეგ შევედი, მაგრამ ტრავმის გამო მალევე შემცვალეს. მართალია, სერიოზული დაზიანება არ აღმომაჩნდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრაშიც მხოლოდ ტაიმი ვითამაშე და მწვრთნელმა დამასვენა.

ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ მე ჩემი გამჭირვებია, ტრავმის მორჩენას ვცდილობ და ვიღაცები ფიქრობენ, თითქოს ნაკრებში ჩამოსვლა არ მინდა და მიზეზებს ვიგონებ. მთავარია, რომ ნაკრების მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ ყველაზე უკეთ იცის, რაც მჭირს და შეკრებაზე რატომ ვერ ჩამოვედი" - გვითხრა მჭედლიძემ.

სხვათა შორის, გაბელიამ მართლაც თქვა, რომ ესაუბრა მჭედლიძეს, შეიტყო მისი ტრავმის შესახებ და ესპანეთთან პირველი სექტემბრისთვის მომზადება და დარჩენა თავად ურჩია. საქმე ისაა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის სრული შემადგენლობით შეკრება ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის არის აუცილებელი, ამხანაგურში კი გასასინჯ მოთამაშეებზე დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია. მჭედლიძის პოტენციალი კი ყველასათვის ცნობილია და ასეთ პრობლემურ შემთხვევებში მწვრთნელები ფეხბურთელების მდგომარეობას ანგარიშს უწევენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კლუბებისა და ეროვნული ფედერაციების ინტერესების კონფლიქტი. გამონაკლისი არც "ემპოლისა" და ჩვენი ფედერაციის ურთიერთობაა - კლუბი მაქსიმალურად ცდილობს, მჭედლიძე ნაკრებში არ გაუშვას. ასევე იყო ირაკლი შეყილაძის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე "ემპოლიში" გამოდის, მოთამაშეებს ლიმიტირებულად, წელიწადში შვიდჯერ აძლევენ ნაკრებში წასვლის უფლებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, მჭედლიძე მალე ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ, მისი ტრავმაც გასათვალისწინებელი იყო, ლიმიტიც და გამოძახებას მოერიდნენ.

მჭედლიძე ამბობს, რომ ევროშესარჩევის მატჩებისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადება.

"ესპანეთთან მატჩი ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ პირადად მე ასეთი მოლოდინი და სტიმული ცხოვრებაში არასოდეს მქონია. საერთოდ, მცირე ტრავმა მაწუხებს, მაგრამ ისეთი არაფერია, 1 სექტემბრამდე ვერ მოვმჯობინდე. სწორედ სანაკრებო მატჩისთვის უკეთ მომზადების მიზნით გამოვტოვე იტალიის თასის მეორე რაუნდის მატჩი "პიაჩენცასთან", რომელიც კვირას 14 აგვისტოს ჩატარდა.

თავს ვუფრთხილდები და ამიტომაც ვუთხარი გაბელიას, რა მდგომარეობაც მქონდა და მოლდოვასთან სათამაშოდ აღარ ჩამოვედი, რადგან ახლა მთავარია საუკეთესო ფორმაში შევხვდე სექტემბრის მატჩებს.

ესპანეთთან დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისითაც ბევრს ნიშნავს და ჩვენი ნაკრების იმიჯისთვისაც. ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ჩემზე მეტად არავის სურს ნაკრებში ვითამაშო, თუნდაც ასაკობრივში - საქართველოს ფორმით თამაში ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ყველაზე პრესტიჟული" - ამბობს მჭედლიძე.

"ემპოლის" ქართველი თავდამსხმელი იმედიანად არის: "ესპანეთს ძლიერი ნაკრებები ჰყავს, მაგრამ ჩვენს გუნდში ნიჭიერი თაობა შეიკრიბა და მიმაჩნია, თუ მოვინდომებთ და საკუთარ შესაძლებლობებს ვირწმუნებთ, მოგება ესპანეთთანაც შესაძლებელი იქნება. პირველ ტურში ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხორვატიას მოვუგებდით, მაგრამ სამი ქულა წამოვიღეთ. მე კი ძალიან მინდა, ესპანელებთან ვითამაშო და გავიტანო. იმედია, მანამდე კარგად ვიქნები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ეროვნულით გვინდა თქვენი ხილვა...... წარმატებები.... მადლობა...
state
21:47 16-08-2011
0

სიახლეები პოპულარული