ნიკა ეროვნულ ჩემპიონატშიც საიმედოდ და დამაჯერებლად ირჯება და ახალგაზრდულ ნაკრებსაც გაუშინაურდა.
- გულშემატივარმა გასულ სეზონში გაგიცნო.
- ყველაფერი წლეულს, წინა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დაიწყო. მოხდა ისე, რომ "ბაია" გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს და ახალგაზრდებს გაგვეხსნა გზა. ასაკისა და გამოუცდელობის გამო ჯერ დაცვის მარჯვენა ფლანგზე მაყენებდნენ, ახლა კი ცენტრში მათამაშებენ, იმ პოზიციაზე, სადაც ბავშვობიდან ვთამაშობდი.
გასულ სეზონში 15 მატჩი
- ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენო - ესპანეთის გახსენებას მე მოვერიდებოდი.
- მინდა თუ არა, მაინც მახსენდება. მომავალ ციკლში ესპანეთს ჩვენი ეროვნული ნაკრებიც შეხვდება და, ალბათ, ახალგაზრდულიდან ქუთაისსა და ლუგოში ნათამაშები ბიჭების ნაწილს დაიმატებენ. იცით, მთავარი რას არის? უშუალოდ ვეთამაშეთ კანალესსა და დე ხეას და მათ ახლა მხოლოდ ტელევიზორიდან არ ვიცნობთ.
ეს ის დიდი გამოცდილებაა, რომელიც სამომავლოდ წაგვადგება. ახლა მთავარია, ბიჭები ესპანური შოკიდან გამოვიდნენ და შვეიცარიასთან 7 ოქტომბერს კარგად ვითამაშოთ.
- მე მგონია, რომ ესპანეთს ზედმეტად ოპტიმისტურად დახვდით და ეს იყო ქუთაისში განადგურების მიზეზი.
- ამას წინაპირობაც ჰქონდა, ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საგარეო თამაშების სინდრომი, ჩვენ კი ხორვატია საკუთარ მოედანზე დავამარცხეთ და, ცხადია, იმედი გაგვიჩნდა. ესპანეთთან ყველა იბრძოდა, მაგრამ კლასით აშკარად გვაჯობეს და თანაც, იმ დღეს მათ ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი არაფერი, რაც ათასში ერთხელ ხდება. ლუგოში უკეთ ვითამაშეთ და გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს ბევრად მეტი შეუძლია.
- ზუგდიდის "ბაიაზეც" ვთქვათ. გუნდს უდავოდ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მეორე ტაიმში ხშირად დაღლა გეტყობათ.
- ეს იმის ბრალია, რომ სეზონის წინ ნორმალური მოსამზადებელი ეტაპი არ გაგვივლია და ფორმაში ახლა შევდივართ. ბოლო თამაშებში დაღლა ნაკლებად გვეტყობოდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ.
- შენი აზრით, სამეულში ადგილის შენარჩუნებას შესძლებთ?
- ძნელი სათქმელია, მაგრამ რვა საუკეთესოში აუცილებლად უნდა მოვხვდეთ. "ბაიას" დღევანდელ შემადგენლობას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ეს იმის შედეგია, რომ შეკრული გუნდი გვყავს, ჩვენს განკარგულებაშია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა და თამაშებისთვის კარგად ვემზადებით. სხვათა შორის, ასეთი ბაზა ყველა ქართულ გუნდს რომ ჰქონდეს, მერე გულშემატკივარსაც შეეძლება, ესპანეთთან ფრე მაინც მოგვთხოვოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"