გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირზე აზერბაიჯანთან პირველი მატჩი ჩაატარა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა "მიუნხენ 1860-ის" თავდამსხმელი ლუკა ჩხაიძე გამოიძახა, მაგრამ ის შეკრებაზე არ გამოცხადდა და ტურნირის განაცხადშიც ევრ მოხვდა.
ფეხბურთის ფედერაციაში მომხდარის მიზეზით დაინტერესდნენ, რადგან ჟორჟიკაშვილი გერმანიაში გაზრდილ 16 წლის თავდამსხმელზე დიდ იმედებს ამყარებდა და მისთვის ჩხაიძის ჩაუსვლელობა უსიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ნაკრებში ფეხბურთელი მიუნხენულმა კლუბმა არ გაუშვა - ეს ამბავი "ლელოს" ნაკრები გუნდების ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გაუმხილა.
"ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო, ჩხაიძე
"მიუნხენ1860"-მა არ გამოუშვა. თუმცა საქართველოს ნაკრების სახელით თამაში მას და მის ოჯახს რომ არ სურდეს, იბისას ტურნირზეც არ გამოგვყვებოდა. უკვე მისთვის ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც წყდება და მოთხოვნა გამოგზავნილია. მისი ოჯახი თანახმაა, მაგრამ გარკვეული დეტალი იყო დასაზუსტებელი - ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში, ლუკას ჯარის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. მან არ იცოდა, რომელი ქვეყნის ჯარში სამსახურს მოსთხოვდნენ. საბოლოოდ ეს მისი ასარჩევი გახდა და პრობლემა მოგვარდა.
მოქალაქეობაზე ლუკა ჰუფნაგელის ოჯახისგანაც საბოლოო თანხმობა მივიღეთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჰუფნაგელი და ჩხაიძე უკვე საქართველოს პასპორტებს აიღებენ - საამისოდ გარკვეული დრო და იურიდიული ფორმალობების მოგვარებაა აუცილებელი", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.