როინ კვასხვაძე: ჩვენში გამარჯვებულის ფსიქოლოგიამ გაიღვიძა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თბილისში მზადება გუშინ, საგურამოს ბაზაზე ვარჯიშით დაასრულა. 21-წლამდელები დღეს თურქეთში გაემგზავრებიან. ჩვენი ახალგაზრდები ამ ქვეყნის ნაკრებთან ევროპის 2011 წლის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრას 4 სექტემბერს, საქარიას სტადიონზე გამართავენ. თბილისის დროით მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის არბიტრად უეფამ სლოვენიელი სლავკო ვინჩიჩი დანიშნა.

ოთარ გაბელია თურქეთთან 20 ფეხბურთელის ამარა მიემგზავრება, მათგან ორი - გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე (ორივე - "დიორი ეტო") ნაკრებს საქარიაში შეუერთდებიან. გუნდს გაყვება გიორგი ხიდეშელიც, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო თამაშის უფლება მხოლოდ
7 სექტემბერს თბილისში სომხეთის ნაკრებთან აქვს. ჩვენი გუნდის თურქეთს ამ შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები - როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), გიორგი ბახტაძე (დიორი, უნგრეთი);
მცველები - გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე - დინამო), გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), ლაშა თოთაძე (დიორი), ნიკა კვეკვესკირი (ბაია), გიორგი რეხვიაშვილი (ოლიმპი), გიორგი გურული (ტორპედო).
ნახევარმცველები - გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე - დიორი), ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია), თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (ბაია), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), თემურ შონია (სპარტაკი);
თავდამსხმელები - რევაზ ბარაბაძე (უკლუბო), გიორგი ივანიშვილი (შაფჰაუზენი, შვეიცარია), გიორგი ჭედია (ოლიმპი), რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი);

თურქეთში გამგზავრებამდე, ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძეს გავესაუბრეთ:

- გასვლით შეხვედრაში მეკარეს მეტი საქმე აქვს. თურქებთან ზესტაფონში 4:0 მოგების შემდეგ კი განსაკუთრებით დაძაბულ შეხვედრას ველით...

- თურქეთი მეორე ადგილზეა და თავისთავად ცხადია, რთული მატჩი იქნება. ამას ყველა ვაცნობიერებთ და სერიოზულად ვემზადებით. თუმცა ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება არა იმდენად ფიზიკურ და სპორტულ მომზადებაზე, რამდენადაც ჩვენს ფსიქოლოგიურ სიმტკიცეზე.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იღბლიანია, რაც სომხეთშიც გამოჩნდა - ერევანში ბევრჯერ გადავრჩით. თუმცა მხოლოდ იღბლის იმედად ყოფნა არ შეიძლება...
- გეთანხმებით, მაგრამ თამაშის ხასიათზეც ვართ დამოკიდებულები. როცა ორბურთიანი უპირატესობით დავწინაურდით, ოდნავ მოვეშვით და საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით.

- დაცვის ცენტრში გიორგი ხიდეშელის არყოფნა არ გაღელებთ?
- გიორგი დიდი დანაკლისია. წელს ძალიან კარგ ფორმაშია და თურქეთში მისნაირი მცველი ძალინ გვჭირდება, მაგრამ... რას ვიზამთ, გაბელია მის შემცვლელს გამონახავს. ვინც არ უნდა ათამაშოს, დარწმუნებული ვარ, მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გიორგის კარგად შეცვლის.

- თქვენი აზრით, დარჩენილ ორ შეხვედრაში რამდენი ქულის მოპოვებაა რეალური?
- თურქებს უნდა მოვუგოთ, თუმცა მათთან და სომხებთან ოთხი ქულაც კარგი შედეგი იქნება. წინასწარ მაინც ძნელი სათქმელია, ეს ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი იქნება, თუ არა.

- თეორიულად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შესაძლებელია. სხვა საკითხია, აქვთ თუ არა ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია?
- გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვქონდა, მაგრამ წარმატებული თამაშების შემდეგ ამ გრძნობამ გაიღვიძა, ნაპერწკალი ნელ-ნელა გაღვივდა. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და უკვე წარმატების ყველას სჯერა. გაიხსენეთ, ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ასეთი შანსი ოდესმე თუ გვქონდა, გუცაევის დროინდელ ახალგაზრდულ ნაკრებს თუ არ ჩავთვლით?

აბა, რატომ არ შეიძლება, რომ ფინალში მოვხვდეთ? მთავარი რწმენა და იმედია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შეუძლია, ხალხი გაახაროს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული