- თქვენი აზრით, პირველი შეხვედრის შედეგი კანონზომიერი იყო? და კიდევ - რას ელით ხვალინდელი შეხვედრისგან?
- უპირველესად, გილოცავთ კარგ შედეგს. რაც შეეხება პირველ შეხვედრას, ძალიან გამიჭირდება, ვიყო ვიყო ნეიტრალური. თამაში უდავოდ სანახაობრივი იყო. რაც შეეხება კანონზომიერებას -
და ამის მიუხედავადაც, სომხეთს უნდა მოეგო. გადახედეთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს და ნახავთ, რამხელა უპირატესობა გვქონდა - კარში 14-ჯერ დავარტყით, მაგრამ მხოლოდ ორი გავიტანეთ, საქართველომ კი კარის მიმართულებით სულ სამჯერ დაარტყა და სამივე გაიტანა. ეს იღბალიცაა. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ რომ წავაგეთ, ბუნებრივია, ისევ და ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ.
- სამშაბათს რევანშის იმედად ხართ?
- რა თქმა უნდა, რევანშის აღებას ვეცდებით. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დავკარგეთ და გამომდინარე აქედან, შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოა - ამ დროს, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, რადგან მეზობლების მატჩი ყოველთვის პრინციპულია. ჩვენთვის ბევრს ნიშნავს შესარჩევი ციკლის რაც შეიძლება კარგად დასრულება, სატურნირო ცხრილში მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება და ქვეყანას რეიტინგის გაზარდა.
მეორე მხრივ, ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვისაც მნიშვნელოვანი მატჩია - ამ შეხვედრის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ, მსურს, სომხეთის ნაკრებში მუშაობა გამარჯვებით დავასრულო... ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი აუცილებლად მოგვიგებს და ჩვენ მატჩს ზერელედ მოვეკიდებით, ძალიან ცდება. მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ და ვეცდებით საკუთარ გულშემატკივარს დავამტკიცოთ, რომ ერევანში წაგებას არ ვიმსახურებდით.
- როგორც გავიგეთ, გენრიხ მხითარიანი ვერ გამოიძახეთ...
- კარგი იქნებოდა, დაგვხმარებოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ეროვნული ნაკრების ინტერესი ყველა სხვა ნაკრებისაზე მაღლა დგას. გენრიხ მხითარიანი დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და ბუნებრივიცაა, ეროვნულ ნაკრებში რომ მიიწვიეს. ამ კუთხით არახელსაყრელ ვითარებაში ვართ: ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს არა მხოლოდ მხითარიანი, არამედ კიდევ შვიდი მოთამაშე, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ითამაშა.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, თბილისში განსხვავებული გუნდით ვითამაშებთ. ამის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს, რადგან დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, შესაძლოა, მანამდეც, ასეთი ძლიერი თაობა არ გაზრდილა. პირადად მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ჩემი გუნდიდან ეროვნულში რვა მოთამშე რომ მიიწვიეს. გამოდის, ტყუილად არ გვიმუშავია.
- ბრძანეთ, ერევანში უნდა მოგვეგოო. ჯგუფში საქართველოს მეორე ადგილზე ყოფნაც არალოგიკურად მიგაჩნიათ?!
- საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ცხრილი არასდროს იტყუება. საქართველოს უდავოდ ძლიერი და დაბალანსებული გუნდი ჰყავს, მწვრთნელმა უდავოდ კარგი კოლექტივი ჩამოაყალიბა. ასე რომ არ ყოფილიყო, თურქეთს შინ და გარეთ ორჯერ, თანაც დამაჯერებელი ანგარიშით ვერ მოუგებდით. სხვათა შორის, ერევანში შეხვედრამდე, ჩვენც მეორე ადგილის დაკავების ამბიცია გვქონდა, მაგრამ ქართველების გამარჯვებამ იმედი გაგვიცრუა. და მაინც, ვიმეორებ - ჩვენთვის შეხვედრა პრინციპულია და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.