ქართველი 19-წლამდელების კარგი შანსი

AutoSharing Option
19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ჯგუფში დღეს გადამწყვეტი მატჩებია. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდმა სასტარტო ტურში საბერძნეთი 1:0 დაამარცხა, მეორე მატჩში კი ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან 0:3 წააგო.

აღსანიშნავია, რომ 13 ჯგუფიდან ელიტრაუნდში ორი გამარჯვებული და პლუს 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. დასკვნითი ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის, სატურნირო მდგომარეობას აქვე გადავავლოთ თვალი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 2 1 1 0 5-2 4
2. საქართველო
2 1 0 1 1-3 3
3. საბერძნეთი 2 1 0 1 1-1 3
4. აზერბაიჯანი 2 0 1 1 2-3 1

დასკვნით ტურში ჩვენი გუნდი აზერბაიჯანს ხვდება, პორტუგალია კი საბერძნეთს ეთამაშება. ორივე წყვილი მეორე მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ელიტრაუნდში გასვლისთვის აზერბაიჯანთან ფრეც გვეყოს, მაგრამ მხოლოდ ამის იმედად ვერ ვიქნებით. მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა განაღდებული გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს 19-წლამდელებს გადამწყვეტ შეხვედრაში დაემატებათ "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, რომელმაც პირველი ორი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. გუნდს უნდა დამატებოდა ჯანო ანანიძეც, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ ქართულ მხარესთან შეთანხმება დაარღვია და 18 წლის ნახევარმცველს მოსკოვში უხმო.

ჭაბუკთა ნაკრების თავკაცის კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილის ხელშეწყობით მოვიპოვეთ:

"აზერბაიჯანთან ფრის შემდეგ პორტუგალიელებმა შემადგენლობაში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანეს. ჩვენ კი იგივე ფეხბურთელებით ვეთამაშეთ მასპინძლებს. ბერძნებთან მოგებულმა მატჩმა დიდი ენერგია წაიღო. სამწუხაროდ, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩვენს გუნდს დაღლილობა დაეტყო. ნახევარდაცვამ სუსტად ითამაშა, ჩემი დავალებები ვერ შეასრულა. ვიცოდით, რომ მასპინძლები ყველაფერს გააკეთებდნენ ელიტრაუნდში გასვლისთვის და ფრეც კი წარმატების ტოლფასი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და დავმარცხდით", - ასე აჯამებს პირველ ორ მატჩს გუცაევი.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენს გუნდს დასკვნით მატჩში ჭანტურია დაემატება. გუცაევი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა ამისა, მან უკვე ნახა აზერბაიჯანელთა თამაშის ჩანაწერები და საინტერესოა რას ფიქრობს მეტოქეზე:

"ჭანტურია ნიჭიერი ფეხბურთელია და ეტყობა, რომ ძლიერ უნდა, უფრო უკეთ წარმოჩნდეს. მართალია, მას ორი მატჩი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენ მიერ მიცემული ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა და იმედი მაქვს, მისი დამატება გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს... რაც შეეხება მეტოქეს, საბერძნეთთან ვნახეთ აზერბაიჯანის ნაკრების თამაში და უნდა გითხრათ, მეტოქე მოძრავი, ტექნიკური და მებრძოლი გუნდია. ელიტრაუნდში გასვლის შანსი აზერბაიჯანსაც აქვს და, რა თქმა უნდა, დასკვნით შეხვედრაში არაფერს დათმობს. თუმცა ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჯგუფიდან გასვლისთვის", - აღნიშნა ვლადიმერ გუცაევმა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული