არბიტრმა მატჩი ვერ დაასრულა...

AutoSharing Option
ფეხბურთში ბევრი არაორდინარული ამბავი მომხდარა, მაგრამ ის, რაც გუშინ "ლოკომოტივის" სტადიონზე ვიხილეთ, მილიონში ერთხელ ხდება. როცა ფეხბურთელთა შეცვლის ლიმიტი ამოიწურა, მოედანზე კიდევ ერთი შეცვლა განხორციელდა და ეს არ იყო შეცდომა - მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შესაცვლელი გახდა მთავარი მსაჯი ანატოლი ვიშნიჩენკო. 77-ე წუთზე (17-წლამდელებში ტაიმი 40-წუთიანია) დაეცა. თავიდან სტადიონზე მოსულმა 25 მაყურებელმა (დავთვალე) მიიჩნია, რომ სველ მოედანზე შემთხვევით წაიქცა და იხალისა. თუმცა ხალისი სიბრალულმა შეცვალა, როცა საწყალი არბიტრი ვერ წამოდგა და მოედნიდან სხვების დახმარებით გაიყვანეს. გაირკვა, რომ ვიშნიჩენკოს ფეხბურთელობის
დროს მიღებული ტრავმა გაუმეორდა.

...ცარიელმა ტრიბუნებმა მატჩის ხასიათი განაპირობა. მართალია, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა, მაგრამ დაძაბულ მატჩს სანახაობრივი არ ეთქმოდა, სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა.

პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მე-19 წუთზე ინგლისელთა კაპიტან ჩალობას რეიდი აღმოჩნდა, რომელმაც სამი მეტოქე ჩამოიტოვა და ტერგოტი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბრიტანელთა ნახევარმცველს პოლონელთა მცველმა დაასწრო და ვითარება განმუხტა. დასამახსოვრებელი მომენტი იყო კობილანსკის შორეული დარტყმაც.

მეორე ნახევარი ბევრად საინტერესო გამოდგა. 51-ე წუთზე იმავე კობილანსკის ჩახვეული კუთხურის შემდეგ ბრიტანელები გოლს მეკარე პიკფორდმა გადაარჩინა. ინგლისელებმა შეტევები გააძლიერეს და 61-ე წუთზე საწადელს მიაღწიეს - ტიპური ბრიტანული ფლანგური შეტევისას პოლონელები დაცვაში უხეშად შეცდნენ, კარის წინ მარტო დარჩენილი მორგანის დარტყმაზე ფრაკოვიაკმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, მაგრამ ტერგოტის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა - 0:1.

71-ე წუთზე მორგანს ინგლისელთა უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ მორგანს სიზუსტე დააკლდა.

მერე კი ის ეპიზოდი მოხდა, რაზეც თავში მოგახსენეთ. არბიტრი ანატოლი ვიშნიჩენკო მეოთხე არბიტრად გამწესებულმა ლაშა სილაგავამ შეცვალა, რომელსაც მატჩის შემდეგ კომენტარი ვთხოვეთ: "ასეთი შემთხვევა ბოლოს ევრო 2000-ზე მოხდა. ბელგია-თურქეთის მატჩის დროს დანიელი კიმ მილტონ ნილსენი დაშავდა და ის ავსტრიელმა მეოთხე არბიტრმა გიუნტერ ბენკომ შეცვალა. ბევრს ჰგონია, რომ მეოთხე რეფერი მხოლოდ ნომრების შეცვლითა და წვრილმანი საქმეებითა დაკავებული, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს როლი ტყუილად არ მოიგონეს. რაც შეეხება ვიშნიჩენკოს, მას ძველი ტრავმა ამინდისა და მოედნის გამო გაუმიზეზდა".

...საბოლოოდ, ინგლისელებმა 1:0 გაიმარჯვეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და საქართველოსთან ერთად ელიტრაუნდში გავიდნენ.

ჯონ პიკოკი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ძალიან რთული თამაში იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ და ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ჯგუფში ადგილები ლოგიკურად დალაგდა. საქართველომ ძალიან კარგად ითამაშა და მეორე ადგილი დაიმსახურა".


23.10. თბილისი. მ. მესხი. 25 მაყურებელი
პოლონეთი 0
ინგლისი 1
გოლი: 0:1 ტერგოტი (61)

პოლონეთი ინგლისი
4-4-2 4-5-1
ფრაკოვიაკი პიკფორდი
კეძიორა კუზინსი
რადეცკი ჯექსონი
ვიტი ჩალობა
ვილკი რეგანი
ვრონსკი სტერლინგი
კობილანსკი კოტონი
ბუბეკი ტერგოტი
ბიელი პაუელი
ბაგინსკი რედმონდი
ურიგა ჰოუპი
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. დორნა ჯ. პიკოკი

პოლონეთი
55. ურიგა - ნოვაკი
59. კობილანსკი - ზიელინსკი
68. ბუბეკი - დუტკო
სათადარიგოები: სმუგი, ლეგიერსკი, ფლისი, დანკოვსკი

ინგლისი
60. ჰოუპი - მორგანი
69. კოტონი - ჰენდრი
72. სტერლინგი - ფანიმო
სათადარიგოები: გარეტი, გექჰემი, მეგრი, მეპენი.

გაფრთხილება: სტერლინგი (10), კოტონი (35), კობილანსკი (59)
არბიტრი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი). ტრავმის შეცვალა ლაშა სილაგავამ (საქართველო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული