ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ გუნდის შეთამაშება სცადა, სათამაშო სქემები გამოსცადა და საინტერესო მოთამაშეებს დააკვირდა.
ჩივაძემ ახალწვეულებიდან "დიორ ეტოს" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი მერაბ (ბუკა) გიგაური გამოარჩია.
"ორივე ფეხბურთელი 1993 წელს არის დაბადებული და მიხარია, რომ ნიჭიერი ბიჭები გვეზრდებიან", - განაცხადა ახალგაზრდულის დამრიგებელმა "ლელოსთან" ინტერვიუში.
"ტორპედოს" 19 წლის ნახევარმცველს, მერაბ (ბუკა) გიგაურს ინტერვიუ ჩამოვართვით და სანაკრებო თამაშებზე,
- ავსტრიაში სამივე შეხვედრა ვითამაშე, ზოგი ძირითადში, ზოგიც - შეცვლაზე. ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი კი ალბანეთთან მქონდა, რომელთანაც ბოლო 30 წუთი ვითამაშე, აზერბაიჯანელებთან - მთელი მეორე ტაიმი, ბოლო თამაში მალაიზიასთან კი - ძირითადში. ეს მატჩი 7:1 კი მოვიგეთ, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სუსტი გუნდი იყო. უბრალოდ, ავსტრიაში გუნდი ისე ათამაშდა, რომ ერთმანეთს კარგად გავუგეთ და ბოლოს ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.
მოხარული ვარ, ბატონი საშა რომ მენდო, გამომიძახა და თამაშის საშუალება მომცა ნაკრებში, რომელიც ძალიან პერსპექტიული გუნდია.
- ჩივაძე ავსტრიაში შენი თამაშით კი არის კმაყოფილი, მაგრამ თავად რას გვეტყვი?
- ავსტრიაში ეს 10-დღიანი შეკრება საჭირო იყო და კმაყოფილი დავრჩი. ჩემს თამაშს კი სულ კრიტიკულად ვაფასებ. ვცდილობ, შეცდომები ვიპოვო, გამოვასწორო და უკეთ ვითამაშო, მაგრამ ბატონი საშას შექებამ ძალიან გამახარა და დიდი სტიმული გამიჩნდა.
- ავსტრიულ შეხვედრებს თემურ ქეცბაია დაესწრო. მართალია, თითქოს შენს გამოძახებას ეროვნულის ამხანაგურ შეხვედრაზე აპირებს?
- ქეცბაია თამაშებს მართლაც დაესწრო. ეროვნულში გამოძახებაზე კი ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი, მაგრამ ეროვნულში რომ გამომიძახოს, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამინი ვიქნები. ეს ჩემი და ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.
- ავსტრიაში ჩივაძემ რა პოზიციაზე გათამაშა?
- ჩემთვის ჩვეულ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად.
- აშკარაა, რომ პოლონურ "იაგელონიაში" დრო არ დაგიკარგავს, გაზრდილი და ათლეტური ჩამოხვედი. ასეთი რა ივარჯიშე და ისწავლე?
- პოლონეთში სულ სხვა დონეა, სულ სხვა გარემოა და ეს ყველაფერი მომიხდა. იქ ვარჯიშის მეტს არაფერს ვაკეთებდი და სულ რეჟიმში ვიყავი. ალბათ, ჩემი წინსვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის.
- უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოთამაშეებს ენთუზიაზმი უქრებათ. შენ ეს არ გეტყობა - თავს რას უხერხებ?
- ცხადია, პოლონეთში თამაში საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლას სჯობია, მაგრამ ჩემი კარიერა ამით კი არ მთავრდება. ალბათ, ასე იყო საჭირო და ჩამოვედი. პირიქით, 19 წლის ვარ და ყველაფერი ახლა იწყება.
"ტორპედოშიც" მშვენიერი გარემო დამხვდა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოში თამაში რომ მიხარია. ბევრს ვვარჯიშობ, რეჟიმში ვარ და არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ევროპიდან ჩამოსულს გული რომ ამიცრუვდეს. უკეთეს გუნდში წასვლა რომ შეძლო, მეტიც უნდა მოინდომო.
- შენი აზრით, საჩემპიონო ბრძოლაში "ტორპედოს" რა შანსი აქვს?
- "დინამოსთან" ძალიან დაძაბული თამაში გვქონდა. უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლოს აშკარა პენალტი არ დაგვიდეს. ეს 3 ქულა რომ მოგვეპოვებინა, ჩვენი საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.
- ახლა ეს შანსი შემცირდა...
- არ ვამბობ, რომ შემცირდა, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ გვაქვს. ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, პირველზე რომ გავიდეთ და ვნახოთ, რა გამოგვივა, მაგრამ უმძიმესი თამაშები გველის. სამეულში მაინც უნდა მოვხვდეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ნაკრებს მიღმა არავინ დარჩება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიას გადაურბინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო