ელიტრაუნდის მასპინძლობა გამორიცხულია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატება ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მოვლენაა და ამიტომაც ამ თემას საკმაოდ ხშირად შევეხებით ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ელიტრაუნდში ითამაშებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს.
ელიტრაუნდის წილისყრა რამდენიმე დღეში ჩატარდება და გავიგებთ, ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება. როგორც იცით, ფინალურ ეტაპს გაისად მაისში სერბეთი უმასპინძლებს, რომელიც ბუნებრივია, შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია. ელიტრაუნდში გასული 28 ნაკრები კი 7 ჯგუფად დაიყოფა. სერბეთში თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.

პირველ შესარჩევ ეტაპზე კი
ერთის გარდა, თამაშები ყველა ჯგუფში დასრულდა, მაგრამ იმ ერთშიც ყველაფერი გარკვეულია. გამოსავლენია ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ელიტრაუნდში გასულ სხვა გუნდებს და შესაბამისად, საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეებს კი ახლავე წარმოგიდგენთ:

საბერძნეთი, ხორვატია, გერმანია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია, პორტუგალია, ჩრდილოეთ ირლანდია, რუმინეთი, ბელარუსი, ისლანდია, თურქეთი, დანია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, უკრაინა, შვეიცარია, შოტლანდია, ესპანეთი, რუსეთი.

თბილისში ჩატარებული ჯგუფის გამარჯვებული ინგლისი ელიტრაუნდში საქართველოს მეტოქე ვეღარ იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ელიტრაუნდის თბილისში ჩატარება გამორიცხულია, რადგან უეფა ზედიზედ ორი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობას კრძალავს.

უეფამ ევროპის 17-წლამდელთა მომავალი ჩემპიონატის მასპინძელი და რეგლამენტიც დაადგინა. 2012 წლის მაისში კონტინენტის პირველობას სლოვენია უმასპინძლებს, პირველი შესარჩევი რაუნდის წილისყრა კი 30 ნოემბერს გაიმართება. თვით პირველი ეტაპი გაისად ოქტომბერში ჩატარდება.

გუნდები მხოლოდ ორ კალათად არიან დაყოფილნი – თითოეულ ჯგუფში ორი ნაკრები პირველი კალათიდან მოხვდება, ორიც – მეორიდან. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში აღმოჩნდა, თანაც მდევრებს იქ ერთი ნაბიჯით შეასწრო. 52 ნაკრებისგან შემდგარ რეიტინგში 26-ე ადგილი დავიკავეთ. ზედა ნახევარში კი იმიტომ აღმოვჩნდით, რომ ბოლო წლებში ჩვენი 17-წლამდელები ელიტრაუნდში სისტემატურად გადიან.

გადავხედოთ პირველი კალათის შემადგენლობას, საიდანაც ჩვენი მეტოქე ერთი გუნდი იქნება: ესპანეთი, ინგლისი, შვეიცარია, ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ხორვატია, პორტუგალია, ჩეხეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, უელსი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, შვედეთი.

მეორე კალათა, საიდანაც ორი მეტოქე მოწინააღმდეგე შეგვხვდება: ფინეთი, დანია, ისრაელი, ლუქსემბურგი, რუსეთი, ბელარუსი, ბოსნია, აზერბაიჯანი, უკრაინა, ესტონეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ისლანდია, მოლდოვა, მაკედონია, მალტა, ლიტვა, ანდორა, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, ჩერნოგორია, სომხეთი, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, სან მარინო.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ის გუნდი დაიცავს, რომელსაც ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს და ამჟამად 16-წლამდელთა ნაკრების სტატუსი აქვს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული