გაბრიელ თებიძე დანიურ "ვიბორგთან" თათბირობს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე გაბრიელ თებიძე დანიაში გაემგზავრა და მენეჯერის დახმარებით, მოლაპარაკებას იქაურ "ვიბორგთან" აწარმოებს.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გუბაზ დოლიძის "იბერია 2010-ში" ვვარჯიშობდი და ველოდებოდი, რომელიმე გუნდი თუ მიმიწვევდა. ბოლოს დანიური ვარიანტი გამოჩნდა.

ჯერ ვერ ვიტყვი, რომ საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ მოლაპარაკებები დაწყებულია და შედეგი მალე მეცოდინება",
- ამბობს თებიძე.

ერთი ხანობა, თებიძე რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა, მერე "ჩიხურაში", ბოლოს კი, როგორც თავად თქვა, გუბაზ დოლიძესთან "იბერია 2010-ში" ვარჯიშობდა, მაგრამ ნიჭიერი მეკარით, რომელმაც საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში 14 ოფიციალური
შეხვედრა ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, არც ერთი ქართული გუნდი სერიოზულად არ დაინტერესებულა - 18 წლის ახალგაზრდა უგუნდოდ იყო...

თუ თებიძის საკითხი გასარკვევია, ახალ კლუბში უკვე ჩაირიცხა 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე. ამ საყრდენ ნახევარმცველს კონტრაქტი რუსთავის "მეტალურგთან" აქვს გაფორმებული, მაგრამ იქ ძირითადში ვერ ხვდებოდა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით წასვლა ამჯობინა.

"რუსთავში სკამზე ჯდომით ვერ გავიზრდებოდი, მე თამაში მსურდა. ახლახან თბილისის "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა, რომელმაც მიმიწვია და ექვსთვიანი კონტრაქტიც გავაფორმე", - ამბობს ცნობილაძე.

მართალია, ნიკა ჭანტურიას "ვიტესში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი გვეგონა, მაგრამ ის ჯერ კიდევ საქართველოშია და უცნობია, გააგრძელებს თუ არა კარიერას არნემულ კლუბში, სადაც სამი ქართველი თამაშობს.

ამავე დროს, ჭანტურიას ახალ კონტრაქტს ქუთაისის "ტორპედო" სთავაზობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული