ფიქრები ქართულ ფეხბურთზე: მარადიული პრობლემა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის სადებიუტო ციკლი (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) მესამე ადგილზე დაასრულა და ეს შედეგი მაშინ... წარუმატებლობად შეფასდა!

ამას ის მოჰყვა, რომ მომდევნო შესარჩევის ორი საწყისი მატჩის წაგების გამო ჩვენი ნაკრების იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს ალექსანდრე ჩივაძეს, ცალკე - გულშემატკივრებისგან, ცალკე კი - ქართული მედიისგან, ობსტრუქცია და კრიტიკა დაატყდა თავს: ეგ, როგორ, იტალიასთან (სტუმრად) და ინგლისთან (შინ) როგორ უნდა ვაგებდეთო?..

აი, ასეთი, აშკარად ობიექტურობას მოკლებული განწყობა გვქონდა ყველას დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის პირველ წლებში; თუმცა, მერე და მერე, რეალობას
"თვალებში ჩავხედეთ" და შესარჩევ ციკლში მესამე ადგილს კი არა, იმას ვნატრობთ, როგორმე ბოლო ადგილს ავცდეთ...

...ჰოდა, ამიტომაც არის, რომ ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების ადგილი პირველ... ასეულში აღარ "გამოიძებნა" და როდემდე გაგრძელდება ასეთი ვარდნა (გნებავთ, "თავისუფალი" დაარქვით, გნებავთ - "აჩქარებული"), ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ მოგცემთ. თანაც, როგორ გგონიათ, ქვემოთ და ქვემოთ მხოლოდ ეროვნული ნაკრები მიექანება? იგივე კი არა, ბევრად უფრო კატასტროფული სიტუაციაა საქართველოს ახალგაზრდულ (21-წლამდელთა) ნაკრებშიც, რომლისთვისაც, დღიდან დაარსებისა, შესარჩევი ციკლი... სამი-ოთხი ტურის მერე მთავრდება ხოლმე.

არადა, ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ ახალგაზრდულისგან უნდა მიიღოს შევსება და, ერთი შეხედვით, ასეც ხდება (თანაც, სწორედაც რომ სადებიუტო ციკლიდან მოყოლებული), მაგრამ, წმინდა საფეხბურთო ასპექტებსა და ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების დონეებს შორის სხვაობის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც: ანუ, ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებულ ქართველ ახალგაზრდათა უმრავლესობა უკვე ისეა მიჩვეულ-დაჩვეული ოფიციალურ შეხვედრებში წაგებებს, რომ უფრო მაღალ დონეზე "გადართვისას" ერთი-ორად უძნელდება "დამარცხებულის მენტალიტეტის" დაძლევა თუ დავიწყება.

რასაც ვერავინ წაგვართმევს, და რასაც სხვადასხვა დროს საქართველოში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები ხმამაღლა ამტკიცებდნენ, ნიჭიერი ახალგაზრდებია, ამ ოცი წლის განმავლობაში თითქმის ყველა თაობაში მრავლად რომ იყვნენ, არიან და იქნებიან კიდეც; თუმცა, ქართული ფეხბურთის უკვე მართლაც მარადიულ პრობლემად იქცა ამ ახალგაზრდების ნიჭის (გნებავთ - საფეხბურთო შესაძლებლობების) სწორი მიმართულებით წარმართვა, რაც, რაღა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების კარიერულ წინსვლასაც ხელს შეუწყობდა და, რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ, ქართულ ფეხბურთს წაადგებოდა!

მით უმეტეს, რომ ნიჭიერების გარდა, ჩვენი ჭაბუკები, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ ბოლო დროს უკვე შედეგებითაც გვანებივრებენ: აბა, შეიძლება შემთხვევითობა იყოს ის ფაქტი, როცა ერთ-ერთი ჩვენი ასაკობრივი ნაკრები ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის (სადაც კონტინენტის 8 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს) საგზურს მოიპოვებს, შემდეგ კი სულაც ნახევარფინალში გავა?!.

თუმცა, რად გინდა: ჩვენი ჭაბუკების თანატოლი ფეხბურთელების უმრავლესობა ერთ-ორ წელიწადში ამა თუ იმ წამყვანი საფხებურთო ქვეყნის ასევე წამყვანი გუნდების ძირითად შემადგენლობაში მკვიდრდებიან, აი, ქართველი ახალგაზრდების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კი დუბლშემადგენლობასა თუ, უკეთეს შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მონაწილეობით კმაყოფილდება...

ჩვენ ჩვენსაზე ვიდარდოთ...
ჰო, მართლაც ქრონიკულ პრობლემას მივადექით, რასაც ნიჭიერი ქართველი მოთამაშეების შესაძლებლობების სწორი მიმართულებით წარმართვა ჰქვია; აი, შარშანდელი თუ წლევანდელი მაგალითები გავიხსენოთ: ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ჯერ იყო და პირველი სიურპრიზი მაშინ შემოგვთავაზა, როცა თბილისში ჩატარებულ ელიტ-რაუნდში ინგლისის, ესპანეთისა და უკრაინის ნაკრების კამპანიაში ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, თუმცა, ეს მართლაც "ტკბილი ზღაპარი" ფინალურ ეტაპზეც გაგრძელდა, როცა ჩვენი ჭაბუკები ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდნენ!

თითქმის იგივე გზა გაიარა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით გუნდმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა, მერე უკვე ახალი მწვრთნელის, გია ცეცაძის დამოძღვრილმა გუნდმა კი ელიტ-რაუნდში ივაჟკაცა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა! თანაც, გადამწყვეტი მატჩი მასპინძელ ბელგიას ხომ მოუგო, მანამდე არანაკლებ დასამახსოვრებელი იყო 9 კაცით (!) მოთამაშე საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი მოგება შოტლანდიასთან (3:1)!

სამწუხაროდ, ფინალურ ეტაპზე, ამ ზაფხულს ლიტვაში რომ ჩატარდა, შარშანდელი შედეგი ვერ გამეორდა, მაგრამ ამაზე ენა ვის უნდა მოუბრუნდეს; თუმცა, ამ შემთხვევაში შედეგი მართლაც მეორეხარისხოვანია: ორი წელიწადი რომ გვანებივრებენ ჩვენი ჭაბუკები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებებით, რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია, მაგრამ ამ ფეხბურთელებიდან რამდენმა შეძლო თავის გუნდის ძირითადში დამკვიდრება?

უკაცრავად, ალბათ, ეს კითხვა ამდაგვარად უნდა დაგვესვა: საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელთაგან ამა თუ იმ ქართულ კლუბში რამდენს მისცეს თავის გამოჩენის შანსი?

არადა, რაც უნდა ნიჭიერი იყოს ფეხბურთელი, სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნება და ნელ-ნელა თუ არ მიაჩვიე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშსა და თამაშს, მერე იმის შესაძლებლობების წარმოჩენა როგორ უნდა მოხდეს?

ამის პარალელურად კი ქართველი ჭაბუკების რამდენიმე უცხოელი თანატოლის მაგალითი გვინდა მოვიყვანოთ, რომელთა წინააღმდეგაც შარშან და წლეულს უწევდათ დაპირისპირება და არც არაფერში ჩამოუვარდებოდნენ, ოღონდ, სხვაობა ის არის, რომ იგივე ინგლისელი რაჰემ სტერლინგი უკვე მეორე სეზონია "ლივერპულის" ძირითადში ასპარეზობს, სერბი ალეკსანდრ მიტროვიჩი "ანდერლეხტის" შეუცვლელი ფეხბურთელია, საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლაპორტი "ბილბაოს" დაცვის ცენტრის ბურჯია, ფრანგი იასინ ბენზია ამ ბოლო დროს კრიზისში მყოფი "ლიონის" ერთ-ერთი ნათელი წერტილია, ასევე ფრანგ ჭაბუკს ედრიენ რაბიოს კი თითქმის ყოველ მატჩში ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება უცხოელი ვარსკვლავებით გადაძეძგილ "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში!

კიდევ ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ ჩვენსაზე ვიდარდოთ...

მომავალზეც უნდა ვიფიქროთ
...ერთი თვეც არ არის გასული, საქართველოს 19-წლამდელთა (ახალი ფორმაციის) ნაკრებმა ერთმანეთზე უკეთესი სამი ლამაზი სანახაობა რომ გვაჩუქა: ვასილ მაისურაძის დამოძღვრილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უელსელ, მოლდოველ და ჰოლანდიელ თანატოლებს ისე დამაჯერებლად და, რაც მთავარია, ისე ლამაზ სტილში მოუგო, გულგრილს ვერავის დატოვებდა!

ჰო, მართლაც რომ მოგვენატრა ქართველი ფეხბურთელებისგან სწრაფი, კომბინაციური, სანახაობრივი და შედეგიანი თამაშით სიამოვნების მიღება! მერე, გოლებიც ისეთი გაჰქონდათ ჩვენს ჭაბუკებს, ერთი-მეორეზე უკეთესი სანახავი იყო: გააზრებული მრავალსვლიანი კომბინაციების შედეგადაც და ასაკთან შეუფერებელი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზეც!

ჰოდა, შეიძლება, რომ ასეთმა, მართლაც უნიჭიერესმა თაობამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშოს? მაგრამ, იმათი ნიჭი როგორ უნდა განვითარდეს, თუ დუბლებისა და, უკეთეს შემთხვევაში, პირველი ლიგის დონეს ვერ გასცდებიან?

არადა, უმაღლესი ლიგის ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელისა თუ მწვრთნელის პოზიციაც, მეტ-ნაკლებად გასაგებია (სასურველი შედეგის მისაღწევად აქცენტს გამოცდილ ფეხბურთელებზე რომ აკეთებენ), მაგრამ მომავალზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? არადა, უკვე მეორე წელიწადია საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ინიციტიავას ჩვენც მივესალმებით, მაგრამ, რად გინდა: უმაღლესი ლიგის კლუბების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგი წავიდა ყოველ კალენდარულ მატჩში 18 წლის ორი ფეხბურთელის მონაწილეობის იდეას!

ასეთი პრაქტიკა ადრე, საბჭოთა კავშირის პირველობის დროს იყო, როცა II ლიგის გათამაშებაში ყველა გუნდი ვალდებული იყო ძირითადში ეთამაშებინა 18 წლის ფეხბურთელი და მისი შეცვლაც მხოლოდ თანატოლს შეეძლო. სხვათა შორის, თემურ ქეცბაიაც ასე გაიცნო ქართულმა საფეხბურთო სამყარომ, როცა 18 წლის ასაკში სოხუმის "დინამოში" გამოჩნდა, ისე როგორც კახა ცხადაძე - რუსთავის "მეტალურგში", გია გურული - ბათუმის "დინამოში" და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, აზერბაიჯანის ჩემპიონატში უკვე მეორე სეზონია ახლებულ რეგლამენტზე გადავიდნენ: ყველა გუნდი ვალდებულია ძირითად შემადგენლობაში სამი ადგილობრივი ფეხბურთელი ათამაშოს პლუს ერთიც, 19-წლამდე ასაკის ასევე ადგილობრივი მოთამაშე.

მოგეხსენებათ, აზერბაიჯანულ კლუბებს ფინანსურად ნამდვილად არ უჭირთ, მაგრამ ლეგიონერთა მოზღვავებამ და ნაკრების ქრონიკულმა წარუმატებლობებმა ამ ქვეყნის ფეხბურთს მესვეურთ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.

ჰოდა, გარკვეული წინსვლა იგრძნობა კიდეც: აზერბაიჯანის ეროვნული თუ ახალგაზრდული ნაკრები უკვე აღარ მიიჩნევიან ყველა მატჩში წინასწარ განწირულ აუტსაიდერად და შინ თუ სტუმრად თავისზე ბევრად ძლიერ მეტოქეებთან ქულების აღებაც დაიწყეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აზერბაიჯანის ნაკრები ფიფას რეიტინგში ჩვენზე მაღლა იმყოფება!..

ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აკობიას ხელსჰი გინდატ გაიზარდონ ტავს ნუ ვისულელებტ
givi
10:28 06-01-2014
0
კარგი სტატიაა, მაგრამ ნახევარი სიმართლე საქმეს ვერ უშველის. გამახსენდა იტალიელი მომღერალი ბავშვი - რობერტინო, რომელიც მართლაც საოცრება იყო, მაგრამ ზედმეტმა "დატვირთვებმა" ხმა დააკარგვინა. დროა მივხვდეთ, რომ გადაწვრთნა და ზედმეტი დატვირთვები მცირე ასაკში იძლევა შედეგს, მაგრამ ზრდასრულობაში შანსს აღარ უტოვებს ქართველ ფეხბურთელს!
guja_kakhadze
13:56 14-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული