ნოდარ აკობია: ელიტრაუნდისთვის მეც იმედიანად ვარ და ბიჭებიც

AutoSharing Option
30 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია ჟურნალისტებს შეხვდა და მინსკის საერთაშორისო ტურნირის შეჯამებასთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

პრესკონფერენციას ნაკრების კარის დარაჯი, მინსკის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარებული ოთო გოშაძეც ესწრებოდა.

ნოდარ აკობია:
"მინსკის ტურნირამდე, ერთი კვირა თბილისში ვემზადებოდით. ჯგუფში ჩვენი მოწინააღმდეგეები - ყაზახეთისა და ირანის ნაკრებები იოლად დავამარცხეთ.

მეოთხედფინალში რთული თამაში გვქონდა ლიტვასთან. მოწინააღმდეგეს ფეხბურთის თამაშზე არც უფიქრია, საკუთარ კარში ჩასხდნენ და მატჩის პირველივე წუთებიდან დრო გაჰყავდათ. ჩვენს კარში საერთოდ არ დაურტყამთ. ჩვენ კი
ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ამის გამო ბიჭები თანდათან ანერვიულდნენ. პენალტების სერია კი წავაგეთ.

ამის შემდეგ შევხვდით ფინეთის ნაკრებს, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო და 2:0 დავამარცხეთ. ბოლო მატჩი კი ისევ ირანელებთან ვითამაშეთ, რომლებმაც ამ შეხვედრაში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ.

ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო და კარგი გუნდებიც მონაწილეობდნენ. გამოვარჩევ რუსეთის, უკრაინის, ლატვიისა და ფინეთის ნაკრებებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვინდოდა რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებთან თამაში. საქართველოს ნაკრები ყველას მოსწონდა და პირად საუბრებში, იგივე, რუსეთისა და უკრაინის მწვრთნელებიც ამბობდნენ, რომ აინტერესებდათ ჩვენთან თამაში.

სხვათა შორის, რუსეთის ნაკრებში ორი ქართველი თამაშობდა - მელქაძე და ყიფიანი, რომლებიც აშკარად გამორჩეულები იყვნენ თავიანთ გუნდში. მე ძალიან მომეწონა მელქაძე. ის მოსკოვის "სპარტაკის" ასაკობრივი გუნდის კაპიტანია. ეჭვიც არ მეპარება, ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებში (უფროსებშიც კი) ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა.

საბოლოოდ, ჩვენ საუკეთესო მეკარის პრიზი გვერგო. ოთო გოშაძემ, როგორც ყოველთვის, სტაბილურად და დამაჯერებლად ითამაშა. 5 გოლი გაიტანა გიორგი ჯობავამ და მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩა ბელორუს ფეხბურთელს.

რაც შეეხება ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ ეტაპს, 13 და 15 თებერვალს თბილისში ყაზახეთის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებს ვეთამაშებით. მართალია, ნაკრების ძირითადი ბირთვი არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ, ნაკრების სხვა კანდიდატებს გამოვცდით და თავის გამოჩენის შანსს მივცემთ. მარტში კი, ელიტრაუნდზე წასვლამდე, დასკვნით შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გავივლით, რადგან მოსამზადებლად იქ იდეალური პირობებია.

ვფიქრობდით შეკრების ანტალიაში გავლას, მაგრამ სპარინგ-პარტნიორების თემამ ცოტა ჩაგვაფიქრა. აქ კი გარანტირებულად ვეთამაშებით "საბურთალოს", "ლოკომოტივს", "დინამოს"... და შემდეგ თბილისიდან პირდაპირ გავემგზავრებით სერბეთში.

ჩვენი მეტოქეების ვიდეოჩანაწერები გვაქვს და ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ასაკში. ძალიან რთული მატჩები გველის, მაგრამ მეც იმედიანად ვარ განწყობილი და ბიჭებიც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს..."

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
გჯერათ ამათი?
0
წარმატებები პატარებს, პესიმისტებმა კი დაახვიეთთ, ბიჭებს ეხლა გვერდში დგომა უნდათ
puma
20:38 30-01-2014
0

სიახლეები პოპულარული