გიორგი დევდარიანი: ევროპაზე გასვლის გარანტიას ვერავინ მოგცემთ

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს. გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.


მატჩის წინა დღეს, 28 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მონაწილე ნაკრებთა (საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი) მთავარმა
მწვრთნელებმა პრესკონფერენცია ერთად გამართეს. ცხადია, იყო ასეთ დროს მიღებული და ტრაფარეტული ფრაზები - ურთიერთქათინაურები, ტრადიციული მადლობა მასპინძლობისთვის და ასე შემდეგ, რაც ნამდვილად გულწრფელად ჟღერდა.


19-წლამდელთა ელიტრაუნდის მონაწილე გუნდების დამრიგებელთა პრესკონფერენციაზე, ბუნებრივია, ყველაზე მეტი კითხვა გიორგი დევდარიანს დაუსვეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მომავალ შეხვედრებსა და მეტოქეებზე ფრთხილი ოპტიმიზმით ილაპარაკა:

- დავეთანხმები კოლეგებს, რომ წილისყრამ ძალიან მძიმე ჯგუფში მოგვახვედრა. აბსოლუტურად ყველა მოწინააღმდეგე ანგარიშგასაწევი ძალაა და ვერ ვიტყვი, რომ ფინალურ ეტაპზე უფრო ძლიერი მეტოქეები იქნებიან. ეს მინი-ტურნირი ჩვენი ნაკრების მოთამაშეებისთვის კარგი გამოცდილება იქნება. ვნახავთ და შევაფასებთ, ამჟამად რა დონეზე ვიმყოფებით.

- როგორ მოემზადა ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდისთვის? იმედიანად თუ ხართ?
- ადრეც ვთქვი, რომ იდეალური მოსამზადებელი პერიოდი არ გვქონია, რადგან თასის ფინალმა და პლეი ოფის მატჩებმა კვალი დაგვატყო. ამის გამო ნაკრებს გვიან შემოუერთდა კიტეიშვილი, ისევე, როგორც ჭანტურია.

საერთოდ ვერ გამოვიძახეთ არაბიძე, რადგან პლეი ოფის გამო გუნდთან ერთად ერთი დღეც არ უვარჯიშია და ასეთ რთულ ვითარებაში ვერ ვენდე. არადა, ის გუნდში უნდა ყოფილიყო...

ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი არც ერთი ნაკრების მწვრთნელი გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გარანტიას ვერ მისცემს.

უიმედოდ რომ ვიყო, ახლა აქ არც ვიქნებოდი. შევეცდებით, აზრიანი და ღირსეული ფეხბურთი ვაჩვენოთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ თითოეული ფეხბურთელი ამ ტურნირის მნიშვნელობას აცნობიერებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული