U21. ესპანეთი-საქართველო 5:0 - ძალიან შორს თანამედროვე ფეხბურთისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯგუფის ფავორიტ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან საგარეო მატჩს ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები სოლიდური დანაკლისით შეხვდა. კაპიტანი ოთარ კაკაბაძე და ლიდერი მათე ცინცაძე ეროვნულ გუნდში არიან, გიორგი აბურჯანიამ კი ალმერიული მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა. იყო რამდენიმე ტრავმაც.

ესპანეთმა ზედ თამაშის წინ მოისაკლისა ერთ-ერთი ლიდერი მაიორალი. ალბერტ სელადესმა თადარიგში გაამწესა ბარსელონელი მუნირ ელ ჰადადი, რაც, ერთი შეხედვით, მოულოდნელი იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ესპანელთა უპირატესობით დაიწყო. პირენეელებმა თავიდანვე მოიხელთეს ბურთი. აშკარა საგოლე მომენტებამდე კი თავიდან საქმე არ მისულა. პირიქით, ქართველებმა რამდენჯერმე აანერვიულეს
ადგილობრივი პუბლიკა.

მე-10 წუთზე გიორგი პაპუნაშვილს აუცდა დარტყმული. მერე ნიკა კაჭარავამ დაჯაბნა ორი ესპანელი მცველი, თუმცა მახვილი კუთხიდან მეკარე არისაბალაგას ვეღარ აჯობა...

ეს იყო და, ესპანელებმა ჭკვიანურად გათამაშებული "სტანდარტულიდან" გაგვიტანეს. მარკო ასენსიომ შენიშნა კარგად გახსნილი ჟერარ დეოლოფეუ და "ევერტონის" ნახევარმცველმა გამოზომილი დარტყმით აიღო ქართველთა კარი.

ტაიმის მეორე ნაწილში პატარა "ფურია როხამ" შედარებით მოუჭირა მარწუხებს და 32-ე წუთზე იმავე დეოლოფეუმ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 2:0.

ზოგადად, ფეხბურთისთვისაა კარგი, რომ მართლაც უდიდესი ტალანტი იწყებს ჯერ კიდევ წლების წინ გაცემული ავანსების გამართლებას, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, მისი აღმასვლა თბილისურ და ალმერიულ მატჩებს არ დამთხვეოდა. დეოლოფეუ თბილისურ მატჩშიც საუკეთესო იყო...

პირველი ტაიმის ბოლოსთვის ჩივაძის შეგირდებმა ორჯერ შეაწუხეს ესპანელთა მეკარე. მე-40 წუთზე ბურთი ნიკა კაჭარავამ მოიგდო და გიორგი პაპუნაშვილს გაატანა. ამან კარგი პასი შეაყოლა საბა ლობჟანიძეს, რომლის დარტყმულს არისაბალაგა ადგილზე დახვდა და იქვე, მეორე მცდელობაც განმუხტა.

41-ე წუთზე კი ესპანეთის ნაკრები მეკარემ აშკარა გოლისგან იხსნა გიორგი ფანცულაიას დარტყმის შემდეგ, რომელიც ეფექტურ კომბინაციას აგვირგვინებდა.

ქართველებს ბურთის დაჭერა და შეტევის წამოწყება არ გამოსდიოდათ. გამონაკლისი იყო ეპიზოდი ინიაკი ვილიამსის გოლის (3:0) შემდეგ, როცა პაპუნაშვილის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

მერე და მერე ჩვენი გუნდი სულ უფრო მოიშალა და ესპანელებმა ხუთამდე აიყვანეს სხვაობა. მეხუთე ლურსმანი დეოლოფეუმ ჩაგვაჭედა, რომელმაც ჰეთ-თრიკი მიითვალა.

აღარც კი ვიცით, რა ვთქვათ და რა დავწეროთ. ისედაც ყველაფერი ცხადია. ჩვენგან თანამედროვე ფეხბურთი ძალიან შორსაა, ვერც ფიზიკურად და ვერც ტაქტიკურად ვერ ვართ მზად.

ეს ჩვენი ოდინდელი სენია, რომლის დაძლევას პირი არ უჩანს...

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი
12.11. ალმერია. "ესტადიო დელ მედიტერანეო"
ესპანეთი-საქართველო 5:0
გოლები: 1:0 დეოლოფეუ (17), 2:0 დეოლოფეუ (32), 3:0 ვილიამსი (54), 4:0 სებალიოსი (65), 5:0 დეოლოფეუ (80)
ესპანეთი (4-1-4-1): არისაბალაგა - მანკილიო, ჯონი, დუარტე, გაია - როდრიგესი (67. კამარასა) - დეოლოფეუ, ასენსიო, ტორესი, სუარესი (56. სებალიოსი) - ვილიამსი (72. ელ ჰადადი).
სათადარიგოები: პაუ, ვალიეხო, ნოელი, მერე
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
საქართველო (4-3-2-1): ქურდაძე - გეგეჭკორი, გადრანი, დვალი, უბილავა - ფანცულაია (46. შულაია), ცნობილაძე, ლობჟანიძე (62. ქოჩლაძე) - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი - კაჭარავა (78. კერძევაძე).
სათადარიგოები: მიქავა, ენდელაძე, რ. ჭანტურია, მარგველაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: შულაია (50), გაია (80)
არბიტრი: ხ. ნიკოლაიდესი (კვიპროსი).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 4 4 0 0 12-0 12
2. ესპანეთი 4 3 1 0 13-3 10
3. შვედეთი 3 2 1 0 9-1 7
4. საქართველო 5 2 0 3 8-11 6
5. სან მარინო 5 0 1 4 0-13 1
6. ესტონეთი 5 0 1 4 0-14 1

უახლოესი მატჩები
15 ნოემბერი
სან მარინო-ესტონეთი

17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი
ხორვატია-ესპანეთი

"ესპანურმა ძალამ ქართული აღმართი მოხნა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
იმენნა ჩვენი დაცვა გაათახსირეს ესპანელებმა!!! ან რა არის მეკარეს მარჯვენა გვერდი ტკიოდა?! უკვე U17- დან უცხოელი მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელია საჭირო!!
khai taraqunem respublik
19:33 13-11-2015
0
Zogadad zal shors vart yvelafershi fexburti gamonaklisi ver gaxdeba...
ruis
19:03 13-11-2015
0

სიახლეები პოპულარული