ახალი მწვრთნელები: ერთისთვის ომი, მეორისთვის სპეცოპერაცია

AutoSharing Option
ფოტოზე: ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი
გუშინ, 13 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცეს. 17-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა ვასილ მაისურაძემ, რომელიც მანამდე 19-წლამდელებში მუშაობდა. ამ ნაკრებს კი მის ნაცვლად გიორგი ყიფიანი გაწვრთნის. ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე აღარ ავარჯიშებს, თუმცა მისი შემცვლელის ვინაობა ჯერაც უცნობია.

სამწვრთნელო ცვლილებებზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ილაპარაკეს.

ლევან კობიაშვილი: "ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება დასრულდა. საბოლოოდ, კვირის ბოლოს ყველაფერს გაეცნობით. გასარკვევი მხოლოდ
ახალგაზრდული ნაკრების საკითხია.

იყო თუ არა გია გეგუჩაძე კანდიდატი? ჯერ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და საკითხი ღიად რჩება.

ველაპარაკე 17-წლამდელების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გოჩა ავსაჯანიშვილს. მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე და ჩვენი გადაწყვეტილების მოტივი ავუხსენი. ცვლილებები აუცილებელია, სულ ერთი და იგივე ხალხი რომ არ მუშაობდეს. შანსი სხვებსაც უნდა მივცეთ".

კახა ჭუმბურიძე: "ავსაჯანიშვილი არ გაგვიშვია, მას კონტრაქტი დაუმთავრდა. ასე რომ ვთქვათ, მაშინ მაისურაძეც მოვხსენით, რადგან ის 19-წლამდელებში აღარ იმუშავებს. მაგრამ ის 17-წლამდელებში წარმატებული იყო და ეს ნაკრები ამიტომ ჩავაბარეთ.

ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ისაა, რომ მწვრთნელების დანიშვნა ახალი საფეხბურთო ხედვით გვსურდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ზოგიერთი ნაკრების შედეგითა და მწვრთნელით უკმაყოფილოები ვიყავით. ახალგაზრდულში ვინ დაინიშნება, მალე შეიტყობთ...

მაისურაძეს ყველაზე კარგი შედეგი 17-წლამდელებში ჰქონდა - 2012 წელს მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. მიმაჩნია, რომ მისი ამ ნაკრებში დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

გიორგი ყიფიანი კი ახალგაზრდა სპეციალისტია, მუშაობდა ბოლნისის "სიონში", "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგში", ბოლო წლებში კი - ისრაელში აგრძელებდა სამწვრთნელო საქმეს. ვფიქრობ, მისი მიდგომა და გამოცდილება 19-წლამდელებში გამოგვადგება".

ვასილ მაისურაძე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასაკის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. ამ ასაკს კარგად არც ვიცნობ, მაგრამ სამ დღეში გუნდი მინსკში გაემგზავრება, სადაც 17-24 იანვარს საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი მეტოქეები უკრაინა, მოლდოვა და ფინეთი იქნებიან.

ეს ტურნირი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. შვიდ დღეში ხუთ თამაშს ჩავატარებთ. მეტი ფეხბურთელი მიგვყავს და ვეცდებით, ფეხბურთელების გასაცნობად და შესასწავლად ყველა ვათამაშო. ეს მოსამზადებელი ეტაპია...

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები 15-20 მარტს თბილისში გაიმართება. მომავალი ელიტრაუნდები ძალიან რთული იქნება როგორც 19-წლამდელთა ნაკრებისთვის, ისე 17-წლამდელებისთვის. ჩვენი მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია არიან.

გიორგი ყიფიანისთვის ეს არის ომი, ჩემთვის - სპეცოპერაცია. მას მოუწევს სერიოზული ჭიდილი. ესპანეთთან და ინგლისთან ჩემს ნაკრებებს უთამაშია და წარმოდგენილი მაქვს, რა დონის გუნდებს შეხვდება. ჩვენი შანსები გაცილებით დიდია, რადგან ფინალურ ეტაპზე ჩვენგან ორი გუნდი გადის, 19-წლამდელებში კი - მხოლოდ გამარჯვებული.

რა თქმა უნდა, ეს არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ჩემი გუნდი მოტივირებული და გამარჯვებისთვის მომართული იქნება...

ელიტრაუნდისთვის კარგად მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად მხოლოდ ერთი ტურნირი არასაკმარისია. ამიტომ სხვა თამაშებიც იგეგმება...

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო შტაბს, ვახტანგ იაგორაშვილი დავტოვეთ. გოჩა ავსაჯანიშვილი გუნდს კარგად იცნობს და მსურს, ჩემთან იმუშაოს"...

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პატივია. მუშაობას დღეიდანვე ვიწყებთ.

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო შტაბს, იმუშავებენ გიგა ბურჯანაძე და თემურ ჩარკვიანი.

არსებულ მდგომარეობაზე კონსულტაციებს ვასილ მაისურაძესთან გავივლი. კონსულტაცია უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებთანაც მექნება, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ. 24-26 იანვარს ბულგარეთთან ორი ამხანაგური მატჩი საქართველოშია დაგეგმილი. ვეცდებით, შეკრებაზე რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვიწვიოთ.

ამხანაგური თამაშების შემდეგ გამოვიტანთ დასკვნებს. შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, ჩამოვაყალიბებთ და აუცილებლად გაგაცნობთ. ელიტრაუნდამდე კიდევ ორი შეხვედრა გველის, 1-3 მარტს, ჩერნოგორიაში ამ ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით. ჩვენს განკარგულებაშია 4 თამაში, რომლის შემდეგაც საბოლოო მონახაზი გვექნება, თუ ვინ უნდა წავიყვანოთ ესპანეთში გასამართ ელიტრაუნდზე...

ბოლოს ისრაელში ვმუშაობდი. რიშონ ლეციონის "ჰაპოელის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და ასაკობრივი გუნდების კურატორიც გახლდით. სხვათა შორის, წამოსვლამდე ჩვენი გუნდის, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ქფარ-საბას "ჰაპოელში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ წინადადებით რომ მომმართა, არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი"...

ორი ოთხთა ტურნირი თბილისში
როგორც ცნობილია, 2017 წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია. ცხადია, გუნდს სერიოზული მომზადება დასჭირდება.

ლევან კობიაშვილის თქმით, ამ ტურნირისთვის ნაკრების მზადების ხელშესაწყობად გუნდი რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

"2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი მატჩები უკვე დაიგეგმა. წელს გუნდი ორ-ორ ტესტ-მატჩს გამართავს პოლონეთთან, ხორვატიასა და სერბეთთან. ასევე წლეულს, შემოდგომაზე, თბილისში ამ ასაკის ფეხბურთელთა ოთხთა ტურნირი დავგეგმეთ. საქართველოს მაღალი დონის გუნდები ეწვევიან - ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები", - განაცხადა კობიაშვილმა.

წლეულს, თებერვალში თბილისში კიდევ ერთი ოთხთა ტურნირი გაიმართება. ეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ თქვა.

"ელიტრაუნდისთვის კარგად მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად მხოლოდ ერთი ტურნირი არ კმარა. ამიტომ თებერვალში თბილისში ოთხთა ტურნირი იგეგმება. მაგრამ სხვადასხვა ფედერაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერჯერობით, მონაწილე ნაკრებების ვინაობა უცნობია", - ამბობს მაისურაძე.

ვასილ მაისურაძე
დოსიე
დაიბადა 1971 წლის 10 იანვარს, თბილისში
სამწვრთნელო კარიერა
2011-13 დინამო 2 თბ
2012-14 დინამო 2 თბ
2013-15 საქართველო U19
2016 2014-16 ლოკომოტივი თბ
საქართველო U17

გიორგი ყიფიანი
დოსიე
დაიბადა 1978 წლის 12 აგვისტოს, თბილისში
სამწვრთნელო კარიერა
2010-11 სიონი
2011-12 ზესტაფონი
2012-13 მეტალურგი რ
2014-16 ჰაპოელი რ-ლ (მთ. მწვრთნელის ასისტენტი)
2016 საქართველო U19 (მთ. მწვრთნელი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კიდევ კარგი ვახო დატოვეტ ცოტა მაინც იცნობს ამ ტაობას ისე მაგრად გადარჩა მაგას არ გაუვიდა ხელშეკრულება? ფიფიამ უშველა ალბათ საქმე გააკეთეთ ვინც გინდა ის დანიშნეთ ბავშვებმა იწვალეს იქნებ მიიყვანოთ ბოლომდე
0
მარტო იაგორა გადააგვარცენს მარტო ნეტა ვინ ნახა მაგის პროფესიონალიზმი რა საინტერესოა
marina
10:15 15-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული