ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ბულგარეთთან ამხანაგური მატჩებისთვის (ჩვენმა გუნდმა თბილისში ერთი შეხვედრა 0:0 ითამაშა, მეორე კი 2:0 მოიგო) უცხოეთში მოთამაშე ნიკა ქორიძეც გამოიძახა.

ის სერია C-ს "რეჯანას" ფეხბურთელია. ბულგარეთთან თამაშებში გამოჩნდა, რომ საკმაოდ საინტერესო ცენტრალური ნახევარმცველი გვეზრდება - თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, ბურთს არ აყოვნებს და შეტევებს სწრაფად იწყებს.

შეკრების დასრულების შემდეგ ნიკა ქორიძეს დაველაპარაკეთ. 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა:

"ვასილ მაისურაძესთან არ მიმუშავია და მიჭირს იმის თქმა, რა განსხვავებაა მის და ყიფიანის მიდგომებს შორის. მაგრამ
ფაქტია, რომ მას ფეხბურთელებთან, მოედანზეც და მის მიღმაც, კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შეკრებაზე ვიყავი და ვითამაშე. გუნდი მომეწონა - თანამედროვე და საკმაოდ სწრაფ ფეხბურთს თამაშობს.

ბულგარეთთან პირველ შეხვედრაში ცუდად არ გამოვიყურებოდით. მაგრამ ახალ სისტემას ვეგუებით და ამინდმაც ხელი შეგვიშალა. მერე თამაში მწვრთნელთან ერთად გავარჩიეთ. გიორგი ყიფიანმა ჩვენი ნაკლი აგვიხსნა და შევეცადეთ, მეორე შეხვედრაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა.

რაც მთავარია, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახერხეთ და თუ დააკვირდით, ბულგარელები უბურთოდ დავტოვეთ. ასე რომ, 2:0 დამსახურებულად გავიმარჯვეთ", - ამბობს ქორიძე.

იტალიაში მოთამაშე ქართველი ელიტრაუნდში ჩვენს შანსებზეც გველაპარაკა:

"უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით. ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი ყველგან ფავორიტებად ითვლებიან და სამივე ერთად რომ შეგხვდება, სასიამოვნო არ არის... მაგრამ ჩვენი მოტივაცია უნდა იყოს, რომ თავი წარმოვაჩინოთ. შიშით არ უნდა ვითამაშოთ. ამით ვერაფერს მივაღწევთ.

ბოლოს და ბოლოს, 17-წლამდელებში ესპანეთი და ინგლისი ჯგუფში ჩაგვიტოვებია, ხოლო 19-წლამდელებში - ინგლისი, ბელგია და შოტლანდია. ანუ, გამოდის, რომ მათთან თამაში მაინც შეიძლება და ხელები წინასწარ რატომ უნდა ჩამოვუშვათ?

სხვათა შორის, ახლა ის მომეწონა, რომ მეორე შეხვედრა კარგად წაგვივიდა და თამაშით სიამოვნებას ვიღებდით. ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი იყო. იმედს ისიც მიძლიერებს, რომ ელიტრაუნდისთვის გუნდს ბერიძე და არაბიძე დაემატებიან. ისინი შეტევას გააძლიერებენ.

დიდი იმედი მაქვს, მარტის საკონტროლო შეხვედრებში თამაშს დავხვეწავთ და ელიტრაუნდს კარგად მომზადებულები შევხვდებით".

ქორიძე თავის იტალიურ ამბებზეც გველაპარაკა:

"ქუთაისში კი გავიზარდე, მაგრამ 6 წლის ვიყავი, მამაჩემმა თბილისში "ირაოს" საფეხბურთო სკოლაში გასინჯვაზე რომ მიმიყვანა. ისევ ქუთაისში დაბრუნებას ვაპირებდი. თუმცა გუნდში რეზო არველაძემ თავისი შვილი, ვატო არველაძე მოიყვანა და მაშინ მნახა. მერე ქუთაისში აღარ დამაბრუნა და არველაძეების ფონდიდან სტიპენდია დამინიშნა.

საერთოდ, ამ ადამიანის დიდი დამსახურებაა, გზა რომ გავიკვალე. მაგარი გუნდი გვყავდა. ერთად ვთამაშობდით მე, ლუკა ზარანდია, ცოტნე და არჩილ მესხები, ვატო არველაძე, გიორგი ზარია...

იტალიელებმა 15-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში შემნიშნეს, სადაც შვედეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მიმიწვიეს. ამის შემდეგ "რეჯანაში" სინჯებზე წამიყვანეს".

ნიკამ ნოდარ აკობიას ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თბილისში გამართული შესარჩევი ეტაპის მატჩებშიც ითამაშა. მაგრამ მერე დაიკარგა:

"უკვე მეოთხე წელია, რაც იტალიაში ვარ. მაგრამ ორი წელიწადი მხოლოდ ვვარჯიშობდი - იურიდიული პრობლემების გამო ვერ ვთამაშობდი. ამის საშუალება მხოლოდ დაბალ ლიგაში მქონდა და "ფალკგალილეოში" იჯარით ვიყავი. შემდეგ საკითხი მოგვარდა და 18 წლისა "რეჯანას" დუბლებში დამაბრუნეს.

აგვისტოში ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე და სექტემბრიდან ლამის ყველა შეხვედრა ძირითადში ჩავატარე. ადრეც ვთქვი, რომ მთავარ გუნდში გადასვლის იმედი მქონდა, ჯერჯერობით კი დუბლებში ვთამაშობ...

ერთი დამაიმედებელი ამბავიც - ჩემი ასაკის ბიჭებიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელი დაგვტოვეს, დანარჩენები კი, როგორც არაპერსპექტიულები, გაუშვეს და პატარები მოიყვანეს. რაც მთავარია, სამივე ძირითად გუნდში ვვარჯიშობთ და როგორც გვეუბნებიან, ცდილობენ, მთავარი გუნდის მოთხოვნებს შეგვაჩვიონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში დაწინაურების პერსპექტივა მაქვს".

ნიკას თქმით, იტალიაში ბევრი რამ ისწავლა:

"იქ ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს. იქ არავინ გაცლის ბურთის თრევას და წვალებას, წამში გადაცემა თუ არ გააკეთე, ფეხებს მოგამტვრევენ. ამაზე მწვრთნელი მელაპარაკა და ჩემი ნაკლი ამიხსნა. მაქსიმუმ 3 შეხება უნდა გავაკეთო, ისიც - გამონაკლის შემთხვევებში.

არამხოლოდ ეს მქონდა გამოსასწორებელი - მოძრაობასა და გამძლეობაშიც უნდა მომემატებინა. თავიდან ეს ძალიან გამიჭირდა. რა დასამალია და, რამდენჯერმე ვარჯიშებზე ცუდადაც გავხდი... მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია, თავს გადავახტი, ახალ მოთხოვნებს შევეჩვიე და ეს ეტაპიც გადავლახე. თანამედროვე ფეხბურთში სხვაგვარად წარმოუდგენელია".

ქორიძე იტალიელებზეც გველაპარაკა:

"ვერც წარმოიდგენთ, როგორ ვგავართ ერთმანეთს - ხასიათებით, ურთიერთობებითა და ადამიანებთან დამოკიდებულებით. ევროპელების დიდი ნაწილი უფრო მძიმეა, ქართველები და იტალიელები კი უფრო ლაღები და გახსნილები ვართ.

სხვათა შორის, გუნდში დამკვიდრებაში ამან ძალიან შემიწყო ხელი. ენაც კარგად ავითვისე, უკვე თავისუფლად ვლაპარაკობ და ბევრი იტალიელი მეგობარიც შევიძინე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული