ორშაბათს ახალგაზრდული ნაკრები შეთხელებული შემადგენლობით ზესტაფონში დაუხვდება უკრაინელ თანატოლებს. იმ მატჩში არაბულზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან ეროვნულ გუნდში გადაინაცვლეს ლაშა დვალმა, გიორგი აბურჯანიამ და ნიკა კაჭარავამ.
არაბული ბოლო
- სან მარინოს ნაკრების სისუსტის მიუხედავად, მაინც სასიამოვნოა გამარჯვება და თანაც - დიდი ანგარიშით. როგორ შეაფასებდით მატჩს?
- ზუსტად ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდით. სან მარინომ გოლი რომ გაუშვა, მერეც არ წამოვიდა წინ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში იყვნენ გამაგრებულები 11 კაცით.
ეს იყო გია გეგუჩაძის პირველი მატჩი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და კარგია, დიდი ანგარიშით რომ მოვიგეთ. რაც უნდა სუსტი იყოს მეტოქე, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა.
- გეგუჩაძე ვახსენეთ და, საინტერესოა, რას ითხოვს თქვენგან მწვრთნელი?
- ჩემთვის გეგუჩაძესთან მუშაობის სტილი უკვე ნაცნობია. გეხსომებათ, სწორედ მან მიმიწვია თბილისის "დინამოში". ძალიან ნაყოფიერი თეორიები გვაქვს. სულ ახალს სწავლობ. გეგუჩაძე ჩვენგან რამდენიმე რამეს ითხოვს.
პირველი, ესაა ის, რომ ბურთი გვქონდეს და მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს; მას ძალიან უყვარს ესპანელების საყვარელი გამოთქმა, რომლის მიხედვითაც - თუ ბურთი შენ გაქვს, მოწინააღმდეგე ვერაფრით შეგიქმნის სახიფათო მომენტს, პირიქით - შენ გექმნება ამის საუკეთესო შანსი;
მეორე მომენტი სათამაშო დისციპლინაა. მწვრთნელი მას უდიდეს ყურადღებას აქცევს. ასე იყო თბილისის "დინამოშიც". მან სრულყოფამდე მიიყვანა სათამაშო დისციპლინა.
- თავის დროზე თქვენ შესანიშნავი თაობის ლიდერი იყავით. ბოლო დროს ჩრდილში გადაინაცვლეთ და, ალბათ, ბევრმა დაგივიწყათ კიდეც...
- ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც გია გეგუჩაძემ თბილისის "დინამოში" მიმიწვია. ბევრს ვშრომობ. ამჟამად, ყოველთვის არ მიწევს თამაში, მაგრამ თავს არ ვზოგავ. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება დიდი სტიმული იყო ჩემთვის.
- გავიხსენოთ ესპანურ "ალკორკონში" გატარებული პერიოდი. რატომ ვერ მოახერხეთ წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
- საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ორი წელიწადი დავკარგე. კი, რაღაც მასწავლა ამ წლებმა ცხოვრებაში, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით ჩემს კარიერას ვერაფერი არგო. შეიქმნა საპასპორტო პრობლემები, რომლებიც ვერ მოგვარდა დროულად და ამან განაპირობა ჩემი უთამაშებლობა.
რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით. მთავარია, მომავალში რა იქნება. ჩემი აზრით, რაც არ გკლავს, ყველაფერი გაძლიერებს.
- თქვენს თაობაზე უნდა გკითხოთ. გულშემატკივარი მეტს ელოდა, რადგან თავიდანვე შეაჩვიეთ გამარჯვებებს...
- ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. ალბათ, მაინც იქამდე მივდივართ, რომ საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის, რა დონისაც უნდა იყოს. აქ არის ორი ვარიანტი: ან თავიდანვე უნდა წახვიდე და აგეწყოს საზღვარგარეთ კარიერა, რაც, ჩემი მაგალითიდანაც ჩანს, რომ რისკია. ან არა და, აშკარად გამორჩეული უნდა იყო საქართველოს ჩემპიონატში, რომ ვინმემ შეგნიშნოს.
მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი თაობა შეძლებს და თავის სიტყვას იტყვის. აგერ, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ბევრნი ვართ იმ თაობის ბიჭები. ჯერ ის ასაკი არ არის, ხაზი რომ გადავუსვათ საკუთარ თავს. კი, მესმის, რომ მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ ჩვენ იმ რეალობასაც უნდა გავუსწოროთ თვალი, რომელშიც ვართ. საქართველოს ჩემპიონატი რომ უკეთესი იქნება, მერე წამყვანი ევროპული კლუბები აქაც შენიშნავენ ფეხბურთელებს.
კიდევ ერთხელ ვამბობ - მჯერა, რომ ამ თაობას არ ამოუწურავს თავისი რესურსი და ყველა ერთად დავრწმუნდებით ამაში.
- თქვენი თაობა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და არაერთ ისეთ ფეხბურთელთან მოგიხდათ თამაში, დღეს რომ ვარსკვლავებად ითვლებიან. მოდით, გავიხსენოთ ისინი...
- აღარც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო... თუნდაც, რაჰიმ სტერლინგი. ყველამ ვიცით, რამხელა თანხა გადაიხადა "სიტიმ" მის სანაცვლოდ. ასევე გამოვყოფდი ესპანელ ჟერარ დეოლოფეუს, რომელიც ამჟამად "ევერტონში" თამაშობს. ის რამდენიმე წლის წინათ უფრო ძლიერი ფეხბურთელი იყო, ვერ აჩერებდნენ... ასევე გავიხსენებ "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველ რაბიოს. საფრანგეთის ნაკრებში ის აშკარად გამორჩეული იყო.
ცალკე უნდა ვთქვა "ნიუკასლის" სერბ ფორვარდ მიტროვიჩზე. სერბებს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავდათ და მიტროვიჩი მაინც გამორჩეული იყო, გადაჭარბების გარეშე - ნახევარი გუნდი იყო. რაც შეეხება მარსიალს, ის განსაკუთრებულად გამორჩეული არ გახლდათ. დღეს რა დონეზე თამაშობს, ყველა კარგად ვხედავთ. "მანჩესტერის" ლიდერია.
- ორშაბათს საქართველოს ნაკრები ზესტაფონში შეხვდება უკრაინას. ფაქტია, მეტოქე გაცილებით ძლიერია სან მარინოზე. გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება - ლაშა დვალმა, გიორგი აბურჯანიამ და ნიკა კაჭარავამ ეროვნულ გუნდში გადაინაცვლეს...
- რა თქმა უნდა, ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება. დვალი, აბურჯანია და კაჭარავა ჩვენი გუნდის ხერხემალია. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ შეგვწევს უკრაინის ნაკრებთან წარმატებით თამაშის ძალა. ამასთან ერთად, მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"