საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ქართველებმა იმთავითვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი. პრინციპში, გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილი გუნდები სხვანაირად არც თამაშობენ...
რაც შეეხებათ უკრაინელებს, ამ გუნდს ახლო წარსულში კიევის "დინამოს" შესანიშნავი მოთამაშე ოლექსანდრ ჰოლოვკო წვრთნის. გუშინ საქართველოს ნაკრებს ორი ჩვენებური დაუპირისპირდა - მცველი ზურაბ ოჩიგავა და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.
"ლელო" მათზე ხშირად წერდა, განსაკუთრებით, ვაჩიბერაძეზე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟია. პირდაპირ ვიტყვით - საშურ საქმედ გვესახება საქართველოს სამსახურში მისი ჩაყენება. ჩვენ ჩვენი გვითქვამს და დანარჩენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს...
აქვე უნდა ვთქვათ ვაკო გვილიას შესახებაც. მან მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი აზრით, გვილიას შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის შედარებით პრობლემურ პოზიციაზე სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც კი...
* * *
...გადავიდეთ თამაშზე. არადა, თამაში ისეთი გამოდგა, მის მიმდინარეობასა და პერიპეტიებს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. ჯერ ნორვეგიული "სტაბეკის" ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ააცილა მიზანს, მერე "ემპოლის" შემტევმა რომან ჭანტურიამ მიიღო ბურთი და კარგადაც განავითარა შეტევა; ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კი ბურთი ბაჩანა არაბულს მიუვიდა, ვისი დარტყმულიც ოდნავ ასცდა კარს.სასტარტო მღელვარებამ რომ გადაიარა, უკრაინის ნაკრებმა კონტრშეტევებისთვისაც მოიცალა. ედუარდ სობოლს ჩვენმა მცველებმა არ გაატანინეს. იმთავითვე ვიტყვით, რომ ეს უკრაინელი შემტევი, ვაჩიბერაძესთან ერთად, საუკეთესო იყო სტუმართა შემადგენლობაში...
მე-18 წუთზე უკრაინელებმა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გახსნეს ანგარიში. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფად, ერთი შეხებით თამაშობდა და ასე გავიდა პირველი გოლიც - პარტნიორებმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს სობოლი, რომელსაც სიზუსტემ არ უმტყუნა - 0:1.
ამ გოლმა საქართველოს ნაკრების რიგებში მცირე ხნით დაბნეულობა გამოიწვია. ამით ისარგებლეს უკრაინელებმა და მალე ხელსაყრელ სიტუაციაში ისევ სობოლი აღმოჩნდა, ოღონდ ამჯერად მისი დარტყმული ოდნავ ასცდა ლაზარე კუპატაძის კარს.
22-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. არაბულის მიერ დარტყმული ბურთი მოწინააღმდეგის ერთ-ერთ მცველს მოხვდა და მეკარის საჯარიმოსთან ეშვებოდა, როცა კარიდან გამოსვლისას დმიტრო ბეზრუკი შეცდა, სიტუაციას კი ყველაზე კარგად აუღო ალღო იტალიაში მოთამაშე ჭანტურიამ და დაუცველ კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.
26-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც აწი აღარ უნდა გაუშვას. ცენტრალურ მცველებს "ჩაეძინათ", გრძელი პასი გაატარეს და იარემჩუკსაც, გოლის გატანის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა.
ანგარიში მალევე გავათანაბრეთ და კვლავ - ჭანტურიას აქტიურობის წყალობით. მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და უკუგდებულს ოთარ კიტეიშვილმა კარისკენ მისცა მიმართულება - 2:2.
სხვათა შორის, უკრაინელთა მეკარეზე ცალკე უნდა ითქვას. მან გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა - ჰქონდა შეცდომები და ჰქონდა დიდებული "სეივებიც"...
პირველი ტაიმის დასრულებამდე არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა. იმავე ბეზრუკმა ქართველთა შორეული ჯარიმის შემდეგ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. მერე მანვე არაბულს არ გაატანინა, აქეთ მხარეს კი იურჩენკომ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა. მოკლედ, პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.
* * *
დაიწყო მეორე ნახევარი და გეგუჩაძემ შეცვლებს მიმართა. გადაეწყო ჩვენი ტაქტიკური სქემა, რომელმაც 4-3-3 განლაგების სახე მიიღო. ახალგაზრდულის თავკაცმა ყველა ფეხბურთელი გამოსცადა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ლუკა ზარანდიამ დატოვა. ეჭვგარეშეა, ამ ბიჭს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მთავარია, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთათვის ტრადიციულმა სენმა არ სძლიოს...
მეორე ტაიმი ქართველთა შეტევით გაიხსნა. ჯერ გიორგი ხარაიშვილის დარტყმული მოხვდა ძელს, მერე ლევან შენგელიამ დაამატა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.
55-ე წუთზე ქართველებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება დაიმსახურეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზარანდიამ შესანიშნავად გადააწოდა კიტეიშვილს, ის კი საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ხარაიშვილმა შეასრულა. უკრაინელმა მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-60 წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა "გამოძერწეს" - ბუდუ ზივზივაძემ გადააწოდა შენგელიას და ბელგიური "ტუბიცეს" შემტევს მიზანმა არ უმტყუნა - 3:2.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომენტები კიდევ ჰქონდა. ვერ გაიტანეს ზარანდიამ და გეგეჭკორმა. მერე შანსები გაუცუდდათ ლაშა ქოჩლაძესა და თეიმურაზ მარკოზაშვილს...
იქვე, უკრაინელებს გაუჩნდათ შანსი, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ოლექსანდრ ზუბკოვმა ლამის 100-პროცენტიანი მომენტი გაანიავა.
თუმცა უკრაინამ მაინც გაათანაბრა ანგარიში და ეს მოხდა მაშინ, როცა არბიტრის მიერ დამატებული მე-4 წუთი იწურებოდა. მრავალსვლიანი კომბინაცია გოლით დაასრულა ვაჩიბერაძემ. რა თქმა უნდა, არცთუ სასიამოვნო გრძნობაა, როცა საქართველოს ნაკრების კარში გადამწყვეტი გოლი ქართველს გააქვს, მაგრამ რას ვიზამთ...
გვჯერა, ბექა აუცილებლად მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურას და მერე გოლებს მხოლოდ საქართველოსთვის გაიტანს!..
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე:
- სასარგებლო მატჩი გამოვიდა, შინაარსიანი. ამავე დროს, იყო ძალიან ბევრი შეცდომა. არეული თამაში იყო, როგორც ამინდი... შეიძლება, ჩვენ დაგვაგვიანდა თამაშის აწყობა, მაგრამ ამას ლოგიკური მიზეზი აქვს - პირველად ვითამაშეთ ასეთი შემადგენლობით...
ჩვენ საპასუხისმგებლო შეხვედრები დაგვრჩა მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლში. ამავე დროს, ვფიქრობთ მომდევნო შესარჩევზეც, სადაც შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა ვათამაშოთ. მოკლედ, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს...
- დღეს განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი ვაკო გვილიასა და ბექა ვაჩიბერაძისკენ. გვილიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა, ვაჩიბერაძემ - უკრაინისაში. სასწორის პინაზე რომ დავდოთ, რომელს ისურვებდით საქართველოს ნაკრებში?
- ვისაც შეუძლია და უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ემსახუროს, ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.
- ალბათ, შეუთამაშებლობას უნდა დაბრალდეს ცენტრალური მცველების მიერ დაშვებული შეცდომა. მაგალითად, ერთ-ერთი გოლისას მათ მოწინააღმდეგის გრძელი პასი გაატარეს...
- გეთანხმებით, ეს იყო შეცდომა და ასეთი რამ მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. იმაშიც გეთანხმებით, რომ ეს შეიძლება მივაწეროთ შეუთამაშებლობას. ისიცაა, რომ მეკარისა და მცველების შეცდომები ფეხბურთში განსაკუთრებით ჩანს.
ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პრინციპი ასეთია - თავს ვიცავთ და ვუტევთ მხოლოდ და მხოლოდ გუნდურად!
U21. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
28.03. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე". 3 100 მაყურებელი
საქართველო-უკრაინა 3:3
გოლები: 0:1 სობოლი (18), 1:1 ჭანტურია (21), 1:2 იარემჩუკი (26), 2:2 კიტეიშვილი (34), 3:2 შენგელია (60), 3:3 ვაჩიბერაძე (90)
გამოუყენებელი პენალტი: ხარაიშვილი (მეკარე)
საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი (84. ჯაფიაშვილი), ტაბიძე, გეგეჭკორი (84. კირკიტაძე), თევზაძე (71. ცნობილაძე), გოროზია (84. ფონიავა), გვილია (46. ზარანდია), ხარაიშვილი (68. მარკოზაშვილი), კიტეიშვილი (68. ქოჩლაძე), არაბული (46. ზივზივაძე), რ. ჭანტურია (46. შენგელია).
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
უკრაინა: ბეზრუკი, ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, კაჩარაბა, ვაჩიბერაძე, იურჩენკო (46. ზუბკოვი), კაბაევი (60. დანჩენკო), იარემჩუკი (68. ბესედინი), მიროშნიჩენკო, მიხაილიჩენკო (68. ტრეტიაკოვი), სობოლი.
სათადარიგოები: პიდკივკა, სვატოკი, ხარატინი
მწვრთნელი: ოლექსანდრ ჰოლოვკო
გაფრთხილება: იარემჩუკი (52)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
29 მარტი 2016 10:56
ტვ რიონი უჩვენებდა, მაივიდეოზე იქნებ მიაგნო გუშინდელ არქივს. თუმცა ეს წყეული და დასაწვავი მაივიდეო საზღვარგარეთიდან არ გვაყურებინებს ხშირად
მადლობა!