U14 - შედეგი გვაქვს, დისციპლინა გვაკლია

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რიგის თასი" მოიგო, თბილისში დაბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ტყებუჩავამ ლატვიური ტურნირის შესახებ გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. იქვე იყვნენ ნაკრების წევრებიც.

გოჩა ტყებუჩავა:
- დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ შეკრებისთვის ასეთი სასიამოვნო მიზეზი გვაქვს. საკმაოდ საინტერესო და კარგად ორგანიზებულ ტურნირზე გავიმარჯვეთ. ჩვენი ბავშვებისთვის ეს პირველი სერიოზული გამოცდა იყო და მოხარული ვარ, რომ ამას კარგად გაართვეს თავი. ბუნებრივია, იყო ნაკლოვანებებიც, მაგრამ ტურნირმა თავისი მისია ასი პროცენტით შეასრულა -
კარგად დავინახეთ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები, მათი მიდგომა ფეხბურთისადმი და პიროვნული თვისებები.

- ცნობილია, რომ "რიგის თასზე" ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჰყავდა გამოყვანილი.
- ასეა, მაგრამ მეტოქეებად საკმაოდ ძლიერი გუნდები გვყავდა. ბევრზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ნახევარფინალში კიევის "დინამოს", ხოლო ფინალში არნემის "ვიტესს" ვძლიეთ. განასკუთრებით მომეწონა იტალიური "ატალანტას" თამაში, რომელთანაც ჩვენ არ გვითამაშია. ეს გუნდი ნახევარფინალში "ვიტესთან" დამარცხდა.

ტურნირი საკმაოდ მჭიდრო გრაფიკით ჩატარდა, დღეში ორი თამაში გვიწევდა, რის გამოც ჩვენმა რამდენიმე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. განსაკუთრებით რთული კიევის "დინამოსთან" მატჩი გამოდგა, რომლის წევრებიც ქართველებს ძალიან ეუხეშებოდნენ.

- როგორც ვიცით, რიგაში თქვენს გვერდით იყო ალექსანდრე რეხვიაშვილი.
- დიახ, ალეკო ყოველმხრივ მხარში დაგვიდგა და ჩვენთვის ყურადღება არ მოუკლია. სხვათა შორის, იგი ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, "რიგის თასი" კი ქალაქის მერიის პატრონაჟით ჩატარდა.

- ნაკრების სამომავლო გეგმები როგორია?
- 27 აპრილს შვედეთში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ჩვენც ვართ მიწვეულები. იქ თამაში ისეთი ძლიერი კლუბების ბავშვებთან მოგვიწევს, როგორებიც "მილანი", "აიაქსი" და "ბაიერი" არიან. ამათ გარდა, ტურნირზე იასპარეზებენ ადგილობრივი აიკ-ი, ბერძნული პაოკ-ი და ფინური კლუბები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს ნაკრებებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების პერსპექტივა აქვთ. ადრე მსგავს ფუფუნებას მოკლებულნი ვიყავით. მაშინ, როცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვმუშაობდი, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარება მოხერხდა.

- ქართველი ბავშვები უცხოელ თანატოლებს რაიმეში თუ ჩამორჩებიან?
- უცხოელები ბევრ კომპონენტში გვისწრებენ - ტაქტიკურადაც, ფიზიკურადაც და, რაღა თქმა უნდა, პირობებითაც. ფაქტია, რომ რიგაში საქართველოდან ნაკრების მაგივრად რომელიმე კლუბი რომ წასულიყო, ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდებოდა.

- როგორი თაობა გვყავს ამ ასაკში და კადრების მხრივ დიდი არჩევანი თუ გაქვთ?
- წამყვან ევროპულ საფეხბურო ქვეყნებს ყველა ასაკში თითო პოზიციაზე ხუთი-ათი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ კი ორი მოთამაშის მოძიებაც კი გვიჭირს.

ამჟამინდელ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი თვეა ვმუშაობ, თუმცა გარკვეული სასელექციო სამუშაოების ჩატარება უკვე მოვასწარით და, სამწუხაროდ, სურათი დამაიმედებელი ნამდვილად არაა. ამხანაგური მატჩები ჩავატარეთ იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარა-გურიის ნაკრებებთან და 5:0-ზე ნაკლები ანგარიშით არავისთან გაგვიმარჯვია. მათ შემადგენლობაში საინტერესო ფეხბურთელი ფაქტობრივად ვერ ვიპოვეთ.

მალე ძიებას აღმოსავლეთ საქართველოშიც შევუდგებით, დასავლეთსაც მივუბრუნდებით და ახალი კანდიდატების პოვნას შევეცდებით.

დასასრულს, ერთ მტკივნეულ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენს ფეხბურთელებში დისციპლინა ძალიან მოიკოჭლებს. მართალია, ჯერ მოზარდები არიან, მაგრამ უკვე დროა, ესმოდეთ რას ნიშნავს პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება. სათამაშო და ცხოვრებისეული დისციპლინის გარეშე დიდ ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს. ყველაფერი ოჯახიდან მოდის და ამ ბავშვების მშობლებს ვთხოვ, შვილების აღზრდასაც უდიდესი ყურადღება დაუთმონ და მწვრთნელის საქმეშიც ნუ ჩაერევიან...


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული