ბოლო წლებში პარუნაშვილი "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. სეზონის დასრულების შემდეგ მან თბილისური გრანდი დატოვა და ახლა უგუნდოდაა, თუმცა, დიდი ალბათობით, სასურველ კლუბს მალე იპოვის...
"ლელო" პარუნაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...
- ლაშა, თავდაპირველად, თქვენი მომავლის თაობაზე. როდის დასრულდება უგუნდოდ ყოფნის პერიოდი?
- ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მოლოდინის რეჟიმში ვარ.
- როგორ შეაფასებდით თბილისის "დინამოს" ასპარეზობას გარდამავალ ჩემპიონატში და საერთოდ, წინა სეზონში?
- ცალკე
ჩავარდნები მერეც იყო. მოხდა სამწვრთნელო ცვლილებებიც... რა თქმა უნდა, შედეგი არაა მისაღები და უკეთ თამაში გვმართებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფეხბურთელმა თავი დაზოგა გუნდის წარმატებისთვის. იყო ტრავმებიც... მეც მივიღე ტრავმა, რენეც დაშავდა და პაპუნაშვილიც...
- ევროტურნირებზე რა მოხდა? გასაგებია, პაოკ-თან შანსი თითქმის არ ჰქონდა "დინამოს", მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ზაგრების "დინამოსთან" მატჩებზე...
- თავადაც გემახსოვრებათ, როგორ დაიწყო მატჩი ზაგრებში. ბურთის ფლობაც გვქონდა და მომენტებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ, ამ დროს კი მასპინძლებს რამდენი შანსიც მიეცათ, თითქმის ყველა გამოიყენეს. რა თქმა უნდა, ხორვატიის ჩემპიონატი არ არის ტოპლიგებს შორის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზაგრების "დინამოს" უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან უწევს დაპირისპირება შიდა ჩემპიონატში. ჩემი აზრით, ამანაც განაპირობა საბოლოო შედეგი. წლის განმავლობაში ისინი გაცილებით ბევრ სერიოზულ თამაშს თამაშობენ, ვიდრე ჩვენ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ათგუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა გაამართლებს. ხომ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 6-7 სტადიონია ისეთი, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება? უვარგის მინდორზე ფეხბურთელი ვერაფრით მოუმატებს - ეს აქსიომაა. ძალიან კარგია ისიც, რომ ნაბიჯები იდგმება კლუბების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
- ისევ "დინამოს" დავუბრუნდეთ. იყო კი სრული ურთიერთგაგება ფეხბურთელებსა და გუნდის მაშინდელ მწვრთნელ იურაი იარაბეკს შორის?
- ამ კითხვაზე სრული პასუხისმგებლობით გიპასუხებთ - იყო სრული ურთიერთგაგება! იარაბეკი ძალიან კარგი პიროვნებაა. დღესაც ინარჩუნებს ურთიერთობას ჩვენთან, კითხულობს ჩვენს ამბებს.
- ახლა ალბათ უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი - იარაბეკს თქვენი წაყვანა თავის ამჟამინდელ კლუბ "ზლატე მორავცეში" სურდა...
- კი, ნამდვილად იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავე...
- საქართველოს ჩემპიონატს დავუბრუნდეთ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა ჩვენი ჩემპიონატისთვის?
- მე მაინც ორ მომენტს გამოვარჩევ: ინფრასტრუქტურას და ფინანსებს. არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო ფულზე, მაგრამ ფინანსები ფეხბურთში უდიდეს როლს რომ თამაშობს, ეს ყველამ კარგად ვიცით. ფეხბურთელს უცხოეთში ცენტიც რომ დაუგვიანონ, მინდორზე აღარ გადის სათამაშოდ. თავადაც იცით, რა ხდება ამ მხრივ ჩვენთან. ერთადერთი კლუბი, რომელსაც პირობები აქვს, თბილისის "დინამოა".
ხშირად შეიძლება ნახევარი სეზონი ითამაშო უფასოდ... მართლა არ მინდა, აქცენტი გავაკეთო ფინანსებზე, მაგრამ ამ მნიშვნელოვან მომენტს ვერაფრით გამოვრიცხავთ...
ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის თემა. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ევროტურნირებისა თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მატჩებისას, რომელთაც მაყურებელი მრავლად ესწრება, მინდორზე ყოფნისას დაღლილობა საერთოდ არ მიგრძნია. რა თქმა უნდა, თამაში რომ რჩება და მინდორს ტოვებ, არის დაღლილობის გრძნობა, მაგრამ როცა მაყურებელია, მინდორზე ამას საერთოდ ვერ გრძნობ.
პირადად ჩემთვის მაყურებელი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ის კი არა, სტუმრად თამაშის დროსაც კი, როცა მოწინააღმდეგეს ენერგიულად ქომაგობენ, დამატებით მუხტს ვგრძნობ. ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშს ეს მირჩევნია.
მესმის გულშემატკივრის - თქვენ ითამაშეთ და ხალხო მოვაო, რომ ამბობენ. ეს თემები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ალბათ, თანხვედრა უნდა მოხდეს. ასე უკეთესი იქნება ჩემი მოკრძალებული აზრით.
ფაქტია, დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება ბევრი გულშემატკივარი სტადიონზე და იმედი მაქვს, 10-გუნდიან ჩემპიონატში დასწრება მოიმატებს. კლუბებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები და უკეთესი ინფრასტრუქტურა ექნებათ. ფეხბურთელი მინდორზე რომ გადის, პრობლემებს ივიწყებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაღაც პრობლემის გამო ვიღაც "პადკატს" არ გააკეთებს, მაგრამ ფინანსურად უზრუნველყოფილი ფეხბურთელი მაინც სხვანაირად მიუდგება საქმეს.
- როგორ ფიქრობთ, თუ საქმეს სწორად მივუდგებით, შეგვიძლია საშუალოევროპული დონის პირველობა გვქონდეს?
- ღრმად მწამს, რომ ეს შესაძლებელია. უბრალოდ, ერთ სეზონში ამას ვერანაირად ვერ შევძლებთ.
ცხოვრებაში ყველაფერს დრო სჭირდება. ფეხბურთშიც დროა საჭირო, პროგრესი რომ გქონდეს. მაგალითად, გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, 20 წელი თანამიმდევრულად მიდიოდა ამ გზაზე...
ახლა გავიგე ერთი საინტერესო რამ. ჩინელებს უნდათ, რომ 2050 წელს მათი ჩემპიონატი მსოფლიოს ლიგების ხუთეულში იყოს. ამისკენ სვლა მათ უკვე დაიწყეს. რა ტრანსფერები ხორციელდება ამ ბოლო დროს, ყველა კარგად ვხედავთ.
უშუალოდ თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ჩემი აზრით, ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება. ამასთან, ერთხელაც ვიტყვი, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
- უზბეკეთთან მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდათ...
- ეს მართლაც ოცნების ასრულება იყო. ცოტა ტრაფარეტულად კი გამომდის, მაგრამ მაინც. მთელი ბავშვობა ელოდები საქართველოს ნაკრების თამაშებს, ეს გუნდი ყველაზე ძვირფასია შენთვის, მერე კი მოდის დრო და შენ ხდები ამ გუნდის წევრი!..
როცა უზბეკეთთან მატჩში მინდორზე შევდიოდი, ემოციებით ვიყავი სავსე. ნაკრები ხომ უმაღლესი განზომილებაა ფეხბურთელისთვის.
- მთლიანობაში რამდენად სასარგებლო შეკრება გამოვიდა?
- ჩემი აზრით, სასარგებლო შეკრება იყო. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქმეში ნახა ფეხბურთელები. ჩვენთვისაც სასარგებლო იყო - სანაკრებო ატმოსფერო შევიგრძენით.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩებს, ჩემი აზრით, უზბეკეთთან უკეთესი იყო თამაშის ხარისხი. იმ შეხვედრის მოგება თავისუფლად შეიძლებოდა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მოვდუნდით და ეს ძვირად დაგვიჯდა. ამის თაობაზე მიგვითითა კიდეც ვლადიმირ ვაისმა თამაშის დასრულების შემდეგ.
- რა თქმა უნდა, გაქვთ საქართველოს ნაკრებში დამკვიდრების იმედი...
- მე მონდომებას არ დავაკლებ და, ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"