"ვიტ ჯორჯიამ" მარტის ბოლომდე უნდა მოიცადოს

AutoSharing Option
უკვე დიდი ხანია, რაც "ვიტ ჯორჯია" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად შეუდგნენ მცხეთის სტადიონის რეკონსტრუქციას და სამუშაოების ძირითადი ნაწილიც შესრულდა, მაგრამ გუნდი იქ საშინაო მატჩების ჩატარებას დღემდე ვერ ახერხებს.

წლის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ მცხეთაში თამაში სეზონის განახლებამდე იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატში "ვიტ ჯორჯია" მეტოქეებს ამჟამად თემქაზე მდებარე "შატილის" სპორტკომპლექსში მასპინძლობს.

ბოლო თაობის ხელოვნური საფარი  ყოფილ "არმაზზე" უკვე დიდი ხნის დაგებულია, მაგრამ თამაში მოედანზე კაუჩუკისა და ეგრეთ წოდებული "ეგვიპტური ქვიშის" შეტანამდე არ შეიძლებოდა. კაუჩუკი მცხეთაში დიდი
ხნის მიტანილია, ქვიშა კი გარკვეული პერიოდი ფოთში საბაჟო კონტროლს ელოდებოდა.

ინფორმაციისთვის "ვიტ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორ მალხაზ კაკაურიძეს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ქვიშა უკვე მცხეთაშია ჩატანილი და მოედანი სათამაშო მზადყოფნაში მალე მოვა.

"კაუჩუკისა და ქვიშის მოედანზე შესატანად უკვე მზად ვართ, მაგრამ გამოდარებასა და საფარის გაშრობას ველოდებით. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, მოედნის მომზადებას უახლოეს დღეებში შევუდგებით და ამ პროცესს დიდი დრო არ დასჭირდება. კიდევ რამდენიმე დღე საფარის "დაჯდომას" დასჭირდება და დაახლოებით მარტის ბოლოსთვის "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში დაბრუნდება", - გვითხრა კაკაურიძემ.

მცხეთის სტადიონზე ითამაშებენ "ვიტ ჯორჯიას" მთავარი გუნდი და დუბლშემადგენლობა, იქვე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.

სტადიონის რეკონსტრუქციის თემაზე "ლელომ" ამას წინათ რეპორტაჟი შემოგთავაზათ და იცით, რომ მცხეთის არენაზე ბევრი რამ შეიცვალა - შეკეთდა ტრიბუნა, გაკეთდა 2 ათას მაყურებელზე გათვლილი ინდივიდუალური სკამები, გარემონტდა გასახდელები, მსაჯთა, დელეგატთა, საპრესკონფერენციო და სხვა ოთახები, შენობაში მთლიანად შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა ახალი საკანალიზაციო სისტემა, სტადიონი ხელახლა შემოიღობა... მოკლედ, მხოლოდ მოედნის კეთილმოწყობაღა დარჩა და მწირი ინფრასტრუქტურის მქონე ქართულ ფეხბურთს ჩვენს კვალობაზე მაღალი დონის სტადიონი შეემატება.

კაკაურიძემ ისიც გვითხრა, რომ კლუბი აუცილებლად მიჰყვება დასახულ გეგმას და სტადიონის რეკონსტრუქციას გააგრძელებს. უახლოეს მომავალში "ვიტ ჯორჯია" მცხეთის სტადიონზე მეორე ტრიბუნას ააშენებს, შემდგომში კი ღამის განათებას დაამონტაჟებს. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძენილ მიწის ფართობზე კი დამატებითი მოედნების მოწყობაა დაგეგმილი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული