მზადება: "სამტრედია" "კარპატისთან" დამარცხდა, "ჩიხურა" მატჩებს გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადებიან...

ჩიხურა
საჩხერის "ჩიხურამ" პირველი თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გაწვრთნილები სამშობლოში მხოლოდ რამდენიმე დღით გაჩერდნენ და ისევ სამეზობლოში გაემგზავრნენ.

კლუბის პრესატაშე თორნიკე შალამბერიძე საქართველოს ვიცე-ჩემპიონის უახლოეს გეგმებზე გველაპარაკა.

"ეს ხანმოკლე შესვენება ბიჭებს სჭირდებოდათ, მაგრამ ჩვენი მეორე უცხოური შეკრება მალევე დავიწყეთ და უკვე ბელექში ვართ. მეორე შეკრება 10-დღიანი იქნება. გუნდში ამჯერად 20 ფეხბურთელი გვყავს. სამწუხაროდ, ვერ გამოგვყვა ირაკლი ლექვთაძე, რომელიც დაშავდა და მკურნალობს. იმედია, ის მალე გამოჯანმრთელდება და დაგვიბრუნდება.

"ჩიხურა"
ბელექში ნაცნობ სასტუმრო Sirene Belek Hotel-ში დაბინავდა. გუნდი სავარჯიშოდ შორს არ მიდის, ჩვენივე სასტუმროს სპორტულ კომპლექსში ემზადება", - ამბობს შალამბერიძე.

ამ 10 დღის განმავლობაში, ფრუიძის შეგირდები ოთხ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ:

"შეხვედრები დაგეგმილია, მაგრამ 4 მეტოქიდან ჯერ მხოლოდ ორის ვინაობა ვიცით. პირველ სპარინგში, 11 თებერვალს, ყაზახეთის პრემიერლიგის "ატირაუს" დავუპირისპირდებით, ხოლო მეორე შეხვედრაში, 14 თებერვალს, ბოსნიურ "სლობოდას" შევხვდებით. დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა მალე დაზუსტდება".

სამტრედია
"სამტრედიამ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი უკრაინის პრემიერლიგელ ლვოვის "კარპატისთან" ჩაატარა და დამარცხდა. გამოჩნდა, რომ გია ცეცაძის გუნდს ლაშა შერგელაშვილის, ბუდუ ზივზივაძისა და ბაჩანა არაბულის წასვლა ძალიან დაეტყო. დღეს უკვე ახალი გუნდი იკრიბება, ძველი ლიდერების შემცვლელები კი ერთმანეთთან შეუთამაშებლები არიან. ამავე დროს, ზოგადად, ქართული ჩემპიონატის მინუსებიც გამოჩნდა - უკრაინელები უფრო სწრაფად თამაშობდნენ.

ანგარიში 41-ე წამზე გაიხსნა, როცა სამტრედიელთა მცველები მეკარის საჯარიმოში უხეშად შეცდნენ და ლვოველებმა ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნეს. მე-12 წუთზე რუდოლფ სუხომლინოვმა ჯარიმა შეასრულა, მაგრამ მისი "მოჭრილი" დარტყმა ძელს მოხვდა და ლვოველები გადარჩნენ.

მერე სახიფათო იყო ჯერ იგორ ხუდობიაკის შეტევა, ხოლო შემდეგ დენის მიროშნიჩენკომაც სახიფათოდ დაარტყა.

29-ე წუთზე, ლვოველთა ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ხუდობნიაკმა ბურთი ძელს მოარტყა და გადავრჩით, მაგრამ მანვე, 35-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწია და ლვოველებმა ფლანგური შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინეს - 0:2.

მე-40 წუთზე სხვაობის შემცირება გურამ სამუშიას შეეძლო, მაგრამ დავით რაჟამაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ვერ დაარტყა, 43-ე წუთზე კი უკვე გიგი მჭედლიშვილმა შეუტია, მაგრამ მანაც უშედეგოდ.

თამაშის განახლებისთანავე, "სამტრედიას" სხვაობის შემცირების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ რაჟამაშვილმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა. მეორე ნახევარში ორივე გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და "კარპატის" შემადგენლობაში საყრდენი ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა გამოჩნდა. ის ლვოველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ. 47-ე წუთზე მან სამტრედიელთა კარის აღება სცადა, მაგრამ მეკარე ბურთს ხაზზე დაუხვდა.

75-ე წუთზე სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ სცადა თემურ მარკოზაშვილმა, მაგრამ მიზანს მისი დარტყმაც აცდა და ანგარიში უცვლელი დარჩა - 0:2.

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, სუხომლინოვი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი, სამუშია, ბერიაშვილი; შეცვლაზე: მთივლიშვილი, გოგიაშვილი, მარკოზაშვილი, ჯიქია, ცაგარელი, ბურკაძე, დოლიძე, ხაბეიშვილი, ახალაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ მოერგება ეს სუხომლინოვი სამტრედიას, ამბობდნენ რომ ფიზიკურად ძლიერიაო მაგრამ ესეც არ სჩანს...
გაუშვან დროზე სახლში და ვინმე ქართველი მონახონ, იგივე გიგი იოსელიანი უსამართლოდ რომ გაუშვეს წინა სეზონის წინ, უკეთ იმუშავებს.
M.S.
15:22 07-02-2017
0

სიახლეები პოპულარული