სიონი შინაც უქულოდ დარჩა

AutoSharing Option

სიონი-ვიტ ჯორჯია 1:2

6.03. ბოლნისი. თ. სტეფანია. 300 მაყურებელი

გოლები: 1:0 სვანიძე (21. ნოზაძის პასით), 1:1 გურამ გურეშიძე (58), 1:2 ვასაძე (75)

სიონი ვიტ ჯორჯია
4-3-2-1 4-2-3-1
მერლანი ა. მიქაბერიძე
კობაური ხურცილავა
დიდავა ადამაძე
დ. ლომაია კასრაძე
ქორიძე ჭანკვეტაძე
სვანიძე ვასაძე
ლ. ნოზაძე გურ. გურეშიძე
გოგობერიშვილი ბეჭვაია
ისიანი კორიფაძე
ჩირიკაშვილი ღანიაშვილი
რ. ჯიქია ჩიმაკაძე
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. ყიფშიძე მ. კოჭლაშვილი


სიონი
64. ისიანი – ქუცურუა
69. სვანიძე – რეხვიაშვილი
78. ჩირიკაშვილი – მ. ოქროპირიძე
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, გ. თარგამაძე, გ. ოქროპირიძე, ლ. ჩხეტიანი

ვიტ ჯორჯია
46. ჭანკვეტაძე
– როსტიაშვილი
81. ბეჭვაია – გოგიაშვილი
90. კორიფაძე – ზაქრაძე
სათადარიგოები: ძაძამია, გიორგი გურეშიძე, ლობჟანიძე, გაბრიჭიძე

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

სანამ მატჩის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "სიონის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფშიძემ თამაშის დასრულებისთანავე თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ეს ინფორმაცია "სიონის" გენერალურმა მენეჯერმა ჯემალ ჭიპაშვილმა არც უარყო და არც დაგვიდასტურა. საკითხს ნათელი დღეისთვის უნდა მოეფინოს...
"ლელოს" მკითხველმა იცის, რომ "სიონის" ხელმძღვანელობა გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით ძალიან უკმაყოფილოა. ერთ დროს ყველასთვის ანგარიშგასაწევი "სიონი" მიმდინარე სეზონში მოკრძალებული მიზნისთვის იბრძვის და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კიდევ არაერთ კლუბს ჩამორჩება.

გუშინდელ მატჩში ბოლნისელთათვის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნებოდა დამაკმაყოფილებელი შედეგი და თავიდან ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ მიმდინარეობდა, მაგრამ შეხვედრის დასკვნით ნაწილში სტუმრებმა თამაშის სადავეები ხელთ იგდეს და აქტივში დამსახურებული სამი ქულაც ჩაიწერეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი მოსაწყენი გამოდგა და ორივე გუნდს წუნი მრავლად ჰქონდა, შესვენების შემდეგ კი უფრო დაძაბული და შინაარსიანი ფეხბურთი გაჩაღდა. პირველი ტაიმის ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი ვეტერინართა კარის აღებით დასრულდა – ლაშა ნოზაძის პასით "სიონი" აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა დავით სვანიძემ დააწინაურა. თუკი სვანიძე სტაჟიანი სიონელია, მატჩის ოქმში შეამჩნევდით, რომ ბოლნისელთა შემადგენლობაში დავით ლომაიამ ითამაშა. ყოფილი ვიტელისთვის ეს "სიონის" მაისურით სადებიუტო შეხვედრა იყო.

მატჩის განახლებისთანავე სტუმართა თავკაცმა მერაბ კოჭლაშვილმა თავისი გუნდის ტაქტიკა შეცვალა და მარცხენა მცველის, ირაკლი ჭანკვეტაძის ნაცვლად თამაშში მეორე თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი ჩართო. იგი შეტევაში ბესიკ ჩიმაკაძეს შეუწყვილდა, ჭანკვეტაძის ადგილი კი ნახევარმცველმა რევაზ ღანიაშვილმა დაიკავა.

"ვიტ ჯორჯიას" ორივე გოლი ეფექტური გამოდგა და ორივე შორეული დარტყმით გავიდა. გურამ გურეშიძემ მეტოქის მცველის მიერ მოგერიებული ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა "სიონის" კარში, გიორგი ვასაძემ კი საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი მოხდენილად მოჭრა.

უქმად არც "სიონი" ყოფილა, მაგრამ მეორე ნახევარში ახალგაზრდა სტუმრებმა გამოცდილ მასპინძლებს ფიზიკურ მომზადებასა და სისწრაფეში აჯობეს. "სიონს" თამაშის გადარჩენის რეალური შანსი არც მისცემია, ვიტელთაგან კი როსტიაშვილმა და კორიფაძემ გაუშვეს ხელიდან კარგი საგოლე მომენტები.

ამ გამარჯვებით "ვიტ ჯორჯიამ" მეოთხე საფეხური დაიკავა და სავარაუდოდ, ამ ტურის დარჩენილი მატჩების ჩატარების შემდეგაც იქვე დარჩება, "სიონის" "გამოფხიზლება" კი ალბათ, ახალ მწვრთნელს დაევალება...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული