გიგა ბეჭვაია - ახალგაზრდა ვეტერანი

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გიგა ბეჭვაიაა, რომელმაც "ვიტ ჯორჯიას" კაპიტნის სამკლავური სულ ახლახანს მოირგო და გუნდის ნამდვილ ლიდერადაც ჩამოყალიბდა. 24 წლის უნივერსალი ყოველ მატჩში აქტიურია და "ლელოს" მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ ნაკრებებშიც სისტემატურად ხვდება.

სტაჟიან ვიტელთან საუბარი ბოლნისის "სიონთან" მოგებული მატჩით დავიწყეთ და შემდეგ სხვა თემებზეც გადავედით.

- ბოლნისში თამაში "ვიტ ჯორჯიას" ყოველთვის უჭირდა და იქ გამარჯვებამ მე და ჩემი თანაგუნდელები ძალიან გაგვახარა. ვინც ის შეხვედრა ნახა, დამეთანხმება, რომ სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ.

- ჩემპიონატის მეორე ეტაპზე
"ვიტ ჯორჯიას" მიერ ჩატარებულ რომელ მატჩს გამოარჩევდი?
- ვფიქრობ, ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ და შედეგსაც შესაბამისს მივაღწიეთ. რომელიმე ცალკეული მატჩის გამოყოფა გამიჭირდება, რადგან "ვიტ ჯორჯიამ" ყველგან დამაჯერებლად ითამაშა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ რუსთავის "ოლიმპთან" დაუმსახურებლად დავმარცხდით და ზუგდიდის "ბაიასთანაც" ბოლო წუთებზე დასანანი ქულები დავკარგეთ.

- განსაკუთრებული მოტივაცია კაპიტნის სამკლავურმა შეგმატა, თუ უბრალოდ დამთხვევაა, ბოლო დროს გაცილებით შესამჩნევი რომ გახდი?
- რა თქმა უნდა, კაპიტნობა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" სარგებლობას ამის გარეშეც მოვუტანდი. მე არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც ახლა ავთამაშდი უფრო ეფექტურად. უბრალოდ, დაცვიდან ნახევარდაცვაში გადავინაცვლე, სადაც ფეხბურთელის აქტიურობა უფრო შესამჩნევია. გოლებიც სწორედ იმიტომ გავიტანე, რომ შეტევაში ჩართვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

- ყველაზე კარგად თავს რომელ პოზიციაზე გრძნობ?
- მეკარისა და ცენტრფორვარდის გარდა, ლამის ყველა ამპლუაში მითამაშია, უფრო სასარგებლო კი მარჯვენა ფლანგზე ვარ, არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მცველი ვიქნები თუ ნახევარმცველი. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, მზად ვარ, გუნდს იმ პოზიციაზე გამოვადგე.

- "ვიტ ჯორჯიას" ასეთი პროგრესი რამ განაპირობა?
- თაობათა ცვლის პროცესი ნებისმიერ გუნდში მტკივნეულად მიმდინარეობს და ასე იყო ჩვენთანაც. გასულ ზაფხულს "ვიტ ჯორჯია" ძირითადი შემადგენლობის შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, ზამთარში კიდევ ორმა და მგონი, ერთადერთი გამოცდილი მოთამაშე მე დავრჩი. ასეთ დროს, ბუნებრივია, გუნდი არასტაბილურად თამაშობს. სანამ ახალგაზრდები უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს შეეჩვეოდნენ, გარკვეული დრო გავიდა, ახლა კი ისინი ახალ გარემოში თავს უკვე დამაჯერებლად გრძნობენ და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაც აღარ უჭირთ. "ვიტ ჯორჯიადან" ლიდერები ყოველთვის მიდიოდნენ, თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდები მათ ღირსეულად ცვლიდნენ და ახლაც ეს პროცესი მიმდინარეობს.

- უკვე აშკარაა, რომ "ვიტ ჯორჯიას" ჩემპიონატის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის რეალური შანსი აქვს.
- დიახ, ეს ჩვენი პროგრამა-მინიმუმია, თეორიულად კი სამეულში მოხვედრაც შეგვიძლია და ამისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი მეორე მიზანი საქართველოს თასის ფინალში გასვლა და ტიტულის შენარჩუნებაა და არც ეს ამოცანაა შეუსრულებელი. მოკლედ, ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, ევროთასებზე თამაშის უფლება რომ მოვიპოვოთ.

- შესწევს "ვიტ ჯორჯიას" იმის ძალა, ევროპის ლიგაზე შარშანდელივით რომ არ შერცხვეს?
- დარწმუნებული ვარ, შარშანდელი აღარ განმეორდება. მაშინ ევროასპარეზზე გამოუცდელი ფეხბურთელებით გავედით, ახლა კი ამ ბიჭებს მაღალ დონეზე თამაშის პრაქტიკა უკვე აქვთ და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან.

- გასულ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" წარმატებებში დიდი წვლილი ვერ შეიტანე.
- ზედიზედ ორი ტრავმა მივიღე და სეზონის მეორე ნახევარში ბევრი მატჩი ვერ ჩავატარე. საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტურად ჯანმრთელად ვარ და ჩემი საყვარელი საქმის კეთებაში ხელს ვერაფერი მიშლის.

- "ვიტ ჯორჯიადან" უკვე წასული ფეხბურთელების მსგავსად, ალბათ თავადაც გსურს კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება.
- უკვე წლებია, რაც "ვიტ ჯორჯიას" წევრი ვარ და ვგრძნობ, რომ განსხვავებულ დონეზე თამაშისთვის მომწიფებული ვარ. ჯერჯერობით, მხოლოდ "ვიტ ჯორჯიაზე" ვარ კონცენტრირებული და მისი წარმატებებისთვის ვიბრძვი, თუმცა წასვლის დროც აუცილებლად მოვა. კლუბის ხელმძღვანელობა საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში არავის აბრკოლებს და სხვაგან გადასვლა მეც უპრობლემოდ შემეძლება.

- როგორ ფიქრობ, რომელი ქვეყანაში უფრო გამოავლენ საკუთარ შესაძლებლობებს?
- თუნდაც უკრაინის ჩემპიონატში. ჯაბა ლიპარტიას "ზარიაში" ჩარიცხვამ და წარმატებულმა დებიუტმა დამარწმუნა, რომ მსგავს გუნდში მეც მექნება თავის გამოჩენის პერსპექტივა. აზერბაიჯანში გადასვლისგან კი თავს შევიკავებდი.

- თავს საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატად თუ მიიჩნევ?
- ვიცი, რომ ნაკრების მწვრთნელები საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ესწრებიან და თუ ჩემის გამოცდას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, ვეცდები, იმედები გავამართლო. თავის დროზე 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი ვიყავი და იმ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ, ეროვნულ ნაკრებში თამაში კი ჩემი უმთავრესი ოცნებაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული