11:21 06-03-2017
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0 - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად... [VIDEO]
AutoSharing Option
ცხადია, ფავორიტები თბილისელები იყვნენ. მათ შანსს სტუმართა პრობლემებიც ზრდიდა: დისკვალიფიკაციის გამო მატჩს "კოლხეთის" სამი ლიდერი ტოვებდა - დავით ბოლქვაძე, ლაშა გოგონაია და ვლადიმერ კორობკა.
"დინამომ" თავიდანვე შეუტია, პირველი სახიფათო მომენტი კი მე-14 წუთზე შექმნა. საჯარიმოსთან ფოთელებმა ბაჩანა არაბულს ბურთის თავისუფლად მიღების საშუალება მისცეს და მანაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ მეკარე გაბი თებიძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია.
26-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში მაინც გახსნეს და ამჯერად თებიძემ თავისი გუნდი ვერ იხსნა. ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთისთვის არაბულმა ბოლომდე იბრძოლა, მეკარე გამოსვლაზე შეცდა და დინამოელმა ზუსტი თავურით კარის ბადე შეარხია - 1:0.
34-ე წუთზე თამაზ ჟიშკარიანს წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი მიეცა: მას საჯარიმოსთან შეტევა გიორგი ჯანელიძემ გაუგრძელა, ფოთელთა შემტევმა ბოგდან მიშჩენკოს აჯობა, გიორგი გველესიანი კი ვეღარ ეწეოდა და ამიტომ კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
ტაიმის მიწურულს საჯარიმო გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა, არაბული კარის წინ მცველს ისევ გაექცა და ისევ თავით სცადა გატანა, მაგრამ ამჯერად კოლხები აშკარად გადარჩნენ.
მეორე ნახევარში ფოთელებმა თამაში გაათანაბრეს და რამდენჯერმე მწვავედაც შეუტიეს. კარში პირველად ცოტნე ქებურიას დარტყმული ბურთი მეკარემ იოლად აიღო. თუმცა 71-ე წუთზე, "დინამო" აშკარად გადარჩა ჯანელიძის მიერ შესრულებული ჯარიმისას, როცა გიორგი ბუხაიძე გაიხსნა და ბურთი კარში თავით გააგზავნა, თუმცა მიზანს ოდნავ ააცილა.
მასპინძელთა საპასუხო კომბინაციაც სახიფათო გამოდგა - მარჯვენა ფრთიდან მიშჩენკოს ჩაწოდებულ ბურთს კართან ლაშა თოთაძე დაუხვდა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად ბექა მიქელთაძეზე გადაცემა გამოუვიდა, ამას კი სიზუსტემ უმტყუნა.
ახალგაზრდა დინამოელმა მატჩის ბოლოს კიდევ ერთხელ სცადა ბედი და თებიძემ წვერით დარტყმულ ბურთზე რეაგირება დროულად შეძლო.
დამატებულ ხუთ წუთში სტუმრებმა კიდევ ორი საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჯერ იყო და, გურამ ლუკავამ საჯარიმოს სიახლოვიდან სერგეი ლიტოვჩენკოს ძლიერად დაურტყა - თბილისელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, კუთხურისას კი კარის წინ ვარლამ კილასონია გაიხსნა და ბურთს მუხლი დაუხვედრა - ლიტოვჩენკო ადგილზე იყო.
მოკლედ, "დინამომ" სათავისო ანგარიში შეინარჩუნა და პირველი 3 ქულა გაიფორმა.
მატჩის შემდეგ
გელა სანაია, "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი:
"უპირველესად, ჩემპიონატის დაწყებას გილოცავთ. "დინამოსთან" გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. მით უფრო, რომ ძირითადის სამი ფეხბურთელი გვაკლდა და, რა თქმა უნდა, ეს აშკარად დაგვეტყო. ჩაგდებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის გამოსწორება შევძელით და მთლიანობაში, გუნდი ცუდად არ გამოიყურებოდა. მიუხედავად პრობლემებისა, ვფიქრობ, "კოლხეთი" ხელწამოსაკრავი გუნდი არ იქნება. კახა კაჭარავას კი გამარჯვებას და "დინამოში" დაბრუნებას ვულოცავ".
კახა კაჭარავა, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
"სამი დღეა, რაც შეკრებიდან დავბრუნდით. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ. იცით, რომ "დინამოში" გასული წლიდან ორი ფეხბურთელი დარჩა, აკადემიიდან დიდი ნამატი გვაქვს და შესაბამისად, მათ დრო სჭირდებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე თამაშზე არ ვიბრძოლებთ. იყო მომენტები, როცა ჩანდა, რომ მეტი კონცენტრაცია გვჭირდებოდა. კოლეგას ვეთანხმები - ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, მეორე ტაიმში კი თამაში თანაბარი იყო".
საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. I ტური
05.03. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 არაბული (26. კიტეიშვილის პასით)
დინამო: ლიტოვჩენკო - მიშჩენკო, სალუქვაძე, გველესიანი, თოთაძე - ქარდავა, ზარია - პაპუნაშვილი (83. კუცია), კიტეიშვილი (75. ჩაკვეტაძე), მიქელთაძე - არაბული (90+4. კვერნაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ლოჩოშვილი, ნინუა, ჩადუნელი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
კოლხეთი: თებიძე - გ. კილასონია, შ. კერძევაძე (80. თ. შალიკაშვილი), ვ. კილასონია, უმა - ენდელაძე (46. ლუკავა), ქებურია - ჟიშკარიანი, ჯანელიძე, დაფი (71. ბუხაიძე) - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: ხოფერია, კოკაია, ლ. კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ვ. კილასონია (37), ჟიშკარიანი (59), მიშჩენკო (60), გველესიანი (65), თოთაძე (66), ზარია (76)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ეროვნული I ლიგა. I ტური
რუსთავი-გურია 3:1
ვიტ ჯორჯია-სამგურალი 3:0
მერანი-გაგრა 0:0
სიონი-ზუგდიდი 1:0
ცხინვალი-მეშახტე 2:2.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული