ბექა მახარაძე: კურიოზია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ფეხბურთი...

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა სანდოხაძე და ბექა მახარაძე
ეროვნული ჩემპიონატის სტარტი მოულოდნელი და სენსაციური გამოდგა: დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქვეყნის ჩემპიონმა "სამტრედიამ" შინ გარდამავალი პირველობის ერთ-ერთი აუტსაიდერი "შუქურა" ვერ დაამარცხა (1:1).

სტუმართა შორის გამორჩეული იყო ცენტრალური მცველი ბექა მახარაძე, რომელმაც დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა და კარგა ხანს უგუნდოდ იყო. 26 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონის თავდამსხმელები საიმედოდ ამოკეტა - ჩვენს ჩემპიონატში ცენტრალური მცველის ასეთი დამაჯერებელი და საიმედო თამაში ბევრი არ გვინახავს
და "ლელომაც" ბექა დამსახურებულად შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

- ეროვნული ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ის სეზონის მოულოდნელ დასაწყისსა და ახალ გუნდზე გველაპარაკა.

"გულახდილად თქვით, ხომ ყველა ელოდით, რომ "შუქურა" ახალი ჩემპიონატის აუტსაიდერი იქნებოდა? მესმის, რომ ასე ფიქრობთ, რადგან ჩვენ მოსამზადებელი ეტაპი არ გაგვივლია - ვერც უცხოეთში წავედით და თოვლის გამო ნორმალურად ქობულეთშიც ვერ ვივარჯიშეთ. მაგალითად, უამინდობამ ტაქტიკურ დავალებებზე მუშაობის დრო აღარ დაგვიტოვა.

ამ ყველაფრის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ საქართველოს ჩემპიონის წინააღმდეგ, მისსავე მოედანზე, ყველა ჩვენ წაგებას ელოდა? მაგრამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, მეტოქე კარგად შევისწავლეთ და მიხარია, რომ ქულა მოვიპოვეთ.

თუმცა იმ დღეს ისე იღბლიანად ვთამაშობდით, ჟეფინიო რომ არ გაეგდოთ, მოგებაც არ იყო გამორიცხული. ყველამ ნახა, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, მეორე ტაიმში მაინც თამამად ვითამაშეთ და მომენტებიც შევქმენით", - ამბობს მახარაძე.

25 წლის მცველი გუნდში არსებულ ვითარებაზეც გველაპარაკა:

"წარმატებული სტარტით გუნდში დიდი სტიმული გაჩნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა. გია გურულმა და რეზო ჩელებაძემ გუნდში მეგობრული გარემო შექმნეს, შეკრული შემადგენლობაა და ვცდილობთ, ყველა მეტოქესთან მოსაგებად ვითამაშოთ.

ახლა სამტრედიაში ქუთაისის "ტორპედოს" უნდა შევხვდეთ, რომელმაც პირველ ტურში წააგო და 3 ქულა ჰაერივით სჭირდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ რაღაც შეგვიძლია და აუტსაიდერობისთვის განწირულები არ ვართ. საამისოდ, ჩემპიონსა და თასის მფლობელზე უკეთეს მოწინაღმდეგეს ვერ ვიპოვიდით".

მახარაძეს "შუქურას" დისკვალიფიკაციაზეც ვკითხეთ:

"ამის გამო ახალ ჩემპიონატში რეალურად საკუთარ მოედანზე მეტოქეს მხოლოდ მე-8 ტურში მივიღებთ. მანამდე, სამ საშინაო შეხვედრას სამტრედიაში ჩავატარებთ. ძნელია, მაგრამ ეროვნულ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველა შეხვედრაში უნდა ვიბრძოლოთ.

თუმცა ეს კურიოზულ ვითარებასაც გვიქმნის. ჯერ კიდევ გასარკვევია, ბათუმის "დინამო" თავისივე ქალაქის სარაგბო მოედანზე როდიდან ითამაშებს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ 5 აპრილს ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმელებს "ვესტუმროთ". კურიოზია, მაგრამ ასეთია ჩვენი ფეხბურთი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული