სამტრედია-ჩიხურა 0:1 - საჩხერული რევანში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გეხსომებათ, სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საქართველოს გასული ჩემპიონატის ფინალში. მაშინ გამარჯვება ორმატჩიან დუელში "სამტრედიას" დარჩა. შაბათს კი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკუთარ ასპარეზზე დამარცხდა. "ჩიხურამ" ძალიან პრაგმატულად და რაციონალურად ითამაშა. გარდა ამისა, სტუმრებმა უკეთ გამოიყენეს საგოლე შანსი, რასაც ვერ ვიტყვით მასპინძლებზე.

დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში კორექტივები შეიტანა ძალიან ძლიერმა ქარმა. ისე ჩანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო საჩხერელთა გოლისას, თუმცა "ჩიხურას" გამარჯვებას მხოლოდ ბუნებრივ პირობებს ვერ დავაბრალებთ.

სტუმართა წარმატებაში ძალიან დიდია გამოცდილი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის როლი. მის მიერ
არჩეულმა ტაქტიკამ მნიშვნელოვნად განაპირობა თამაშის საბოლოო შედეგი. "ჩიხურამ" მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან გონივრულად გამოიყენა ეგრეთ წოდებული "წვრილი ფოლის" ტაქტიკა, რამაც სამტრედიელთა იერიშების მოზრდილი ნაწილი ჩანასახშივე ჩაფუშა. კომბინაციების გათამაშების მოყვარულ მეტოქეს ზემოიმერლებმა მაქსიმალურად შეუზღუდეს სივრცეები.

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მასპინძელ გუნდს, თუნდაც ამინდის გათვალისწინებით, უფრო ხშირად მიემართა შორეული დარტყმებისთვის და მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთიანად არ ეცადა კარში შესვლა...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მაშინ, როცა თამაშის გაძლიერების მოსურნე გია ცეცაძეს სათადარიგოთა სკამზე ერთადერთი გამოცდილი შემტევი ჰყავდა, "ჩიხურამ" მრავლისმნახველი სამარქაფოები ჩააბა საქმეში.

მატჩის დასაწყისში "სამტრედიას" ანგარიშის გახსნის დიდებული შანსი ჰქონდა. თემურ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი ბერიაშვილმა ითამაშა დასწრებაზე და უძლიერესადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ზემოდან გადასცდა საჩხერელთა კარს.

პირველი ტაიმის შუაში საქმეში ჩართვა "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილს მოუხდა. ის ადგილზე დახვდა გიორგი გაბედავას მიერ ჯარიმიდან დარტყმულ ბურთს. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა სახიფათო მომენტებიც გაცვალეს. ჯერ მიხეილ სარდალიშვილის მიერ დარტყმული ბურთი გადააგდეს კუთხურზე სამტრედიელმა მცველებმა, მერე კი გიული მანჯგალაძემ "მოიკითხა" საჩხერელთა ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი, რომელიც ადგილზე დახვდა ბურთს.

პარადოქსია - "სამტრედიამ" მეორე ნახევარი უკეთესად ითამაშა. არადა, სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში დამარცხდა. მეორე ტაიმის პირველი მომენტი "ჩიხურასი" იყო - თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა სამტრედიელთა კარს.

იქვე "სამტრედიამ" მოხდენილი კომბინაცია გაითამაშა და დავით რაჟამაშვილმა შეტევა კარში დარტყმით დაასრულა - ბურთი ჰამზიჩმა მოიხელთა. მიმდინარე სეზონში "ჩიხურას" მეორე თამაში ვნახე და პირდაპირ უნდა დავწერო, რომ ჰამზიჩის სახით, ფრუიძის გუნდს ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე ძალიან სერიოზული მეკარე ჰყავს...

ერთადერთი გოლი კი 68-ე წუთზე გავიდა. საჩხერელთა კონტრშეტევის შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ გიორგი კორიფაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთმა ტრაექტორია უცნაურად შეიცვალა და მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მოვლენათა ასეთ განვითარებას არ შეურიგდა. ბერიაშვილმა მაშინვე სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჰამზიჩი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის ადგილზე დახვდა მანჯგალაძის დარტყმულსაც.

მატჩის დამატებულ წუთზე კი "ჩიხურას" თავისუფლად შეეძლო მეორე გოლის გატანაც, რაც, თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ლოგიკური არ იქნებოდა. სამტრედიელთა "სტანდარტისას" მასპინძელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი საჩხერელთა საჯარიმოში ჩავიდა, რაც სრულიად ლოგიკური იყო. "ჩიხურამ" ბურთი მოიხელთა და ცარიელ კარზე უმწვავესი იერიში მიიტანა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ბოლო წამს ბურთი ცარიელი კარიდან სამტრედიელმა მცველმა გამოიტანა. ეს იყო და, გიორგი ვადაჭკორიას საფინალო სასტვენიც გაისმა...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. II ტური
11.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ჩიხურა 0:1
გოლი: 0:1 კორიფაძე (68)
სამტრედია (4-5-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, სუხომლინოვი - რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი, გ. მანჯგალაძე, მარკოზაშვილი (87. ხაბეიშვილი), სამუშია (68. ჩაგელიშვილი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ახალაძე, სანდოხაძე, ნინუა, დ. მანჯგალაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - კორიფაძე, კაკუბავა, ზ. ჭელიძე, ჩიკვაიძე - სარდალიშვილი (46. ივანიშვილი), დობროვოლსკი, გორგიაშვილი (83. მირცხულავა), განუგრავა, გაბედავა - გელაშვილი (72. დეკანოიძე).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტატანაშვილი, ლექვთაძე, შ. კაშია
გაფრთხილება: მარკოზაშვილი (22), გორგიაშვილი (24), დობროვოლსკი (30), გაბედავა (44)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

ბომბარდირები:
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 2
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მომენტები ვერ დადეთ,ხვევნა კოცნა რომ დაგვიდეთ.ჩიხურა წინ.
stivi
14:18 13-03-2017
0
ავტორი 1000% წერს :

გარდა ამისა, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნებოდა, მასპინძელ გუნდს, თუნდაც ამინდის გათვალისწინებით, უფრო ხშირად მიემართა შორეული დარტყმებისთვის და მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთიანად არ ეცადა კარში შესვლა...

მომინდომეს ამათმაც კიდევ ბარსელონობა და ამას კიდევ დაემატა ისიც რომ ცეცაძემ ლამის ინიესტად ან მესიდ წარმოიდგინა ეს მშრომელი ბიჭი რაჟამაშვილი, რომლის კისერზეც ტყდება ყოველი წამოწყებული შეტევა სამტრედიელებისა.აქ დათოს ბრალი
არაფერშია,აქ ცეცაძის სტრატეგიაშია შეცდომა მერე ვის მიაწოდოს დათომ როცა ყველა სამტრედიელი ჩაკეტილში ზის?

მოკლედ როგორც ცხადად სჩნას, და ყველასათვის ეს ნათელია, არცერთი ახალწვეული არაფრად არ ვარგა, საერთოდ არაფრად და თვითონვე უნდა მიხვდნენ რომ ასეთი თამაშით მალე მაყურებელი საერთოდ არ მივა სტადიონზე,ისედაც სამტრედიას ასეთი მცირე მაყურებლები არასოდეს ჰყოლია, ყველაზე კრიტიკულად ცუდ დროებაშიც კი.
ცეცაძეს ვურჩევ სასწრაფოდ 2 კარგი თავმდამსხმელი და 2 კარგი მცველი აიყვანოს,დრო კიდევ არის,ხოლო ეს სელექციის შეცდომა-მოთამაშეები კი სათადარიგოზე დააჯინოს.
Jango
15:28 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული