პირველი არხის კორესპონდენტ ლადო წულუკიძეს მისი მისამართით ნასროლი ბოთლი სანტიმეტრებით აცდა, თუმცა, განსაკუთრებული უსიამოვნებები თავს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გადახდათ.
თურმე, "სამტრედიას" ქომაგთა ერთი ნაწილი გადაცემა "საფეხბურთო ღამეში" დიმიტრი ობოლაძის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოთქმული მოსაზრებით ყოფილა აღშფოთებული. მაშინ
ამჯერად შეურაცხყოფის მთავარი ადრესატი "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი დავით ერაძე აღმოჩნდა, რომელმაც შემდეგი გვიამბო: "თავდაპირველად, იმას გავუსვამ ხაზს, რომ "სამტრედიას" ჰყავს ღირსეული გულშემატკივრები, რომლებიც თამაშის შემდეგ ხულიგნების ნაცვლად გვიხდიდნენ ბოდიშს. თუმცა სამწუხაროდ, ვაიგულშემატკივართა რაოდენობაც დიდია. ისინი რატომღაც ჩვენ გვდებდნენ ბრალს "სამტრედიას" გასაჭირში და გვეუბნებოდნენ, რომ მათი "დაძირვა" გვინდოდა.
არადა, მეც და ჩემი კოლეგებიც რეგიონებში ხშირად ვაშუქებთ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს და იქაური კლუბების წარმატება განსაკუთრებით გვიხარია. სამწუხაროა, რომ ქომაგთა ნაწილს საერთოდ არ ესმის ფეხბურთის არსი და ხელს ჩვენსკენ იშვერს. ამას სჯობს, ფეხბურთის ელემენტარულ წესებში გაერკვნენ და პატივი სცენ ჟურნალისტებსაც და მეტოქე გუნდსაც. ეს ხალხი არა მხოლოდ მასმედიის წარმომადგენლებსა და მოწინააღმდეგეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, არამედ საკუთარი გუნდის წევრებსაც კი არ ინდობს.
ცალკე თემაა მსაჯებზე განხორციელებული ზეწოლა. ლევან კვარაცხელიასა და მის ასისტენტებს მუშაობა უმძიმეს პირობებში უწევდათ, არადა ისეთი შეცდომა ნამდვილად არ დაუშვიათ, მატჩის შედეგზე გავლენა რომ მოეხდინა."
"ლელოს" გუშინდელ ნომერში "სამტრედია"-"ტორპედოს" მატჩის მიმოხილვას წაიკითხავდით და გაიგებდით, რომ მსაჯები სამტრედიაში მართლაც ცუდ დღეში ჩააგდეს. კოლეგას დავეთანხმებით - ზუსტად ვერ გეტყვით, რა იყო სხვა ეპიზოდებში, მაგრამ ვიდეოჩანაწერმა დაგვარწმუნა, რომ "ტორპედომ" გამარჯვების გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა.
ჩვენის მხრივ, იმას დავძენთ, რომ გულწრფელად განვიცდით "სამტრედიას" ასეთ სავალალო ყოფას და სულ ცოტა ხნის წინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად და დასაშლელად არ გვემეტება. შევდივართ იმ სამტრედიელთა მდგომარეობაშიც, რომელთა ცხოვრებაშიც მშობლიური ქალაქის გუნდს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ "სამტრედიას" მწვავე კრიზისში ჟურნალისტებს თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვით, სასტიკად ცდება. პირიქით, პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით ჩვენ და ჩვენი კოლეგები ყოველთვის აქტიურად განვიხილავდით "სამტრედიას" პრობლემებს და მაქსიმალურად ვცდილობდით, კლუბის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა.
ვფიქრობთ, ვაიგულშემატკივრების უმრავლესობამ მშვენივრად იცის შექმნილი სავალალო მდგომარეობის რეალური მიზეზი და მათ პირდაპირ ვეტყვით, რომ მისამართი ძალიან შეეშალათ. ღირსეული სამტრედიელი ქომაგებისადმი კი კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას და მთელი გულით ვუსურვებთ საყვარელი გუნდის უკეთეს მომავალს.
.