ხალხს სტადიონისკენ ისევ შემოვაბრუნებთ - ბაბუნაშვილს "ტორპედოსი" სჯერა

AutoSharing Option
უკვე მე-18 წელია, რაც შოთა ბაბუნაშვილი დიდ ფეხბურთშია. 1998 წელს წყალტუბოს "სამგურალში" დაწყებულ კარიერას დღემდე აგრძელებს, მაგრამ მალე ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას აპირებს.

36 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გულშემატკივარმა ქუთაისის "ტორპედოდან" გაიცნო, სადაც 2000 წელს მიიწვიეს. მერე რამდენიმე გუნდში (თბილისის "დინამო", "სიონი", "ბორჯომი", ბათუმის "დინამო", რუსთავის "ოლიმპი", ისრაელის "ნეს ციონა", "ზესტაფონი", მარტვილის "მერანი") ითამაშა, მაგრამ ბოლოს ისევ მშობლიურ "ტორპედოს" დაუბრუნდა, სადაც აპირებს კიდეც კარიერის დასრულებას.

"ბაბუნა" ქუთაისელების ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, მაგრამ ეს მას არ აკნინებს - აზრიანი და არაორდინარული, ტექნიკური ფეხბურთელი მოედანზე
მოულოდნელი სვლებით გამოირჩევა. ის დარწმუნებულია, რომ გუნდში ახლა ისეთივე ვარსკვლავური შემადგენლობა იკრიბება, როგორც წლების წინათ, როდესაც კარიერას იწყებდა...

"ლელომ" ქუთაისელთა ვეტერანთან ინტერვიუ ჩაწერა...

- მერვე სეზონია, რაც "ტორპედოში" თამაშობთ. ბევრი გინახავთ, ბევრი რამ გახსოვთ... თქვენი აზრით, საუკეთესო შემადგენლობა როდის გყავდათ?
- მაშინ, როცა "ტორპედოში" ამიყვანეს. ზედიზედ სამი წელი საქართველოს ჩემპიონები ვხდებოდით და იმ გუნდის ფეხბურთელები რომ გაიხსენოთ, ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ - მარტო მალხაზ ასათიანისა და მიხეილ აშვეთიას დასახელებაც კმარა. იყო პერიოდი, გუნდიდან ერთდროულად 8 კაცი ეროვნულ ნაკრებში მიუწვევიათ.

პირადად მე ჩემპიონი 2-ჯერ გავხდი, გუნდში პირველი ოქროს სეზონის შემდეგ მიმიწვიეს და მეამაყება, იმ "ტორპედოს" ფეხბურთელი რომ ვიყავი და მაშინდელი სიხარული გავიზიარე.

- მაშინ ბევრი მაყურებელიც გყავდათ. დღემდე ლეგენდადაა შემორჩენილი თბილისის "დინამოსთან" ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი, რომელსაც 25 ათასი მაყურებელი დაესწრო, ხალხი განათების ბოძებზეც კი იყო...
- მაშინ იმდენი გულშემატკივარი დადიოდა, დღეს სანატრელი გაგვიხდა. ახლა სტადიონი არ ივსება. მაგრამ ძალიან გამიხარდა, ბოლო ტურში ფოთის "კოლხეთთან" 5 ათასამდე მაყურებელი რომ მოვიდა.

- ეს მატჩი საღამოს განათებაზე ჩატარდა და თამაშსაც სხვა ელფერი ჰქონდა, შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა...
- გეთანხმებით, საღამოს თამაშზე სხვაგვარი ატმოსფერო იქმნება. "ტორპედო" ძველ ამბიციას თუ დაიბრუნებს, და ამაში დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ისევ შემოტრიალდება სტადიონისკენ.

- საუკეთესო პირობები როდის გქონდათ?
- საჩემპიონო სეზონებში. მაშინ კლუბს კერძო მეპატრონე ჰყავდა და მეტი შესაძლებლობაც იყო. ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, კარგი პირობები რომ არ გვქონოდა, არ გაჩერდებოდნენ...

სხვათა შორის, საერთო ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, ახლაც ძალიან კარგი პირობებია.

- ...თუმცა შემადგენლობაზეც იმავეს ვერ იტყვით...
- სხვათა შორის, ძალიან კარგი გუნდი გვყავს, ნიჭიერი ახალგაზრდებიც არიან, გამოცდილებიც, ეროვნული ნაკრების წევრებიც და კანდიდატებიც...

- ახალგაზრდებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ნიჭიერი ბიჭები მოდიან და არ მინდა, რომელიმე გამომრჩეს, მაგრამ 4-5 ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი გვყავს. ამ ბიჭებს თავდაჯერებულობა რომ შეემატებათ, მერე ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება. საამისოდ კი რამდენიმე შეხვედრის მოგებაა საჭირო და ისინი დიდ ძალად გადაიქცევიან.

- ერთი ხანობა, თბილისის "დინამოში" გადახვედით, მაგრამ იქ საქმე კარგად ვერ აგეწყოთ, ისევე, როგორც "ტორპედოდან" წასულ სხვა ფეხბურთელებს...
- არა, რატომ? თავიდან ძირითადში ვთამაშობდი და ყველაფერი კარგად მიგვდიოდა მეც და გია ნერგაძესაც.

- მერე რაღა მოხდა?
- ჯვარედინი იოგები დამიწყდა და საქმეებიც სწორედ ამის შემდეგ ამერია. გიორგისაც იგივე დაემართა... სხვათა შორის, მაშინ ერთდროულად დაშავდნენ ის და გურამ კაშია, მერე ერთადაც მკურნალობდნენ...

- რამდენჯერმე "ტორპედომ" და გიორგი გურულმა მნიშვნელოვანი გოლი თქვენ მიერ შესრულებული "სტანდარტის" შემდეგ გაიტანეს. ეტყობა, ამაზე ბევრს მუშაობთ ვარჯიშებისას...
- ყველა გუნდში ასე ხდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ, მაგრამ დამუშავებულ "სტანდარტს" ყოველთვის ვერ გამოიყენებ, ბევრჯერ, ვითარების მიხედვით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმპროვიზებულად ვიღებთ. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ გურული კარგად გამეხსნა იმ ეპიზოდში...

- კახა ჩხეტიანთან ერთად თამაშობდით და წარმატებებსაც ერთად მიაღწიეთ. თქვენ მეგობრები ხართ და ეს ფაქტი ორივეს უხერხულობას ხომ არ გიქმნით?
- პირიქით, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა, მეტი თანადგომის სურვილი მიჩნდება. კახა მეგობარი მოედნის მიღმაა, თორემ მოედანზე შეცდომას თუ დავუშვებ, სხვებივით მიმითითებს, მეც სხვებივით ვემორჩილები და შენიშვნასაც ჩვეულებრივ ვიღებ. ასე უნდა ხდებოდეს ყველა ნორმალურ გუნდში.

- წლეულს "ტორპედოს" მიზნებზე რას გვეტყვით?
- მიმაჩნია, რომ ჩვენ ისეთი გუნდი, შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი გვყავს, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის საშუალებას გვაძლევს. მინიმუმ, სამეულში უნდა მოვხვდეთ. მაგრამ ეს ჩემი აზრია, ყველაფერს დრო გამოაჩენს.

- პირადად თქვენ როდემდე აპირებთ თამაშს?
- კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და მერე კარიერას დავასრულებ.

- მოგბეზრდათ თამაში?
- არა, თამაშიც მიყვარს და ფეხბურთშიც ყოველი წამი მსიამოვნებს, მაგრამ ასაკში ვარ და აღარ არის დრო?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ადამიანი და ფეხბუეთელი!ერთგული გუნდის!კარგი პირობები მართლაც კარგია თუ ვინმეს ააქვს საქართველოში..ესეიგი წარმატებას უნდა მიაღწიოთ!!
giorgi
18:37 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული