- ჩიხურა-შუქურა 3:1 - როცა ფეხბურთში მთავარი თავია [VIDEO]
- ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ჩვენ ჩავწერეთ გაბედავას ინტერვიუ, რომელშიც საჩხერელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი საინტერესო ამბებს ჰყვება - გუნდზე, ამბიციებზე და პერსონალურ მომენტებზე...
- დუბლის შესრულება ყოველთვის სასიამოვნოა. გახსოვთ, ბოლოს ეს
- მას შემდეგ დიდი ხანია გასული... სამი წლის წინ, ევროპის ლიგაზე ბაქოს "ნეფთჩის" გავუტანე. მართლა დიდი დრო გასულა... მეც არანაკლებ დიდი დრო გამიცდა, არათუ დუბლი, საერთოდ, თამაშიც პრობლემა გამიხდა.
- მთლიანობაში, რამდენ ხანს იუქმეთ?
- დაახლოებით, ორ-ნახევარი წელიწადი. "სამტრედიაში" რომ გადავედი, პირველი წრე არასრულად ვითამაშე, კუნთი გამიწყდა და მერე ბათუმის "დინამოში" გადავედი. იქ კი სულ რაღაც 5 შეხვედრა ჩავატარე. ტრავმას მოვირჩენდი, ვითამაშებდი და ისევ ტრავმას ვიღებდი. მერე ისევ მკურნალობა და ასე - სულ ექიმებში ვიყავი, საშინელი პერიოდი იყო...
- ტრავმის მიზეზი უხარისხო ხელოვნური საფარი ხომ არ იყო?
- ნაწილობრივ ესეც იყო. საქართველოში ნორმალური ხელოვნური მოედანი არსად არ არის, მაგრამ ქობულეთის მოედანი ამ მხრივ მართლა ჩემპიონია. იქ საშინელი საფარია - ძალიან მძიმეც და გაფუჭებულიც. მსგავსი არსად მინახავს.
- საერთოდ, საქართველოში რომელიმე მოედანი მოგწონთ?
- ყველაზე მეტად "ლოკომოტივზე" თამაში მიყვარს - მოედანიც კარგია და საერთო ატმოსფეროც, იქ თამაში სულ მსიამოვნებს. "დინამო არენაზე" ბალახი ყოველთვის კარგი ხარისხის იყო, ახლა "ჩიხურა" ზესტაფონში თამაშობს და იქაც ნორმალური მოედანია. ქობულეთის გარდა, სამტრედიაშიც ცუდი საფარია.
- ბევრი ვერ ხვდება, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონესთან უხარისხო საფარი პირდაპირ კავშირშია...
- რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირია! მოედანი თუ არ ვარგა, იქ ვერც სწრაფად ირბენ, ბურთსაც ვერ გააგორებ და გამორიცხულია - ვერც ლამაზ ფეხბურთს აჩვენებ. კარგი ფეხბურთი მხოლოდ მოთამაშეების მომზადებაზე არ არის დამოკიდებული. 80 პროცენტით მას კარგი საფარი განაპირობებს - ასე ტემპი და ხარისხი ბუნებრივად იზრდება.
გაფუჭებულ გზაზე მანქანა ისეთივე სიჩქარეს განავითარებს, როგორც კარგ ტრასაზე? რა თქმა უნდა, ვერა! ასეა მოედანიც ფეხბურთელისთვის. ზოგ სტადიონზე ისეთი ხალიჩაა, ჭაობივით ითრევს ფეხს და ამ სიტუაციაში რომელ მაღალ ტემპზეა ლაპარაკი?!
- წლევანდელი სეზონი "ჩიხურამ" დამაჯერებლად ვერ დაიწყო, მაგრამ კარგად გააგრძელა...
- სეზონის პირველი მატჩი ყოველთვის რთული ჩასატარებელია, გორის "დილასთან" საუკეთესოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდით... მაგრამ ნელ-ნელა ავთამაშდით და მიმაჩნია, რომ ეს შემთხვევითი არ არის. რამდენ გუნდში მითამაშია, მაგრამ მსგავსი დაბალანსებული შემადგენლობა არც ერთში არ ყოფილა. ყველა პოზიციაზე თანაბარი ძალის მოთამაშეები გვყავს, ნებისმიერს შეუძლია, მოედანზე გავიდეს და ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, დიდი კონკურენცია გუნდზეც დადებითად აისახება, თითოეულ ფეხბურთელზეც და მთლიანობაში - შედეგზეც.
- თქვენი აზრით, წლევანდელი "ჩიხურა" საჩემპიონო ბრძოლისთვის მზადაა?
- დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. მიზანი სამეულში მოხვედრაა. პირველ ადგილზე გასვლის შანსი გარდამავალ ჩემპიონატშიც გვქონდა, მაგრამ საამისოდ რაღაც დაგვაკლდა. თუმცა ყველამ დავინახეთ, რომ პირველობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.
მას შემდეგ "ჩიხურაში" ბევრი რამ შეიცვალა. კონკურენციაზე უკვე გითხარით, რაც ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის. წლეულს შემადგენლობაც გაძლიერდა და გასულ სეზონთან შედარებით ბევრად უკეთ შევთამაშდით, ერთმანეთსაც უკეთ ვუგებთ და მეტად ვენდობით. მწვრთნელის ფაქტორიც გასათვალისწინებელია - სოსო ფრუიძე გუნდს უკვე მეათე წელია ავარჯიშებს, საკუთარი სტილი დაამკვიდრა...
საერთოდ, თუ ფეხბურთელს რაიმეზე პრეტენზია გაქვს, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა დაისახო მიზნად. უკვე დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ.
- ტრავმებზე ვილაპარაკეთ. თქვენ იშვიათი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც ეს "სამტრედიაში" თამაშისას შეგემთხვათ. არადა, იქ ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძეა, რომელსაც ფეხბურთელები ძალიან ემადლიერებიან...
- ამაში, ნაწილობრივ, საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ. ბოლომდე მორჩენილი არ მქონდა ტრავმა, მაგრამ თამაში ისე მინდოდა, ვარჯიში ნაადრევად დავიწყე და კუნთი ისევ გამიწყდა. მე ბათუმის პერიოდი გავიხსენე, სამტრედიაში კი ის მოხდა, რაც ფეხბურთელის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა მოურჩენელი ტრავმა არ არსებობს. მთავარია, იცოდე, როგორ მოახერხო ეს და როგორ გაიარო რეაბილიტაცია. იმ პერიოდმა მაინც ბევრი რამ მასწავლა.
თემურ ლორთქიფანიძემ იცის მოთამაშის მომზადება და სწორედ მასთან მუშაობისას ვისწავლე, ტრავმის რისკი თავიდან როგორ უნდა ავიცილო.
- ...და რა ისწავლეთ? როგორ უნდა აიცილოთ?
- ამაზე თქვენთან ინტერვიუშიც ილაპარაკა. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ორგანიზმში ყოველთვის უნდა გქონდეს წყლის ბალანსი. სერიოზული ტრავმებისა და გაცდენილი დროის შემდეგ წყლის მიღება დავიწყე - თამაშამდე და ვარჯიშამდე დაახლოებით 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ, ვარჯიშის შემდეგ კი 1,5 ლიტრს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია, მაგრამ რაც ამ მეთოდს მივმართე, საბედნიეროდ, ტრავა აღარ მიმიღია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"