მჯერა, რომ შემიძლია - ინტერვიუ ბაჩანა არაბულთან

AutoSharing Option
ბაჩანა არაბული კარგ ფორმაშია. ამ დროისთვის, თბილისის "დინამოს" 2 გოლი აქვს გატანილი და ორივე 23 წლის ფორვარდის ანგარიშზეა. მინდორზეც ისე ჩანს, რომ "სამტრედიიდან" დედაქალაქში დაბრუნებული არაბული გუნდის ლიდერია. "დინამოს" ვერ გამოუვიდა კარგი სტარტი, თუმცა ეს არაბულის თამაშს დაღს ვერ ასვამს...

გასული სეზონი მან "სამტრედიაში" გაატარა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ის არ არის რიგითი ფეხბურთელი. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი, მასზე ბევრს წერდნენ და ლაპარაკობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან პატარა იყო...

ახლა კი ის "ლელოს" კითხვებს პასუხობს. სხვათა შორის, ის
ძალიან საინტერესო რესპონდენტია...

თანამედროვე დინამო
- ახალი გუნდი შენდება. მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ვართ ისეთი, ადრეც რომ გვითამაშია "დინამოში". აკადემიის პირველი გამოშვება მოვიდა "დინამოში". ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. მე მჯერა, რომ მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთის თამაში, გვყავს ახალი მთავარი მწვრთნელი...

მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის შეიძლებოდა, მეტი ქულა აგვეღო. თუნდაც, იმავე "დილასთან" ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, თავისუფლად შეიძლებოდა მოგებაც...

მე არ ვამბობ, რომ ამ გუნდით მაშინვე შეიძლება ევროთასებზე წარმატების მიღწევა და თუნდაც ის, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებს დაუყოვნებლივ მოვთხოვოთ საქართველოს ჩემპიონობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ "დინამოს" თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ჩემპიონატის სამეულში მოსახვედრად იბრძოლოს...

სტარტი მთლად ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც გვინდოდა, მაგრამ წინ მთელი ჩემპიონატია და მდგომარეობას უთუოდ გამოვასწორებთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ხომ არ დათრგუნა "დილასთან" წაგებამ? არანაირად! ახალგაზრდა ფეხბურთელმა წაგებაც უნდა იცოდეს და მოგებაც. ჩვენც, შედარებით გამოცდილი მოთამაშეები ველაპარაკებით მათ, გვერდში ვუდგავართ ყველანაირად...

პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ამ ახალი "დინამოსი" მეიმედება. აქ ისეთი კონტინგენტია, კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ეგაა, ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც ყველაფერს დრო სჭირდება. უცბად არაფერი მოდის...

როგორ დავაბრუნოთ ხალხი სტადიონზე?
- წლევანდელი პირველობა გამორჩეულია. ეს ყველამ ვიცით. ძალიან კარგია ისიც, რომ დავიწყეთ პროდუქტის ნორმალურად შეფუთვა, ვგულისხმობ გაშუქებას. კარგია, როცა ტელევიზორში ხედავ თამაშს. შეიძლება, შენც გაგიჩნდეს სტადიონზე წასვლის სურვილი, რა თქმა უნდა, თუ ხარისხი მისაღები იქნება...

ათგუნდიანი ჩემპიონატი დაძაბულად დაიწყო. კი ბატონო, დაძაბულობა არ ნიშნავს ხარისხს, მაგრამ დონე უცბად არ აიწევს, ესეც ყველამ ვიცით. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. ყველაზე მთავარი მაინც სტადიონზე გულშემატკივრის დაბრუნებაა...

მჯერა, ევროთასებზე ჩვენი ფეხბურთელები ფორმის პიკში იქნებიან და შეძლებენ ქართველი ქომაგის გახარებას. რა თქმა უნდა, ქომაგების თემა ძალიან პრობლემატურია. ასე მგონია: თაობა, რომელიც დღეს წამყვანი უნდა იყოს ფანკულტურის ჩამოყალიბებაში, ისეთ დროს გაიზარდა, როცა ფეხბურთისთვის ბევრს არავის ეცალა. ამიტომ, დღეს წინა პლანზე ცოტა სხვა პრიორიტეტებია. პროდუქტის ხარისხიანი შეფუთვა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია...

ბევრი მიფიქრია იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დავაბრუნოთ ხალხი სტადიონზე. არ მაქვს კონკრეტული პასუხი. მაქვს მხოლოდ ვარაუდები და ერთს თქვენც გეტყვით - ფაქტია, დედაქალაქში ნაკლებია მაყურებელი, ვიდრე რაიონებში. ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, თბილისში უბნების მეტი გუნდი ყოფილიყო?

რა არის მთავარი პრობლემა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის? პირველ რიგში, ეს უხარისხო მინდვრებია. მე კარგად მესმის, რომ აჭარაში, ამ ეტაპზე, ერთადერთი სტადიონი "ჩელე არენაა", მაგრამ იქ თამაში ძალიან სარისკოა ტრავმის მაღალი ალბათობის გამო. თუ მოედანი კარგი არ არის, შენს შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ გამოავლენ...

ნდობა დაგვაკლდა
- ჩვენი თაობა, თუ გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება, ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ ფეხბურთში. საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებას თავიდანვე გავუსინჯეთ გემო. მაგრამ თქვენ მეკითხებით - რატომ ვერ მიაღწია ამ თაობამ მეტს?

რა თქმა უნდა, ლოგიკური კითხვაა. მიზეზი ბევრია - თუნდაც საქართველოს ჩემპიონატის დონე, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ. საქართველოს ჩემპიონატშიც შეიძლება, მოუმატოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა და ამის მაგალითსაც გეტყვით - გია ცეცაძემ "სამტრედიაში" იმ ნაკრების ბიჭები შეგვკრიბა და ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის. ეს მან მხოლოდ კონკრეტული კლუბისთვის კი არა, ქართული ფეხბურთისთვის და გნებავთ, ჩვენი თაობისთვის გააკეთა. ვიგრძენით ნდობა და შედეგიც დაიდო. სახეზეა ცალკეული მოთამაშეების პროგრესიც...

დიახ, ჩვენ ნდობა დაგვაკლდა. ესაა მთავარი მინუსი. ზოგადად, საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. თუმცა მწვრთნელისაც მესმის - მას პირველ რიგში შედეგს სთხოვენ და ურჩევნია, გვერდით გასწიოს ახალგაზრდა ფეხბურთელი და გამოცდილ მოთამაშეებზე გააკეთოს აქცენტი. ჩვენში ბევრია ისეთი გუნდი, რომელიც მხოლოდ ნახევარი წლის პრიზმაში ხედავს სამყაროს. კლუბის ხელმძღვანელობას აინტერესებს მხოლოდ დღევანდელი შედეგი...

რაც შეეხება ესპანეთში გატარებულ პერიოდს, საფეხბურთო თვალსაზრისით, ის არ იყო ჩემთვის წარმატებული, მაგრამ ძალიან გავიზარდე, როგორც პიროვნება. ახლა უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, როცა არჩევანის წინაშე დავდგები...

ესპანეთში მეც დავუშვი შეცდომები და იმ ხალხმაც, ჩემი ტრანსფერით რომ იყვნენ დაკავებულნი. იყო საბუთების პრობლემაც. საკუთარ თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ უნდა გადავსულიყავი სხვა ესპანურ კლუბში, როცა იყო ამის შანსი.

ერთი კია - არასდროს მიზარმაცია და ჩემი ცხოვრებით სულ ფეხბურთელი ვიქნები...

მჯერა, რომ შემიძლია...
- 23 წლის ვარ და ეს ასაკი ფეხბურთელისთვის არ არის დიდი. მითამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ვერაფერი შეედრება იმ ბედნიერებას, რასაც ფეხბურთელი ქვეყნის ჰიმნის მოსმენისა და, ზოგადად, ნაკრებში თამაშის დროს განიცდის...

შინაგანად მჯერა, რომ შემიძლია, საქართველოს ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო. ისე რომ წასულიყო ჩემი კარიერა, როგორც ყველას გვსურდა, აქამდეც ვიქნებობოდი ეროვნულ გუნდში.

თუ ჩემი საკლუბო კარიერა კარგად წავა, მჯერა, ნაკრებში არავინ არაფერს დამიკარგავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხელები რანაირად უდგას რა არის ეგ
avto 1
22:12 26-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული