შუქურა-კოლხეთი 2:4 - ერთ რამედ ღირდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე" გუნდები ისე სწრაფად და სანახაობრივად თამაშობდნენ, თამაშის ყურება ერთ რამედ ღირდა.

საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე (ფოთელებს კაპიტანი ლაშა გოგონაია ჰყავდათ დისკვალიფიცირებული), ცენტრალური მცველის პოზიციაზე მარჯვენა მცველი გიორგი კილასონია დააყენეს, ხოლო მის ადგილზე ფლანგის შემტევი თამაზ ჟიშკარიანი იყო. ლაშა ჯაფარიძის არყოფნაში ქობულეთელთა დამრიგებელმა გია გურულმაც მარცხენა მცველად ფლანგის შემტევი გიგა მამულაშვილი გაამწესა.

ფოთელთა ცენტრალური ნახევარმცველები - დავით ბოლქვაძე, ავთო ენდელაძე და გიორგი ჯანელიძე ბურთს სწრაფად ათამაშებდნენ, ფლანგები შეტევებს ამწვავებდნენ
და ამის ხარჯზე გელა სანაიას გაწვრთნილები ხშირად ქმნიდნენ რიცხობრივ უპირატესობასა და სახიფათო მომენტებს.

სწორი სელექცია
ამ შეხვედრაში ფოთელთა სწორი სელექცია გამოჩნდა - მათ კარგი ლეგიონერების დამატება მოახერხეს. მაგალითად, ჰეთ-თრიკის შემსრულებელ მიკოლა კოვტალიუკის იჯარაში, რომ იტყვიან, კაპიკებია გადახდილი; სწრაფი და სასარგებლოა სენეგალელი არფანგ დაფი, კენიელი ერიკ უმა ოტიენო კი ჩვენი ჩემპიონატის ნამდვილი მშვენებაა. კოვტალიუკის ჰეთ-თრიკში ოტიენოს 2 პასი ურევია (ერთიც - დაფის).

ამას გარდა, ქობულეთელებს რომან ჩაჩუა სწორედ კენიელი "მარსელოს" მოცელვისთვის გაუძევეს.

ქობულეთელთა შორის გამოსარჩევი ლევან კუტალიაა, რომელმაც დუბლის შესრულების გარდა, კიდევ რამდენჯერმე გამოიჩინა თავი და "შუქურას" სუსტი თამაშის ფონზეც კი ჩინებულად გამოიყურებოდა.

დროული შეცვლა
ფოთელებმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყეს, ხოლო ქობულეთელები დაცვაში მოშვებულები იყვნენ. პარადოქსი ის არის, რომ მათ მას შემდეგ შეუტიეს, რაც კაცნაკლულნი დარჩნენ - ზედიზედ 3 რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, რომელთაგან ორი კუტალიას დამსახურებაა.

ნომინალურ მასპინძლებს გელა სანაიამ გასაღები დროული შეცვლით მოუძებნა: საყრდენი ენდელაძის ნაცვლად, მოედანზე თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე შეუშვა. დაღლილობამაც იმოქმედა და ფოთელებმა მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს.

სტიმული დირექტორისგან
თამაშამდე ფოთელთა დირექტორ თემურ ბარქაიას მამა გარდაეცვალა. ამის მიუხედავად, ის მაინც ჩავიდა სამტრედიაში, რაც კოლხებისთვის დამატებითი სტიმული გამოდგა და ეს დამსახურებული და შთამბეჭდავი გამარჯვება ნოდარ ბარქაიას ხსოვნას მიუძღვნეს.

ეროვნული ლიგა. IV ტური
01.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
შუქურა-კოლხეთი 2:4
გოლები: 1:0 კუტალია (21. გურულის პასით), 1:1 კოვტალიუკი (33. ოტიენოს პასით), 1:2 კოვტალიუკი (56. ოტიენოს პასით), 2:2 კუტალია (61. საბაძის პასით), 2:3 კოვტალიუკი (82. დაფის პასით), 2:4 ბუხაიძე (90. ლუკავას პასით)
შუქურა (4-2-3-1): ჯიოევი - ჩაჩუა, ჭეჟია ბ. მახარაძე, მამულაშვილი - ჟეფინიო (90+2. გოგიტიძე), ჭეჭელაშვილი - ს. გურული, კლიმიაშვილი (62. ჭანუყვაძე), ართმელაძე (59. საბაძე) - კუტალია.
სათადარიგოები: სტურუა, ცეცხლაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გია გურული
კოლხეთი (4-2-3-1): შერმადინი - ჟიშკარიანი, გ. კილასონია, შ. კერძევაძე, ოტიენო - ბოლქვაძე, ა. ენდელაძე (77. ბუხაიძე) - კორობკა (64. ლუკავა), ჯანელიძე, დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგოები: ხოფერია, ლ. კაკულია, შალიკაშვილი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილებები: მახარაძე (28), ჩაჩუა (35), ართმელაძე (40), ჟეფინიო (84), ჭეჟია (89)
გაძევება: ჩაჩუა (64. შუქურა)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

მატჩის სტენოგრამა
3' - ქობულეთელთა სახიფათო შეტევა. მარცხენა ფლანგიდან ართმელაძემ ჩააწოდა, კუტალიამ თავით ბურთი დაუგდო კლიმიაშვილს, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა და ააცილა.
8' - ფოთელთა რეალური მომენტი: მარჯვენა ფლანგზე წამოწყებული სწრაფი შეტევა კოვტალიუკმა გაუგრძელა ჯანელიძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავური დაარტყა და "შუქურა" მეკარე ჯიოევმა გადაარჩინა.
17' - ჯარიმა შეასრულა ბოლქვაძემ. ჯიოევი გამოსვლისას შეცდა და პენალტის ნიშნულიდან ჯანელიძემ მიზანს ისევ ააცილა.
21' - 1:0! ქობულეთელთა უსწრაფესი კონტრშეტევა გურულმა წამოიწყო, 60 მეტრი დაუბრკოლებლად გაირბინა და კარის წინ გახსნილი კუტალია მოძებნა, რომელმაც ოტიენოს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
27' - ფოთელებმა ისევ შეუტიეს და ჟიშკარიანის ჩაწოდების შემდეგ ახლო მანძილიდან კვლავ ჯანელიძე ურტყამდა, მაგრამ ქობულეთელები ისევ მეკარემ გადაარჩინა.
33' - 1:1! ფოთელებმა უპირატესობა ანგარიშშიც ასახეს. მარცხენა ფლანგიდან ოტიენოს ჩაწოდების შემდეგ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კოვტალიუკმა თავით ზუსტად დაარტყა.
56' - 1:2! ფოთელები სწრაფი და ლამაზი შეტევით დაწინაურდნენ. ოტიენომ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მშვენივრად გაიხსნა კოვტალიუკი და ბურთს ფეხი მისცხო.
61' - 2:2! ლევან საბაძემ დაცვაში ხვრელი მოძებნა, კუტალიამ მცველებს ამჯერადაც დაასწრო და "ცხრიანში" ულამაზესი გოლი გაიტანა.
65' - ქობულეთელები კაცნაკლულები დარჩნენ: რომან ჩაჩუამ ოტიენო მოცელა და არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა, სრულიად სამართლიანად, მეორე ყვითელი და ზედაც წითელი ბარათი აუფრიალა.
73' - ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეფინიომ დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა. მეკარე ნიკა შერმადინი (უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრას ატარებდა) ბურთს ბოლო მომენტში შესწვდა და კოლხები გადაარჩინა.
76' - დაუღალავმა კუტალიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა - საჯარიმოში კერძევაძეს "მოჰპარა" ბურთი და უცებ დაარტყა, მაგრამ შერმადინმა ამჯერადაც მშვენივრად ითამაშა.
82' - 2:3! ოტიენოს ჩაწოდების შემდეგ დაფმა კარის წინ კოვტალიუკს დაუგორა და კოლხეთი დაწინაურდა.
90' - 2:4! ლუკავამ ფლანგზე ჯარიმა შეასრულა, გიორგი ბუხაიძე მცველს გაექცა და ახლო მანძილიდან თავით გაიტანა.

ბომბარდირები
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 3
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 2
ბ. არაბული (დინამო თბ) 2
გ. კოხრეიძე (საბურთალო) 2
გ. გაბედავა (ჩიხურა) 2

მომდევნო ტური
4 აპრილი
კოლხეთი-ლოკომოტივი
ტორპედო-დილა

5 აპრილი
დინამო (ბთ)-შუქურა
დინამო (თბ)-ჩიხურა
საბურთალო-სამტრედია

ეროვნული ლიგა 2
IV ტური
გაგრა-რუსთავი 1:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 1:0
ზუგდიდი-გურია 2:3
მეშახტე-სამგურალი 0:1
მერანი-სიონი 1:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მერანი 4 3 1 0 9-1 10
2. სიონი 4 3 0 1 5-2 9
3. გაგრა 4 2 1 1 5-2 7
4. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6-5 6
5. გურია 4 2 0 1 6-7 6
6. სამგურალი 4 2 0 2 5-6 6
7. რუსთავი 4 1 1 2 6-7 4
8. ცხინვალი 4 1 1 2 5-7 4
9. მეშახტე 4 1 1 2 4-9 4
10. ზუგდიდი 4 0 1 3 3-8 1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ვუყურე. ძალიან გამიკვირდა. ძალიან კარგი თამაში იყო. ესე თუ გააგრძელეს, დონეც გაიზრდება. ლოკო-ტორპედო არ მომეწონა.
ჰაჰა
13:51 03-04-2017
0
ყოჩაღ სანაია, მართლაც ლამაზი მატჩი იყო !
იმედია რომ ხვალ ლოკოსაც გააგორებ!
Jango
14:12 03-04-2017
0

სიახლეები პოპულარული