ჩიხურა-საბურთალო 2:1 - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან, ძალიან დასანანი მარცხი იწვნია "საბურთალომ", "ჩიხურამ" კი მეტად საჭირო 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ფეხბურთში ასე არცთუ იშვიათად ხდება: იგებს ის, ვინც მეტს ითმენს, ელის საგოლე შანსებს და მეტოქეზე უკეთ იყენებს.

"საბურთალოს" ძირითადი შემადგენლობის 5 მცველი აკლდა და არ შეიძლებოდა, ამ გარემოებას გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდის თამაშისთვის დაღი არ დაესვა. საბოლოოდ, ასეც მოხდა. ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა დიმიტრი ტატანაშვილმა ორი გოლი შეაგდო. ორიდან ერთი - ნომინალურ სტუმართა აშკარა შეცდომას მოჰყვა, როცა გამოცდილმა ზურაბ არზიანმა თავით უხეიროდ მოიგერია ბურთი.

არც
მეორე გაშვებული გოლისას გარჯილან მთლად იდეალურად "საბურთალოს" მცველები...

საერთო ჯამში, თბილისური კლუბისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა თედორე გრიგალაშვილის, ნოდარ იაშვილის, ცოტნე ნადარაიას, გრიგოლ ჩაბრაძისა და ელვინ ტერას დანაკლისი. ბოლო მატჩებში ამპლუით საყრდენ ნახევარმცველ ტერას ჭიაბრიშვილი მცველად იყენებდა. ის დისკვალიფიცირებული იყო ისევე, როგორც საჩხერელი ლაშა ჩიკვაიძე.

პირველ ტაიმში "საბურთალო" აშკარად სჯობდა მეტოქეს. შეუჩერებელი იყო გუნდის ლიდერი გიორგი ხარაიშვილი. მეორე ნახევარში კი საჩხერელთა გამოცდილებამ იძალა. თუნდაც, იმავე ტატანაშვილის მომენტები რომ ავიღოთ - ახალგაზრდა საბურთალოელებმა გადამწყვეტ სიტუაციებში ასეთი ცივსისხლიანობა ვერ გამოავლინეს.

რა თქმა უნდა, პირველ ტაიმში ყველას ძალიან მოგვეწონა ხარაიშვილის შესანიშნავი გარჯა, მაგრამ ამ უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელით კმაყოფილი მაშინ ვიქნებით, როცა ის თამაშის ორივე ნახევარს ერთნაირად კარგად ჩაატარებს.

მეორე ტაიმში "ჩიხურა" უკეთესი თუ არა, უარესი ნამდვილად არ იყო მეტოქეზე, თუმცა ვეჭვობთ, გუშინდელი მატჩის შინაარსი იმერელთა დამრიგებელ სოსო ფრუიძეს კმაყოფილს მაინც არ დატოვებდა. გამარჯვება კარგია, მაგრამ ამ თამაშში საჩხერული კლუბი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოა შემადგენლობით, მაინც ვერ იყო ისეთი, როგორსაც მისგან ელიან.

რა თქმა უნდა, "საბურთალოს" ჰქონდა მიზეზი, რომ არბიტრის ქმედებით უკმაყოფილო დარჩენილიყო. ვგულისხმობთ პირველ ტაიმში ხარაიშვილის ეპიზოდს, როცა ის საჯარიმოში წაიქცა. რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ შემტევი ისეთ კარგ პოზიციაში იყო, "გონივრული ეჭვი" გვაქვს, იმ მდგომარეობაში არ "გააფორმებდა" ეპიზოდს.

და მაინც, არბიტრს გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია თამაშის შედეგზე და მომენტებში აშკარად უკეთესი "საბურთალო" საგოლე შანსების რეალიზაციის დაბალმა პროცენტმა დააღალატა.

მატჩის სტენოგრამა
3' - ხარაიშვილი სახიფათოდ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და წაიქცა. საეჭვო ეპიზოდი იყო, თუმცა არბიტრმა დუმილი არჩია.
5' - რიკოშეტის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა "ჩიხურას" კარს.
7' - ჰამზიჩმა ჯერ ხარაიშვილს აუღო რთული ბურთი, მერე იმნაძესაც არ გაატანინა.
16' - გორგიაშვილის დარტყმა კუპატაძემ მოიგერია.
17' - შინდაგორიძის გადაცემის შემდეგ ვაგნერმა ვერ გაიტანა.
38' - სარდალიშვილის ჩაწოდების შემდეგ კუპატაძემ კაკუბავას თავური არ გაატანინა.
48' - 0:1! საბურთალოელთა კუთხური ვაგნერმა მოაწოდა. ცნობილაძემ საჰაერო ბრძოლა მოიგო და ანგარიში გახსნა.
54' - 1:1! არზიანი შეცდა ბურთის მოგერიებისას, რაც კარგად გამოიყენა ტატანაშვილმა და ანგარიში გაათანაბრა.
57' - 2:1! კორიფაძემ სარდალიშვილს დაუგდო ბურთი, მისი დარტყმა კუპატაძემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ტატანაშვილმა იმარჯვა და დუბლი გაიფორმა.
65' - კუპატაძის შეცდომის შემდეგ დეკანოიძე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ბურთი გარედან გაარტყა კარის ბადეს.
73' - ტატანაშვილს "საბურთალოს" მეკარემ არ გაატანინა.
89' - ფიფიას თავური ჰამზიჩმა მოიხელთა.

ეროვნული ლიგა. VI ტური
09.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
ჩიხურა-საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 ცნობილაძე (48), 1:1 ტატანაშვილი (54), 2:1 ტატანაშვილი (57)
ჩიხურა (4-5-1): ჰამზიჩი - შ. კაშია, კაკუბავა, ლ. ჭელიძე, კორიფაძე - ივანიშვილი, სარდალიშვილი (60. განუგრავა), გორგიაშვილი, დობროვოლსკი, გეგეჭკორი (52. დეკანოიძე) - ტატანაშვილი (77. გელაშვილი).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, მირცხულავა, ლეკვთაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
საბურთალო (4-4-2): ლ. კუპატაძე - მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ვაგნერი (65. ბიძინაშვილი), მამუჩაშვილი, არზიანი (71. ფიფია), ხარაიშვილი - შინდაგორიძე, იმნაძე (60. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ალთუნაშვილი, სოფრომაძე, ჩოგაძე
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: შ. კაშია (35), კაკუბავა (69)
არბიტრი: ბ. ნინუა.

მომდევნო ტური
12 აპრილი
ლოკომოტივი-დილა

13 აპრილი
კოლხეთი-სამტრედია
დინამო (თბ)-შუქურა
საბურთალო-დინამო (ბთ)
ტორპედო-ჩიხურა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4
გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3
ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული