აღარც იმედი, აღარც შეროზია

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთში" არსებული უმძიმესი ფინანსური კრიზისის შესახებ "ლელოს" მკითხველი კარგადაა ინფორმირებული. სეზონი ახალი დაწყებული იყო, კლუბს რომ გაუჭირდა და, როგორც ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება, მდგომარეობის გამოსწორების იმედი ფუჭი აღმოჩნდა.

სარწმუნო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ ორიოდე დღის წინ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ბესიკ შეროზიამ. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში არც "კოლხეთის" წარმომადგენლებმა უარყვეს. შეროზია მასმედიასთან კონტაქტს არასდროს გაურბის და ბოლო დროს კლუბის გასაჭირზე გამუდმებით ლაპარაკობდა, გუშინ კი მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, გავესაუბრეთ გუნდის უფროსსა და ფოთელთა დუბლშემადგენლობის მწვრთნელ ზაზა ინიაშვილს, რომელმაც
შეროზიას ამბავი დაზუსტებით ვერ გვითხრა, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ "კოლხეთიდან" წასვლაზე ზუგდიდელი სპეციალისტი ნამდვილად ფიქრობდა. ინიაშვილი გუნდის დატოვებას თავადაც არ გამორიცხავს.

"ყველაფრის თავი და თავი, რაღა თქმა უნდა, უსახსრობა და ამით გამოწვეული უპერსპექტივობაა. ყველას გვინდა კარგი გუნდის ყოლა და დიდიმიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობა წინსვლაზე კი არა, არსებობაზე ფიქრის საშუალებასაც კი გვისპობს. ბესიკ შეროზიასთან ბოლო ორი დღეა, არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ წასვლას აპირებდა და გამორიცხული არ არის, "კოლხეთმა" "ზესტაფონთან" მატჩი მის გარეშე ჩაატაროს.

გუნდის მიტოვება არც შეროზიას უნდოდა და არც მე მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა. "ზესტაფონთან" შეხვედრისთვის ალბათ "კოლხეთში" ვიქნები, მაგრამ გუნდს მოედანზე მე არ გავიყვან. მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს, სავარაუდოდ, დავით მახარაძე შეასრულებს. კლუბის პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვერ ვუღალატებ და სანამ "კოლხეთის" გადარჩენის მცირედი შანსი მაინც იარსებებს, დავრჩები, მაგრამ მეეჭვება, საშველი გამოჩნდეს", - გვითხრა ზაზა ინიაშვილმა.

შეგახსენებთ, შეროზიამ გუნდი გასული წლის მიწურულსაც დატოვა, მაგრამ ხელმძღვანელობამ დააიმედა, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდოდა. სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე მწვრთნელთან ერთად "კოლხეთს" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაუბრუნდა. როგორც ჩანს, ძალიან მცირე ხნით...

გუშინწინ "კოლხეთის" პრეზიდენტი თემურ ბარქაია ქალაქის მერ ვახტანგ ლემონჯავას შეხვედრია და კლუბისთვის სპონსორის მოძიების შესაძლებლობაზე ულაპარაკია, მაგრამ, როგორც ჩანს, მისმა ამ მცდელობამაც ამაოდ ჩაიარა. ბარქაია "კოლხეთს" წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ინახავდა, გუნდი უმაღლეს ლიგაში სწორედ მისი ძალისხმევით გადავიდა, თუმცა ბოლო დროს ბარქაიას შესაძლებლობები კლუბის ელემენტარულ საჭიროებებსაც ვეღარ გასწვდა, მრავალგზის დაპირებული სპონსორი კი "კოლხეთში" არა და არ გამოჩნდა...

ასეთია ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა - უმაღლესი ლიგის ათი კლუბიდან ორის უმაღლესში დარჩენა კი არა, არსებობაც კი ძალიან სათუო გახდა. თანაც, ორივე კლუბი ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქებს მიეკუთვნება და მათი დაშლით ამ ქალაქებში საფეხბურთო კერაც, ფაქტობრივად, მოიშლება. შესაძლოა, ჯერ კიდევ იყოს "სამტრედიასა" და "კოლხეთის" გადარჩენის შანსი, მაგრამ ეს, ალბათ, ამ გუნდების ყველაზე ოპტიმისტ ქომაგებსაც აღარ სჯერათ.

აი, ასე უიღბლო გამოდგა "კოლხეთის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება. არადა, გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, საკმაო ქულებიც დააგროვა და რომ არა გაჭირვება, ალბათ, უძლიერესთა შორის დარჩენასაც შეძლებდა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ფოთელებო, პამპულა ეპისკოპოსების შესანახად თავს რომ არ ზოგავთ, ფეხბურთელებს მიხედეთ ისინიც სამადლო საქმეს შვრებიან
dzuku
17:51 11-03-2011
0
შეძლებდა კი არა,დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება,რომ 5_შიც შევიდოდა !
დემეტრე
17:28 11-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული