დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0 - როგორც დინამიური მანქანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ თამაშს ქართული ფეხბურთის მოყვარული დიდი ინტერესითა და იმედით ელოდა, იმ მოტივით, რომ დაძაბულ დერბის ნახავდა, მაგრამ... იმედები გაგვიცრუვდა - "დინამო" კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იდგა და ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ბრძოლა არ გამოვიდა.

შეხვედრა დინამოელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. საწყისი წუთები უფერული იყო, მეტოქეები ფრთხილად თამაშობდნენ, ტემპიც დაბალი გახლდათ და რეალური საგოლე მომენტი თითქმის არ შექმნილა. მერე კი "დინამომ" მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვია თავს და დამაჯერებლად მოიგო.

კახა კაჭარავას გუნდი ტემპს ისე ცვლიდა, როგორც სურდა, მეტოქის დაცვაში კი ბავშვურ შეცდომებს იოლად
იყენებდა - ზოგჯერ, ვერც იყენებდა, მაგრამ პოულობდა...

რატომ ვერ ითამაშა "ლოკომოტივმა"? შესაძლოა, იმიტომ, რომ საკუთარ სტილს უღალატა, მეტისმეტად ფრთხილი იყო და ამით საკუთარი პლუსები დაჩრდილა. მეორე მხრივ, ესეც დინამოელთა დამსახურებაა, რადგან მეტოქეზე მობილიზებულად თამაშობდნენ, ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ, დაცვაში შეცდომს არ უშვებდნენ და თავისი ფეხბურთიც ითამაშეს.

კაჭარავამ მომგებიანი სტრატეგია შეიმუშავა - დინამოელები მეტოქეს მკაცრი პრესინგით გასაქანს არ აძლევდნენ, სივრცეს არ უტოვებდნენ და ხელ-ფეხი შეუბოჭეს. რაც მთავარია, "დინამომ" არა "ლოკომოტივის" თავდამსხმელები, არამედ, მათი "მომმარაგებლები" ჩაკეტა და რადგან ეროვნული ლიგის ყველაზე წარმატებულ თავდამსხმელებს ბურთით სწორედაც რომ ვერ ამარაგებდნენ, ირაკლი სიხაულიძემ და მამია გავაშელიშვილმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხეს. თუმცა, სიხარულიძეს ამის შანსი მაინც ჰქონდა.

გადამწყვეტი იყო მეორე ტაიმის დასაწყისი, როცა გიორგი დევდარიანმა გარისკა და მოედანზე ორი შემტევი შეუშვა, მაგრამ თავად ფეხბურთელები ვერ რისკავდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ერთმა გუნდმა მეორე დაჩაგრა.

ამჯერად "ლოკომოტივს" არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რითიც აქამდე იგებდა. მესამე გოლის შემდეგ 26 წუთი იყო დარჩენილი და ამის მიუხედავად, ფაქტობრივად, ბრძოლა შეწყვიტა.

მატჩის სტენოგრამა
7' - ლოკომოტიველთა სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას ცდილობდა გიორგი კიკნაძე, რომელიც ორ მცველს ეფექტურად გასცდა, თუმცა დარტყმაში ხელი მცველმა შეუშალა.
10' - ბაჩანა არაბულმა სცადა "ლოკომოტივის" კარის აღება, მაგრამ წინ მცველი გადაეღობა.
14' - კიტეიშვილმა საჯარიმოსკენ დაძრული მიქელთაძე შენიშნა, რომელიც კარის წინ მარტო დარჩა, მაგრამ ბურთი ვერ მოათვინიერა და მშვენიერი მომენტით გაანიავა.
27' - გავაშელიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ სიხარულიძე გათავისუფლდა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი გამოდგა და რეალური მომენტი გაანიავა.
28' - გოლი! სტუმართა დაცვამ მიუტევებელი შეცდომები დაუშვა: ჯერ, მარჯვენა ფლანგიდან მიქელთაძეს უპრობლემოდ ჩააწოდებინეს, ხოლო საჯარიმოში პაპუნაშვილმა ახლოდან ისე დაარტყა, ხელი არავინ შეუშალა - 1:0.
36' - გოლი! ლობჟანიძემ ბურთი კიტეიშვილს გადააწოდა, რომელსაც კვლავ არავინ შეუშალა ხელი და 20 მეტრიდან "ლოკომოტივის" კარის ბადე მეორედაც შეირხა - 2:0.
39' - ლობჟანიძე-თოთაძის შეტევის დაგვირგვინება ისევ კიტეიშვილს სურდა, მაგრამ კარის ძელს შეეჯახა, იოლად გადარჩა და თამაში გააგრძელა.
42' - კომახიძის ჩაწოდებული ბურთი კარში ისევ სიხარულიძემ დაარტყა, მაგრამ თავური ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა.
44' - დინამოელთა სწრაფი და მწვავე შეტევის დაგვირგვინებას პაპუნაშვილი ცდილობდა, მაგრამ ბურთი ვერ "მოჭრა" და კარს ააცილა.
46' - არაბულმა კართან ჩააწოდა, სადაც მიქელთაძე მარტო იყო, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა. ამ დროს, კარის წინ, სრულიად უმეთვალყურეოდ(!), კიდევ სამი დინამოელი დარჩა - კიტეიშვილი, პაპუნაშვილი და ლობჟანიძე.
47' - სტუმრებმა ანგარიშის შემცირების რეალური შანსით ვერ ისარგებლეს: კომახიძის ჩაწოდების შემდეგ ნოდარ ქავთარაძემ კარში ახლოდან (ზუსტად იმავე პოზიციიდან და ანალოგიური კომბინაციით ქავთარაძემ პირველ წრეში "დინამოს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა), მაგრამ სუსტად დაარტყა.
49' - კიტეიშვილმა კარის წინ არაბული დატოვა, რომლის თავურზეც მეკარე თევდორაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა.
57' - დინამოელთა სწრაფი შეტევა. არაბულმა დაარტყა და თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ლობჟანიძეს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა... ბურთი დიდი მანძილით ასცდა მიზანს.
64' - ისევ გოლი, რომელიც არაბულის აქტიურობას მოჰყვა. "დინამოს" ფორვარდმა რეხვიაშვილი შეავიწროვა, რომელმაც ბოლოს ბურთი დაკარგა და მიქელთაძემ მეკარესთან პირისპირ სწორედ არაბული დატოვა, რომლის დარტყმული ჯერ მეკარეს მოხვდა, ხოლო შემდეგ გულვერდ თომაშვილის ფეხიდან ბადეში აღმოჩნდა - 3:0.
76' - გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით მეკარესთან პირისპირ დატოვა ლობჟანიძე, რომელმაც ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და არაზუსტად დაარტყა.
80' - ლობჟანიძის შორეული დარტყმა. "ლოკომოტივი" თევდორაძემ გადაარჩინა.
84' - დიასამიძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში სიხარულიძემ დაარტყა და ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია.
87' - პაპუნაშვილის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა მიქელთაძე და "ლოკომოტივი" კვლავ მეკარემ გადაარჩინა.
90+2' - კიტეიშვილმა შორიდან დაარტყა და თევდორაძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი (ლოკომოტივი):
"ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. მეც მაჯობა დღეს კახა კაჭარავამ და "დინამოს" ფეხბურთელებმაც აჯობეს ჩვენს ფეხბურთელებს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მოგებულმა მატჩებმა, რეალობის გრძნობა დაგვაკარგვინა. "დინამოსთან" წაგების შემდეგ, მიწაზე დავეშვებით. სეზონის განმავლობაში ყველა თამაშს ერთ დონეზე ვერ ითამაშებ. ვეცდებით, ეს დღე მალე დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებს ღირსეულად შევხვდეთ. ერთი ფაქტი მახარებს - "დინამოსთან" კიდევ ორჯერ ვითამაშებთ და საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციის შანსი გვექნება. ასეთი საღამოსთვის "ლოკომოტივის" ქომაგებს ბოდიშს ვუხდი, "დინამოს" კი დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ".

კახა კაჭარავა (დინამო):
"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, რთული თამაშისთვის მზად ვიყავით. "ლოკომოტივი" კარგი და დისციპლინირებული გუნდია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხბურთელები თავიდანვე მეტად მონდომებულები და მობილიზებულები გავიდნენ მოედანზე, რამაც შედეგი გამოიღო. გუნდმა კარგად ითამაშა. ვულოცავ ჩემს ბიჭებს და "დინამოს" გულშემატკივრებს. მომავალში როტაციაც იქნება. ჩვენ არ გვყავს ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი, თუმცა ყველაფერი კანონზომიერად მიდის. ვეცდებით, ეს რიტმი შევინარჩუნოთ".

ეროვნული ლიგა. XI ტური
10.05. თბილისი. დინამო არენა
დინამო(თბ)-ლოკომოტივი 3:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (28. მიქელთაძის პასით), 2:0 კიტეიშვილი (36), 3:0 თომაშვილი (64-საკ. კარში)
დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - გ. კუცია, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი - ქარდავა, კიტეიშვილი - პაპუნაშვილი (90+2. მესხი), ს. ლობჟანიძე (82. გ. თევზაძე), მიქელთაძე - არაბული (75. ჩაკვეტაძე).
სათადარიგოები: რევიშვილი, სალუქვაძე, ზარია, ნ. ნინუა
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - თომაშვილი (78. ნ. ჭანტურია), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ქავთარაძე, არდაზიშვილი (54. არველაძე), კომახიძე - კიკნაძე (49. დიასამიძე), სიხარულიძე, გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, გაბაძე, სამურკასოვი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილებები: კუცია (76)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7
ბ. არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დათოს არაფერი სხვებისათვის დამამცირებელი არ უთქვამს,თვითონაც ესმის,რომ ეს უბრალოდ იდეაა და იმას გულისხმობდა,რაც წინა წლების ჩვენს უბედურებად იქცა,კერძოდ ის,რომ გუნდები ყოველ ნახევარ წელიწადში რადიკალურად იცვლიდნენ შემადგენლობას,ახლად შეკრებილი გუნდი კი ცხადია შეუთამაშებელი იყო და ეს უფრო დაბლა სცემდა მათ რეალურ,ისედაც სუსტ ძალას.ახლაც სამტრედიამ დაჰკარგა დამრტყმელი თავდამსხმელები.შეტევაში ,მით უმეტეს საკუთარ მოედანზე ,პირველ ნომრად თამაში უჭირს,დინამო კი გამართულ ფეხბურთს თამაშობს,თუმცა გიზოგიც მართალია,როცა ამბობს,რომ დინამო ჯერ მზად არ არის ევროთასებისათვისო,ჯერ ნამეტანი ახალგაზრდები არიან.
ისე ლოკომოტივი ძალიან მომწონს,მაგრამ ასე სუტად წაგება იმის ბრალიც მგონია,რომ წინა ხაზში არ თამაშობს გამოცდილი ფეხბურთელი,რომელიც წინ გაუძღვება დაბნეულ ახალგაზრდა ბიჭებს.საერთოდ გუნდს და მით უმეტეს ახალგაზრდულს ყოველ რგოლში სჭირდება ლიდერი,რომელიც აბალანსებს ახალგაზრდების არასტაბილურობას.ეს ცხადია გია დევდარიანმაც კარგად იცის,მაგრამ თუ ეს შემადგენლობა შენარჩუნდება,მაშინ ადგილზეც დაწინაურდებიან ახალგაზრდა ლიდერები,თუმცა მათი სტაბილურობა შედარებით ნაკლები იქნება.
აი დინამო კი,მართლა ყოჩაღ კაჭარავასაც და დინამოსაც.არ ვიცი რა იქნება მომდევნო ტურში ,მაგრამ ასეთი გამარჯვებების სერია,თანაც მშრალად,ახალგაზრდული გუნდისაგან სრულიად მოულოდნელი იყო.
სოსო
11:42 12-05-2017
0
მესამე ეტაპზე ითამაშა გუნდმა და ზაგრებთან და პაოკთან დამარცხდა ჩვენს პირობებში ეგეც საქმეა ვნახოთ აბა სამტრედია ან რომელიმე სხვა გუნდი თუ მიაღწევს პლეიოფამდე
guros
10:00 12-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული