ბეჭვაიას ლოგიკის არ სჯერა

AutoSharing Option
დიდთოვლობისა და სხვა მიზეზთა გამო წლეულს ცხინვალის "სპარტაკმა" პირველად ითამაშა საშინაო არენაზე. მიმდინარე სეზონში ჩემპიონატსა და თასზე ეს გუნდები უკვე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და უინტერესო არც ერთი მატჩი გამომდგარა. ერთი (თასის მეოთხედფინალში) კი სულაც მცირე სკანდალით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის პაუზის მერე ორივე გუნდი ერთობ შედეგიანად ირჯება, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე არც მოტივაციის სიმცირეს უნდა უჩიოდნენ (განსაკუთრებით "სპარტაკი") და რა გასაკვირია, რომ საკმაოდ ქარიან ამინდში შეკრებილი მაყურებელი თვალსასეირო დაპირისპირების მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, იმედი გაუცრუვდა.

მეორე ტაიმს კიდევ არა უშავდა, შეხვედრის
პირველი ნახევარი კი მეტისმეტად უნიტერესო გამოდგა. თითქმის იდენტური ტაქტიკური სქემით მოთამაშე გუნდებმა თავიდანვე მეტწილად მოედნის შეუაგულში გააჩაღეს ბურთაობა. "სპარტაკიც" და "ვიტ ჯორჯიაც" ძალიან უხეიროდ უტევდნენ. ორივე გუნდის გამოკვეთილი თავდამსხმელები ბარაბაძე და როსტიმაშვილი მცველთა მარწუხებში ჩაკარგულიყვნენ და ძირითადად უბურთოდ მოძრაობა უწევდათ. ამასთან, ისინი (განსაკუთრებით ბარაბაძე) ხშირად ხვდებოდნენ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში. ნაკლებად ნაყოფიერი და შეცდომებით გაჯერებული იყო ორივე გუნდის ფლანგელთა გარჯაც. ამიტომაც გრიშიკაშვილს და მიქაბერიძეს საქმე ცოტა ჰქონდათ და საერთოდ შესვენებამდე არათუ საგოლე, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც ვერ მოვინიშნეთ.

შესვენებაზე ბადრი კვარაცხელიამ ორმაგი ცვლილებით სცადა ვითარების შეცვლა, მაგრამ ვლადიმერ უგრეხელიძემაც და ვალერი ბოლქვაძემაც ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრეს თავი. მეტადრე ამ უკანასკნელის შთამბეჭდავ გარჯას ველოდით, თუმცა ცხინვალელთა გამთამაშებელი ისე ვერ მოქმედებდა, მისი გუნდის ქომაგი რომ ელოდა. 58-ე წუთზე, როგორც იქნა, შეხვედრის პირველი საგოლე მომენტი ვიხილეთ შეტევის მარცხენა ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდებულზე კარის წინ მყოფ გიგა ბეჭვაიას ცოტა დააკლდა, რომ ბურთისთვის ფეხი მიერტყა და გაეტანა, ვერ მისწვდა მას მასპინძელთა მეკარეც და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა ძელს.

მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები ნელ-ნელა დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და "სპარტაკის" კართან ხიფათმაც იმატა. მართალია, მასპინძლებიც უფრო ფხიანად ათამაშდნენ, თუმცა საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სახიფათო ჯარმის გარდა დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნეს, თანაც ეს სტანდარტულიც მეტად უხეიროდ შესრულდა (ბოლქვაძე). 82-ე წუთზე როსტიაშვილის პასით კორიფაძეს მიეცა საგოლე შანსი და გრიშიკაშვილს ფეხიდან რომ არ აერთვა მისთვის ბურთი, ანგარიშიც გაიხსნებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ "სპარტაკი" მხოლოდ დროებით გადარჩა. თამაშის დასასრულისკენ ბეჭვაიამ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, გრიშიკაშვილი კი არ განძრეულა და ბურთიც ბადეში გაეხვია 0:1.

მატჩის შემდეგ:
ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე მოულოდნელი ბურთი გავუშვით. სამწუხაროდ, ტრავმების და სხვა მიზეზთა გამო რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, რასაც მეტრეველის დისკვალიფიკაციაც დაემატა... მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელებისგან უფრო მეტს ველოდი. განსაკუთრებით მოულოდნელი დეკანოიძისა და კლოვისის ინერტულობა იყო."


გორი. ქართლი 200 მაყურებელი
სპარტაკი - ვიტ ჯორჯია 0:1
0:1 - ბეჭვაია (90)

სპარტაკი ვიტ ჯორჯია
(4-2-3-1): (4-2-3-1):
გრიშიკაშვილი ა. მიქაბერიძე
ჭაფოძე ხურცილავა
ბოიომო ადამაძე
ალავიძე კასრაძე
ოთარაშვილი ღანიაშვილი
მამუჩიშვილი გურამ გურეშიძე
კილასონია ვასაძე
თუხარელი ბეჭვაია
კლოვისი ჯანელიძე
დეკანოიძე კორიფაძე
ბარაბაძე როსტიაშვილი

46. კლოვისი - ვ. ბოლქვაძე
46. დეკანოიძე - უგრეხელიძე
75. ბარაბაძე - ბუზალაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ნარიმანიძე, ჯიშკარიანი, კაკაშვილი

84. როსტიაშვილი - ზაქრაძე
90. ჯანელიძე - გოგიაშვილი
სათადარიგოები: ძაძამია, გიორგი გურეშიძე, გაბრიჭიძე, ლობჟანიძე, ჭანკვეტაძე

გაფრთხილება: ღანიაშვილი (10), ბეჭვაია (29), კლოვისი (43), ჭაფოძე (55)
მსაჯი: ლ. სილაგავა (თბილისი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული