ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გასული ტურით "მაისის მარათონი" დასრულდა: ამ ერთი თვის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ხომ 6 ტური ჩატარდა!

ჰო, ნამდვილად ვერ იქნებოდა ადვილი, ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება და შესაძლოა, სწორედ გადატვირთული კალენდრის გამოც გაუარესდა რამდენიმე გუნდის შედეგიც...

ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ორ დედაქალაქურ გუნდს ვგულისხმობთ: სარეკორდო რაოდენობის ტრავმირებულ ფეხბურთელთა არყოფნაში "საბურთალომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, ასევე არაოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" კი ზედიზედ მეხუთედ დამარცხდა!

აი, ეს ამბავი კი, მართლაც დიდი მოულოდნელობაა: სულ რაღაც ერთი თვის წინათ "ლოკომოტივის" საჩემპიონო ამბიციებზე ვსაუბრობდით,
ახლა კი, ზედიზედ ხუთმა წაგებამ ეს გუნდი V ადგილამდე დააქვეითა და არც ის დაგვავიწყეს, რომ მეორე წრის ბოლომდე "ლოკომოტივს" ერთმანეთზე რთული სამი მატჩი ელოდება...

...თუმცა გადატვირთული კალენდარი ყველა გუნდისთვის ერთნაირი არ იყო? აი, მაგალითად, "ტორპედომ" შეძლო და მაისის თვე დაუმარცხებლად ჩაატარა და საერთოდაც, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი გუნდი ერთადერთი იყო ეროვნულ ლიგაში, თვე წაუგებლად რომ დაასრულა...

ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სწორედ "ტორპედო" მისდევს კვალდაკვალ გათამაშების ლიდერს,  თბილისის "დინამოს"...

სანახაობრივი იმერული დერბი
2017 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში, საქართველოს სუპერთასზე, "სამტრედიამ" დაძაბულ ბრძოლაში მოუგო "ტორპედოს" და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა. იმის შემდეგ ეს გუნდები კიდევ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ქუთათურებმა სამივეჯერ გაიმარჯვეს: სტუმრადაც მოიგეს პირველი წრის მატჩში, თასის მერვედფინალშიც აჯობეს და ახლაც, ზესტაფონში ჩატარებულ მეორე წრის მატჩშიც.

ასე და ამგვარად, კვლავაც გრძელდება კახა ჩხეტიანის მშვენივრად დაბალანსებული გუნდის წარმატებული სერია: "ტორპედომ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო! ერთადერთი, "გულდასაწყვეტი", ამ გუნდის კიდევ ერთი სერიის შეწყვეტა თუ იქნებოდა: "ტორპედოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს, როინ კვასხვაძეს ამ ტურამდე ზედიზედ ხუთმატჩიანი "მშრალი" სერია ჰქონდა, მაგრამ იმერული დერბის მიწურულს, "სამტრედიის" გამოცდილმა ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა ზუსტად შეარჩია პოზიცია და ასე გავიდა პირველი გოლი "ტორპედოს" კარში... მაისში.

ისე, გამოცდილების ფაქტორი შემთხვევით არ გვიხსენებია: "ტორპედოს" მორიგ გამარჯვებაში ხომ ლომის წილი შეიტანეს არა მხოლოდ ამ გუნდის, არამედ, საერთოდ, ქართული საკლუბო ფეხბურთის მართლაც დამსახურებულმა ვეტერანებმა, 36 წლის შოთა ბაბუნაშვილმა და 33 წლის გრიგოლ დოლიძემ!

ბაბუნაშვილმა ოსტატურად ისარგებლა სტუმართა უკანახაზელთა მიუტევებელი შეცდომით და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, გრიგოლ დოლიძემ კი, წინა ტურის მსგავსად, ამჯერადაც კუთხურიდან სცადა გოლის გატანა და საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ბურთი საკუთარ კარში "აეჭრა" თეიმურაზ მარკოზაშვილს. სხვათა შორის, "სამტრედიას" წინა ტურშიც შეემთხვა მსგავსი ამბავი, ამჯერად კი სულაც ორი ავტოგოლი დაფიქსირდა XV ტურში...

განსხვავებული სერიები
"საბურთალო" ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდია (თბილისის "დინამოსთან" ერთად), "ჩიხურა" კი - ყველაზე ასაკოვანი. იგივე სიტუაციაა მწვრთნელებთან მიმართებაშიც: "საბურთალოს" ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილი უდგას სათავეში, "ჩიხურას" კი - ეროვნულ ლიგაში ყველაზე "მხცოვანი" - სოსო ფრუიძე.

თუმცა, ამ გუნდებს ერთი რამ აერთიანებთ - არაოპტიმალური შემადგენლობებით ასპარეზობენ (მიზეზი კი - წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები თუ დისკვალიფიკაციებია), ფაქტობრივად, მთელი სეზონის განმავლობაში.

ასე იყო ამ ტურის მატჩშიც, სადაც გამოცდილებამ იმარჯვა და ბოლო ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 10 ქულით "ჩიხურა" კიდევ უფრო მიუახლოვდა პირველ სამეულს! აი, "საბურთალომ" კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და პლეი აუტის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს...

"გამოცდილების ფაქტორი" ამ მატჩშიც აქტუალური იყო: "ჩიხურას" 33 წლის ცენტრფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა, წინა ტურის მსგავსად, ამ ტურშიც ზუსტად შეასრულა პენალტი, ხოლო 32 წლის შოთა კაშიას, მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევისას (გიორგი ფანცულაიასთან ორთაბრძოლისას), ბურთი ფეხზე მოხვდა და ამ ტურის კიდევ ერთი "ავტოგოლიც" ასე დაფიქსირდა...

ყველაზე შედეგიანი, ყველაზე სტაბილური...
საწყის ტურებს თუ არ ჩავთვლით, მიმდინარე სეზონის ყველაზე სტაბილური გუნდი თბილისის "დინამოა": კახა კაჭარავას ახალგაზრდულმა კრებულმა წინა ტურში განცდილი მარცხი მალე დაივიწყა და ძველ მეტოქეს, ბათუმის "დინამოს" დიდი ანგარიშით (4:0) მოუგო.

აღსანიშნავია, რომ მაისში მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი გოლი (15) სწორედ "დინამომ" გაიტანა და არც ის ფაქტი უნდა იყოს უმნიშვნელო, რომ საშინაო მატჩებში მინინუმ 3 გოლი გაჰქონდა. თანაც, "დინამოს" წარმატებული ასპარეზობა ნამდვილად არ არის დამოკიდებული ამა თუ იმ კონკრეტულ ფეხბურთელზე: წინა ტურებში გოლები ბაჩანა არაბულს გაჰქონდა, ახლა კი საბა ლობჟანიძემ შეასრულა დუბლი...

სხვათა შორის, ეს იყო პირველი დუბლი 22 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის "დინამოს" მაისურით. ბექა მიქელთაძის შედეგიანობაც აღსანიშნავია: 19 წლის მარჯვენა გარემარბმა უკვე მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლეგიონერთა აღლუმი
გასულ ტურში ერთადერთი მატჩი დასრულდა საყაიმო ანგარიშით, თუმცა, გვეეჭვება, თითო ქულით "კოლხეთსა" და "დილას" გული ძალიან დასწყვეტოდათ. შეგახსენებთ, რომ გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა" უკვე მესამე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და "გადამრჩენელ" VII ადგილამდე ჩამორჩენაც ოთხ ქულამდე დაიყვანა. "დილა" კი კვლავაც ერთადერთ გუნდად რჩება ეროვნულ ლიგაში, სტუმრად არც ერთი თამაში რომ არ წაუგია!..

...ეს მატჩი სხვა მხრივ უფრო იყო გამორჩეული: ჯამში, ორივე გუნდის შემადგენლობაში 11-მა ლეგიონერმა ითამაშა! თანაც, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიმდინარე სეზონში "დილას" ერთ-ერთი ლიდერი (და, საერთოდ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი), ბრაზილიელი გარემარბი ლეანდრო რიბეირო მხოლოდ შეცვლაზე შევიდა.

ლეანდროსა და "დილას" ბრაზილიური "დიასპორის" სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოედანზე იყვნენ ლეგიონერები უკრაინიდან, მოლდოვიდან, ნიგერიიდან, კენიიდან, კონგოდან, სიერა-ლეონედან! მოკლედ, ქართველი ფეხბურთელები ლამის უმცირესობაში აღმოჩნდნენ და მათ შორის უნდა ვახსენოთ "კოლხეთის" შემადგენლობაში შეცვლაზე შესული 17 წლის ლუკა მახარაძე, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა ეროვნულ ლიგაში.

მშვენიერი დებიუტი
14 ტურის განმავლობაში ვერ ახერხებდა "შუქურა" ჩემპიონატში მოგებას და აი, ქობულეთელთა გუნდმა ეროვნულ ლიგაში ხუთთვენახევრიანი პაუზის მერე პირველად გაიმარჯვა!

აი, ასეთი წარმატებული გამოდგა სამწვრთნელო ასპარეზზე ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი შაშიაშვილის დებიუტი! მაშ, ასე: პირველი მატჩი ეროვნულ ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში და პირველი მოგება, თანაც იმ გუნდთან ერთად, ლამის ერთხმად რომ "გადავამისამართეთ" რანგით ქვედა ლიგაში...

...აღსანიშნავია, რომ "შუქურას" წინა ათ მატჩში მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი, ამჯერად კი იგივე ერთ მატჩში მოახერხა. ეს კი არა, ერთ ტაიმში შეძლო სამი გოლის გატანა და ამით წერტილი დაესვა კიდეც "შუქურას" დანავსულ და წარუმატებელ სერიას.

მეგოლეებზეც უნდა ვთქვათ: 20 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი კალანდაძემ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, 31 წლის სანდრო გურულმა ეფექტურად გამოიყენა მასპინძელთა უკანახაზელთა შეცდომა, 27 წლის ლევან კუტალიამ კი ზედიზედ მეორე ტურში შეასრულა ზუსტად პენალტი...

"ლოკომოტივზე" კი, აღარც ვიცით, რა უნდა ვთქვათ: მაისის დასაწყისში, ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად დრამატულ მატჩში გამარჯვების შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ამის მერე... ზედიზედ 5 (ხუთი!) შეხვედრა წააგო! ასეთი წარუმატებელი სერია კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ გუნდს, "შუქურას" ჰქონდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ ირცხვენთ თავს საქვეყნოდ "სკ სამტრედია"? გერბზე რატომ აქვს მტრედს ფრთები კუდიდან(უკანალიდან)ამოსული? სად მოძებნეთ ასეთი ჯიშის ფრინველი? :)
ნუთუ მხოლოდ სამტრედიაშია ასეთი უცნაური ჯიშის მტრედები?
jarji22
15:25 30-05-2017
0
სჰუქურას ტრენერს რა უნდა სიმბოლურსჰი. რის გამო ტამასჰი რო გააკეტა
vai vai
16:14 30-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული