"ლოკომოტივმა" მეორე წრე და მაისიც ჩინებულად დაიწყო - ჯერ "ჩიხურა" გაანადგურა (5:0), 5 მაისს კი "დინამოს" ბათუმში დაბრუნება ჩაუმწარა და საკუთარ ქალაქში ჩატარებული პირველივე შეხვედრა მოუგო (2:1). მაგრამ მერე ვითარება რადიკალურად შეიცვალა - "რკინიგზელებმა" ზედიზედ 5
პირველი წრის ყველაზე შედეგიანმა გუნდმა ამ 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი... 12 ბურთი მიიღო. საგულისხმოა, რომ ახლა საუკეთესოებში, მიუხედავად ზედიზედ წაგებული თამაშებისა, "ლოკომოტივის" მეკარე რევაზ თევდორაძე ხვდება...
რა სჭირს "ლოკომოტივს", რომელმაც პირველ ტურებში ლაღი და შემტევი ფეხბურთით ყველა მოხიბლა? "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა თბილისელთა სპორტულ დირექტორ გიორგი ყიფიანთან...
- პირველი წრის შემდეგ "ლოკომოტივი" ლამის ჩემპიონობის ფავორიტად შერაცხეს, მაგრამ ბოლო ტურებში გუნდი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. ბუნებრივია, მომხდარის მიზეზებზე "ლოკომოტივის" ხელმძღვანელებს გიფიქრიათ და პასუხიც გექნებათ...
- ეს კომპლექსური საკითხია და დიდი ხნის სალაპარაკოა, მაგრამ ვეცდები, მოკლედ გიპასუხოთ.
ჯერ ის უნდა ვთქვა, რომ ეს მოგებებიც და წაგებებიც ჩვენი გუნდის შედეგებია, ანუ ჩვენ ხარისხიანი ფეხბურთი რაღაც ეტაპზე ვაჩვენეთ, მაგრამ მერე რაღაც დაგვემართა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გორის "დილასთან" შემდეგი ტურისა და მეორე წრის დარჩენილი მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ, რათა მაქსიმალურად მეტი ქულა დავაგროვოთ...
მეორე პრობლემა - მომხდარი გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. წავაგეთ ერთი თამაში და მერე ნეგატივი ერთმანეთს მიება. ასეთ დროს კი სიახლე არ არის, რომ მოთამაშეებს საკუთარი თავის რწმენა უქრებათ და პრობლემებიც მრავლდება...
მესამე საკითხი - სეზონის მსვლელობამ გამოაჩინა, რომ საკმაოდ მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ტრავმირებულთა სიმრავლის გამო ფეხბურთელები "ლოკომოტივის" ასაკობრივი გუნდებიდან დავიმატეთ, მაგრამ ჯერ ისინი ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან.
სამწუხაროა, რომ ასეთი ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ აქედან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.
- თქვენი აზრით, რა არის ეს გამოსავალი?
- არ ვაპირებთ, ჯოხი ვინმეზე გადავტეხოთ. ჩავარდნა მთელი გუნდის ბრალია და მდგომარეობაც ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ.
- საკადრო ცვლილებებს და გაძლიერებას თუ გეგმავთ?
- რაც შეეხება საკადრო სიახლეებს, ჩვენ ლევან ყენია დავიმატეთ და მიმაჩნია, რომ ეს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი იყო, რომელიც "ლოკომოტივს" აუცილებლად გააძლიერებს. მთავარია, ლევანი მოედანს მალე დაუბრუნდეს.
- როდის შეძლებს ის თამაშს?
- კუნთი აქვს დაზიანებული, მაგრამ ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავაყენოთ ფეხზე და იმედია, ჩემპიონატის მეორე ნახევარში დაგვეხმარება.
- სხვა ფეხბურთელების დამატებაზე თუ ფიქრობთ?
- ამაზე ჯერ ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. გააჩნია, ამ დროისთვის რა კონფიგურაცია გვექნება.
- რას გულისხმობთ?
- ვნახავთ, ვინ დარჩება, ვინ წავა... ან იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები... ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"