26 წლის საყრდენ ნახევარმცველთან "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა...
- ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქს 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და დიდი მოლოდინი იყო, რომ გუნდი ათამაშდებოდა, მაგრამ ჯერ საშინაო შეხვედრა არ მოგიგიათ...
- ძნელი სათქმელია, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ უიღბლობას წერტილს დავუსვამთ.
ჯერ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა
- ახლა ხელს რა გიშლით?
- რაც მთავარია, ვერავინ იტყვის, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ იღბალი აშკარად არ გვწყალობს. ხომ იცით, ერთი თუ ცუდად წავა, მერე რაღაც იკარგება. მაგრამ ჩვენი "ტალღა" უნდა დავიჭიროთ და დარწმუნებული ვარ, ამ გუნდით სამეულში მოვხვდებით. გუნდში ახალი მწვრთნელის მოსვლაც ამ იმედს უკავშირდება.
- კონსტანტინ ფროლოვი სულ ორიოდე დღის დანიშნულია და ჯერ გუნდს ვერ გარდაქმნიდა, მაგრამ საკუთარ ხედვას და მიმართულებებს გაგაცნობდათ...
- საინტერესო, განათლებული მწვრთნელია და ფეხბურთზე თავისი ხედვა გააჩნია - ეს პირველივე შეხვედრაზე გამოჩნდა. სახალისო და საინტერესო ვარჯიშები აქვს, რაც ფეხბურთელებს მოგვეწონა. ბევრი ილაპარაკა თანაგუნდელებს შორის ურთიერთობაზე, რომ ერთმანეთს კარგად უნდა ვიცნობდეთ. წმინდა საფეხბურთო ხედვას რაც შეეხება, სურს, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ.
- უკრაინელი სპეციალისტი მეტ მოძრაობასაც მოგთხოვდათ...
- დიახ, ესეც ითქვა, მაგრამ ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაა. კარგი ვარჯიშები აქვს და შეუძლია უფრო მაღალ კონდიციებამდე მიგვიყვანოს.
- მაყურებელი ახსენეთ. სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში სულ სხვა სიამოვნებაა...
- ცარიელ სტადიონზე თამაშში ემოცია არ ჩნდება. ეს ლამის ვარჯიშის მსგავსია. ხალხი რომ მოდის, ეს სულ სხვა განწყობას გიქმნის, მეტი სტიმული და ჟინი გიჩნდება და რაც შეგიძლია, ავლენ. ასეთ გარემოში ადრეც მითამაშია. ქუთაისის "ტორპედოში" გია გეგუჩაძის დროს ვიყავი და ბევრი ხალხი მოდიოდა, სტადიონიც გავსებულა...
სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ბათუმში არ მოგვიგია, თამაშიდან თამაშამდე ხალხის რაოდენობა მაინც იზრდება.
- მიმდინარე ჩემპიონატზე რას იტყვი?
- გამოცოცხლება აშკარად იგრძნობა და მიმაჩნია, რომ ეს მომენტი და ინტერესი უნდა შევინარჩუნოთ. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე 80 ათასი კაცი არ მოვა, მაგრამ 4-5 ათასი კაცი რომ მოვიდეს, სულ სხვაგვარი ჩემპიონატი გვექნება.
ხომ იცით, ჩვენთან მაყურებელი ისეთი აქტიური არ არის, როგორც - სხვაგან. ბათუმელმა გულშემატკივრებმა ამით გამაოცეს, 90 წუთი არ ჩერდებიან, გვამხნევებენ და მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ, რაც ფეხბურთელებს სხვა განწყობას გვიქმნის - მარტო ამისთვის ღირს თავის დადება.
- თბილისის გარეთ ჩემპიონატს მაყურებელი მეტ-ნაკლებად ჰყავს...
- თავად თბილისელი ვარ და კარგად ვიცი, რომ დედაქალაქში მკაცრი მაყურებელია. გამიგია, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში თამაში არავის უყვარდა, რადგან სტადიონები ივსებოდა და ჩვენებს სასწაულად ქომაგობდნენ. ჩვენი ხალხი ხომ იცით, როგორია - მცირე წარმატებასაც რომ მივაღწიოთ, გული უცებ შემოუტრიალდება. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
- ხუთშაბათს "საბურთალოსთან" შეხვედრა გაქვთ და ამაზეც იქნება ბათუმელი მაყურებლის განწყობა დამოკიდებული...
- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. მომწონს, როგორ მუშაობს "საბურთალოს" სამწვრთნელო შტაბი - ჭიაბრიშვილი, ნოზაძე და გოცირიძე ახალი თაობის გამორჩეული სპეციალისტები არიან. აგებენ თუ იგებენ, თავიანთ სტრატეგიას და ფეხბურთს არ ღალატობენ. შესაძლოა, სხვაგან "საბურთალოს" ფეხბურთელებს ასე არ ეთამაშათ, მაგრამ მათ შანსი მისცეს და ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა. მათი ასეთი მიზანმიმართული შრომა დასაფასებელია...
მაგრამ ჩვენი ამოცანა 3 ქულის მოპოვებაა და მეტოქის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ. უბრალოდ, სხვა გზა აღარ გვაქვს, რადგან შინ სამჯერ ვითამაშეთ და ჯერ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"