ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...

AutoSharing Option
ბაჩანა ცხადაძე გამოჯანმრთელდა. ხანგრძლივმა ტრავმამ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშებმა ფორვარდმა ქობულეთის "ჩელე არენაზე" მიიღო, დიდი დრო წაართვა, თუმცა 29 წლის ფეხბურთელი იმედიანადაა და სჯერა, რომ კვლავ შეძლებს სასურველ დონეზე ფეხბურთის თამაშს.

ევროთასები ახლოვდება და გამოცდილი ფორვარდის სამსახური ზედმეტი არც ერთი ქართული გუნდისთვის არ უნდა იყოს.

"ლელო" ცხადაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- "სამტრედიაში" ძალიან დიდი იმედებითა და გეგმებით მივედი. კარგი გარემო დამხვდა იქ, მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ყველანაირად დამიდგა გვერდში, ის ძალიან კარგი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალია... კონტინგენტიც შესანიშნავი
იყო... საერთო ჯამში, სულ 65 წუთი ვითამაშე "სამტრედიაში", მაგრამ იქ გატარებულ პერიოდს მაინც სიამოვნებით ვიხსენებ. მერე კი იყო ტრავმა, რომელმაც ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა...

- მესმის, გიჭირთ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ იქნებ გაიხსენოთ, რა ვითარებაში მიიღეთ ტრავმა?
- ფოთის "კოლხეთს" ვეთამაშებოდით "ჩელე არენაზე", ქობულეთში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიგებდით დიდი ანგარიშით... მაღალ ბურთზე ავხტი, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო. ძალიან ბევრია თამაშში ასეთი მომენტი...

არც კი ვიცი, ზუსტად რას დავაბრალო ჩემი ტრავმა. ალბათ, უფრო საფარის ბრალი იყო. ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ამ ტრავმას არანაირი წინა პირობა და სიმპტომი არ ჰქონია. რომ იტყვიან, არსაიდან მოვიდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და... უცებ ასეთი რამ მოხდა. ჩვენი ექიმი რომ შემოვიდა მინდორზე და დამხედა, მაშინვე მითხრა, რაც მჭირდა. აქილევსის მყესი გამიწყდა. ყველამ იცის, ეს რა მძიმე ტრავმაა. მაშინ ისიც კი გავიფიქრე, ჩემი ფეხბურთი მორჩა-მეთქი...

- ამის მერე დაიწყო ყველაზე რთული პროცესი...
- ორი თვის განმავლობაში ვიწექი გაუნძრევლად და ამ დროს ბევრ რამეზე ფიქრობს ადამიანი. სანამ ყავარჯნები არ გადავაგდე, პრაქტიკულად ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ ფიქრი შემეძლო. თავიდანვე მითხრეს, რომ 7-8 თვე გამიცდებოდა.

მერე ჩემმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია ნაცნობ ექიმთან და სამკურნალოდ ლატვიაში წავედი. რიგის კლინიკაშიც ბოლომდე დამიდგნენ გვერდით. რასაც ჰქვია ფეხზე დადგომა, სწორედ რიგაში დავდექი ფეხზე. ლატვიაში გატარებული დროის შემდეგ დავბრუნდი თბილისში და ჩემმა მეგობარმა გურამ კაშიამ არნემში წამიყვანა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჰოლანდიაშიც ზედ გადამყვნენ. დღეში 6 საათის განმავლობაში მიტარდებოდა სარეაბილიტაციო კურსი...

- ახლა როგორ არის თქვენი ჯანმრთელობის საქმე?
- უკვე არის ის მომენტი, როცა გუნდთან ერთად უნდა დავიწყო ვარჯიში.

- ფსიქოლოგიურად კარგად გრძნობთ თავს?
- ახლა უკვე კარგად ვგრძნობ თავს. ყველაზე რთული ის პერიოდია, როცა ტრავმა ახალი მიღებული გაქვს. მაშინ შენ ათას რამეზე ფიქრობ, საერთოდ არ იცი, გააგრძელებ თუ არა ფეხბურთის თამაშს. ახლა ყველაფერი კარგადაა. ყველაზე რთული პერიოდი მაშინ გადავიტანე, როცა ორი თვე გაუნძრევლად ვიწექი.

- ალბათ, "ჩელე არენა" სამუდამოდ ჩარჩა თქვენს მეხსიერებაში...
- სტადიონს მართლა არაფერს ვერჩი, უფრო მოედნის საფარი... კარგი იქნება, თუ უკეთეს საფარს დააგებენ... წამიკითხავს და გამიგია, რომ არ ვარ ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც იმ მინდორზე დაშავდა. საკამათო არავისთვისაა, რომ ზოგადად გაუმჯობესებას საჭიროებს ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.

- ხომ არ მიგიღიათ რაიმე წინადადება?
- ჯერ კონკრეტული არაფერი ყოფილა. იყო ზოგადი ლაპარაკი იმ ალბანურ და აზერბაიჯანულ კლუბებზე, სადაც ადრე მითამაშია. ამაში გასაკვირი არც არაფერია.

- ევროთასები ახლოვდება და, ალბათ, ამბიციური ქართული კლუბიდან წამოსული შეთავაზებაც დაგაფიქრებთ...
- მზად ვარ, ყველა წინადადება განვიხილო. ახლა ჩემთვის მთავარია, ფეხბურთი ვითამაშო. ძალიან ბევრი გამიცდა და ვერც წარმოიდგენთ, ისე მომენატრა ჩემი საქმე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მტკიცე ჯანმრტელობას და ფორმის სწრაფად აღდგენას გისურვებ, ბაჩანა.
თქვენ კი ელჯერო და სიმონ,ძალიან "კეთილი" ადამიანები ყოფილხართ,აფერუმ თქვენს ვაჟკაცობას,მასე განაგრძეთ.
სოსო
23:32 17-06-2017
0
საფეხბურთო ნიჭი არ გაქვს. რა აზრი აქვს შენ ფეხბურთის თამაშს. შეეშვი. ნუ წვალობ.
ELJERO
19:36 17-06-2017
1

სიახლეები პოპულარული