11:29 21-06-2017
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის დროს წამოსული წვიმა ნელ-ნელა გაძლიერდა და თქეშად გადაიქცა, თუმცა მალევე გადაიღო. ასევე მოხდა მეორე ტაიმშიც. მიუხედავად ამისა, "სამტრედიას" ერთგული გულშემატკივარი არ აკლდა. მეტოქეებიც ისეთი აზარტით თამაშობდნენ, თითქოს, უამინდობას არც იმჩნევდნენ.
ამინდის მსგავსად, ორივე ტაიმი ერთი სცენარით წარიმართა - გორელები ორივეში დაწინაურდნენ, თუმცა ფინალი პირველისგან განსხვავდებოდა.
სამტრედიელებს პირველ ტაიმში შეტევების ორგანიზება უჭირდათ, გორელები კი თავს კარგად იცავდნენ და როცა შანსი მიეცათ, კონტრშეტევა წამოიწყეს და ანგარიშიც გახსნეს.
მეორე ნახევარში სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟეან დერეტიმ დუბლი შეასრულა და აქედან დაიწყო სამტრედიელთა გაუთავებელი შეტევები. მასპინძლებს დამძიმებულ მოედანზე სწრაფი თამაში და გორელთა საიმედო დაცვის გადალახვა უჭირდათ, მაგრამ ბოლოს მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაში და შტურმმა შედეგი გამოიღო.
ასე რომ, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
თუმცა, ისიც სათქმელია, რომ გიორგი პაპავას გაძევება მეტისმეტად მკაცრი სასჯელი იყო - მან დაცვაში ხელით ითამაშა და სახიფათო შეტევა ჩაშალა, მაგრამ ეს ბოლო იმედის ჯარიმა არ ყოფილა და ყვითელი ბარათიც საკმარისი იქნებოდა...
მიმდინარე სეზონში გორელებმა გასვლაზე მე-9 თამაში ჩაატარეს და, რაც უნდა უცნაური იყოს, პირველად დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, გიორგი დეკანოსიძის გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.
მატჩის სტენოგრამა
10' - გოლი! ძარიამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ფლავიოს დარტყმა მეკარე მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი დერეტიმ გორელები დააწინაურა - 0:1.
12' - ბერიაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა მარკოზაშვილი. მუჯრიშვილმა ახლოდან ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.
23' - გოლი! მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში გოგიაშვილი გაიხსნა, რომელმაც კარის წინ დათუნაიშვილს უპასა და "სამტრედიის" კაპიტანმა ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა - 1:1.
25' - სამტრედიელებს დაწინაურებაც შეეძლოთ: ბერიაშვილისა და მარკოზაშვილის უსწრაფესი შეტევის დაგვირგვინება სამუშიამ ძლიერი დარტყმით სცადა - მუჯრიშვილმა სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა.
26' - მუჯრიშვილმა გორელები ბერიაშვილის დარტყმისგან იხსნა.
51' - გოლი! გაგოშიძემ მშვენიერი ფლანგური გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა დერეტი, რომელმაც დუბლი გაიფორმა - 1:2.
68' - მანჯგალაძის სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთს მცველი გადაეფარა.
73' - რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ ტოვებდა სამუშიას, მაგრამ მუჯრიშვილი დროულად გამოვიდა კარიდან და ვითარება განმუხტა.
76' - დათუნაიშვილმა საჯარიმოსთან მცველს აართვა ბურთი და გადააწოდა რაჟამაშვილს, რომელმაც კარში "ჩაახვია" - მუჯრიშვილმა ისევ დიდებულად ითამაშა.
82' - გოლი! დათუნაიშვილის გადაცემის ჩაჭრისას, ძარიას სველ მოედანზე ბურთი აუსხლტა, რაჟამაშვილი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და წონასწორობა აღადგინა - 2:2.
84' - ხელით თამაშისთვის გააძევეს გიორგი პაპავა.
85' - რაჟამაშვილის ჯარიმა. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს დათუნაიშვილმა ფეხი ვერ წაარტყა და მეკარემ იყოჩაღა, დამატებაზე კი სანდოხაძემაც ვერ დაარტყა და გორელები გადარჩნენ.
87' - სანდოხაძის მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო: კუთხურიდან რაჟამაშვილის ჩაწოდებული ბურთი პენალტის ნიშნულთან მიიღო, შემოტრიალდა და ზუსტად დაარტყა - 3:2!
ეროვნული ლიგა. XVIII ტური
20.06. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დილა 3:2
გოლები: 0:1 დერეტი (10), 1:1 დათუნაიშვილი (23. გოგიაშვილის პასით), 1:2 დერეტი (51. გაგოშიძის პასით), 2:2 რაჟამაშვილი (82), 3:2 სანდოხაძე (87. რაჟამაშვილის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი - გ. მანჯგალაძე (90+5. კასრაძე), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (61. ჯიქია), სამუშია (90. ბელოვი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, ხაბეიშვილი, ბურკაძე, ოლხოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დილა (4-3-3): მუჯრიშვილი - პაპავა, მაჩაიძე, ქარქუზაშვილი, გაგოშიძე - რაზმაძე, დერეტი (89. ნონიკაშვილი), ძარია (90+2. ტარავალიე) - წიქარიძე, ფლავიო, ლეანდრო (82. კირკიტაძე).
სათადარიგოები: გულუაშვილი, პაპუაშვილი, კერელეიშვილი, მათიაშვილი
მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
გაფრთხილებები: მაჩაიძე (61), მთივლიშვილი (68), რაჟამაშვილი (68), ქარქუზაშვილი (70), რაზმაძე (83), სანდოხაძე (83)
გაძევება: პაპავა (84. დილა)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძნელია მოყვარულმა, პროფესიონალების განსჯა დავიწყო, მაგრამ მაინც გავბედავ გამოვთქვა ჩემი აზრი გუშინდელ თამაშზე. დავიწყებ იმით, რომ სამტრედია მალე საქართველოს წარადგენს ჩემპიონთა ლიგაზე და ამიტომ გაცილებით მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე ეს გუშინ ჩანდა, ცეცაძეს აქვს გამოცდილება ევროპული თამაშების და იმედი მაქვს დაალაგებს სიტუაციას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩემპიონს ჯერ აზერების და შემდეგ დანარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში.ისე კი, თუ გააჩნიათ საშუალება გაძლიერება ნამდვილად სჭირდებათ. რაც შეეხება გორის "დილა"-ს, ჩემი შეხედულებით ეს არის საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე პოტენციური გუნდი, ის კარგი სათამაშო დისციპლინის პირობებში გაცილებით უკეთეს შედეგებს დადებდა, ვიდრე ეხლა აქვს. გუშინ ვუყურებდი და მრცხვენოდა, ეროვნული ლიგის გუნდი უმეტესად თამაშობდა ქუჩის დონის ფეხბურთს. ვინც მიიღებდა ბურთს უნდა ეთრია მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით, მიუხედავად კარგ პოზიციაში მყოფი პარტნიორისა. ორჯერ იგებდნენ თამაშს და არც ერთხელ არ ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ(ეს კარგია ასეთი პოტენციური გუნდისთვის) და არც ანგარიშის გაზრდაზე, არადა ნამდვილად ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ქართველთათვის და ზოგადად სამხრეთული ფეხბურთისთვის(ამ გუნდში არიან სამხრეთელი კარგი დონის ფეხბურთელები) დამახასიათებელი დამოკიდებულების (არ მინდა დავწერო არასერიოზული) გამო, რომ მიღწეულს უნდა ან შენარჩუნება დიდი ძალისხმევით ან კიდევ უფრო განმტკიცება მოწინააღმდეგე გუნდის ფსიქოლოგიურად გასატეხად, თავს აღარ იწუხებდნენ, თითქოსდა ერთი ბურთის სხვაობა გარანტირებულ მოგებას ნიშნავდა. მოკლედ მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდა გუნდს, არც ტაქტიკაში და არც სათამაშო დისციპლინაში. მსაჯზეც უნდა ითქვას, დიახ პაპავა შეეხო ხელით ბურთს და არ დაუჭერია ის შეგნებულად, ასეთი სასჯელი რატომ დაადო იქნებ კომენტარი გააკეთოს. და საერთოდ მსაჯებმა უნდა იცოდნენ, რომ თამაშებს იმიტომ სჯიან რომ თამაშები ჩაატარონ სამართლიანად და არა შედეგები დადონ. მათ ვერ დავეთანხმები ვიც გუშინ გორელთა თამაში დადებითად შეაფასა.
0
0
კი ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი როცა მსაჯი შენსკენაა... მსაჯს უნდა მოეთხოვოს პასუხი. აგრეთვე დილას დაცვაში ძალიან დიდი სიცარიელეებია და ამოვსებას საჭიროებს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული