ეპიზოდი, რომელმაც "სიონი" სამი მატჩით წაახდინა

AutoSharing Option
ეპიზოდი, რომელმაც მატჩის მიმდინარეობასა და შედეგზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა, პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა. “სიონის” მეკარე მინდია ბობღიაშვილი ბურთს დაეუფლა და მის თამაშში შეყვანასაც აპირებდა, მაგრამ მანამდე რატომღაც, დინამოელი პეტარ იელიჩისთვის ფეხის მირტყმა გადაწყვიტა. არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, ბობღიაშვილი მოედნიდან გააძევა და მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ლევან ხმალაძემ “დინამო” დააწინაურა და არცთუ შთამბეჭდავი თამაშის მიუხედავად, დედაქალაქელებს ბოლნისიდან დაგეგმილი სამი ქულის წაღება დიდად აღარ გასჭირვებიათ.

ბობღიაშვილის უპასუხისმგებლო საქციელმა “სიონი” მხოლოდ გუშინ კი არა, შემდეგი მატჩებისთვისაც აზარალა. ბოლნისელთა კიდევ ერთი
მეკარე, გამოცდილი მირზა მერლანი წინა ტურში მძიმედ დაშავდა და, სავარაუდოდ, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ბობღიაშვილს, ალბათ, ორმატჩიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან და “სიონი”, რომელსაც უმაღლეს ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება, “ზესტაფონსა” და “ოლიმპთან” ურთულეს შეხვედრებში 18 წლის დავით ლეგაშვილის იმედად იქნება. ლეგაშვილი, რომელიც გულშემატკივარს გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებიდან უნდა ახსოვდეს, გუშინ პირველად მოხვდა “სიონის” მთავარი გუნდის 18-კაციან განაცხადში და უმაღლესლიგური დებიუტიც გამოუვიდა.

“სიონმა” დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი გივი დიდავა მოისაკლისა, “დინამოს” ტრავმების გამო შოთა კაშია და გულვერდ თომაშვილი დააკლდნენ, გივი კვარაცხელია, ედინლსონი და გიორგი თექთურმანიძე კი კონკურენციის გამო განაცხადს მიღმა დარჩნენ. “დინამოს” ძირითადი შემადგენლობა გასული ტურის თერთმეტეულის იდენტური იყო.

მზიან დარში არცთუ ურიგო სანახაობა გაჩაღდა. მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, სიონელებს განსაკუთრებული მოტივაცია ეტყობოდათ, ჩემპიონობისთვის მებრძოლი “დინამოსთვის” კი თითოეულ შეხვედრას ისედაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ტაიმის ბოლოს მომხდარ უსიამოვნო ამბამდე მასპინძლები სტუმრებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ორივეს ჰქონდა.
მატჩი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო და თამაშში ჩართვა მეკარეებს თავიდანვე მოუხდა. რევაზ ჯიქიას დარტყმა გიორგი ლორიამ კუთხურზე მოიგერია, ბობღიაშვილმა კი მასთან პირისპირ გასულ ალექსანდრე კოშკაძეს აჯობა. მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ “დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე შემოქმედებითად სწორედ იგი თამაშობდა. თბილისელთა კაპიტანი თამაშსაც ხშირად ამწვავებდა და ხისტ ორთაბრძოლებშიც იმარჯვებდა.

ტაიმის ბოლომდე მეტოქეებმა კიდევ ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი გაცვალეს. “სიონის” შემადგენლობიდან გატანა ვილი ისიანსა და ალექსანდრე გოგობერიშვილს შეეძლოთ, “დინამოს” რიგებიდან კი კოშკაძესა და გიორგი კახელიშვილს.

დაახლოებით მე-20 წუთიდან თამაშის ტემპი ოდნავ დაეცა და აღარც ველოდით, რომ შესვენებამდე რაიმე საინტერესო მოხდებოდა. თუმცა ბობღიაშვილის გაძევებასა და პენალტს გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა. “სიონის” ფეხბურთელებმა მსაჯის გადაწყვეტილება აქტიურად გააპროტესტეს, გულშემატკივრებმა კვარაცხელიასა და მის ბრიგადას ობსტრუქცია მოუწყვეს, მაგრამ, საბედნიეროდ, არბიტრს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაჰქცევია.

ბოლო ტურებში აშკარად ჩანდა “სიონის” არასახარბიელო ფიზიკური მომზადება და თითქოს კაცნაკლული გუნდი მეორე ტაიმში უშანსოდ იყო დარჩენილი, მაგრამ გადიოდა დრო და კახა კაჭარავას გუნდი მოპოვებული უპირატესობის განმტკიცებას ვერ ახერხებდა. “დინამო” ჯერჯერობით ვერ აჩვენებს იმ ფეხბურთს, რასაც მისი ქომაგები ელიან, მაგრამ თბილისელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს და თამაშის ხარისხის გამოსწორების რესურსიც ნამდვილად გააჩნიათ.

“სიონმა” წონასწორობის აღდგენა რამდენიმეჯერ სცადა. მასპინძელთაგან ყველაზე გამორჩეული ჯიქია გახლდათ და შესაძლებელი იყო, შედეგიანი მისი შორეული დარტყმები გამომდგარიყო. მან პირველად ლამის ცენტრიდან დაარტყა ოდნავ არაზუსტად, შემდეგ კი მისი ძლიერი დარტყმა ლორიამ მოიგერია.

მატჩის მიწურულს ქვემოქართლელებს გადამწყვეტი შტურმისთვის ენერგია აღარ ეყოთ, “დინამო” კი წინ თამამად წავიდა. იელიჩმმა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა შეცვლაზე შესული ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც მიზანს ააცილა. წერტილი კი კიდევ ერთმა შემცვლელმა, გოლამდეც აქტიურმა დონალდ ჯუსმა დასვა. კამერუნელმა ხმალაძის წამოწყებული და დიმიტრი ტატანაშვილის გაგრძელებული კომბინაცია დააგვირგვინა.

გასახდელისკენ მიმავალ მსაჯებს ბოლნისელმა ქომაგებმა უწმაწური სიტყვები მიაწიეს, თუმცა, საბედნიეროდ, საქმე ამის იქით აღარ წასულა – ბოლნისში ყველაფერი მშვიდობიანად და ლოგიკურად დასრულდა.

სიონი-დინამო 0:2
16.03. ბოლნისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი
გოლები: 0:1 ხმალაძე (45. პენ), 0:2 ჯუსი (88)

სიონი დინამო
4-3-2-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი ლორია
კობაური თ. ღონღაძე
ორბელაძე კაკუბავა
დ. ლომაია ჰომოლა
ქორიძე ხმალაძე
ნოზაძე ჰაჯიბულიჩი
გოგობერიშვილი არზიანი
გ. ოქროპირიძე რობერტინიო
ისიანი კოშკაძე
ჩირიკაშვილი კახელიშვილი
რ. ჯიქია იელიჩი
მთ. მწვრთნელი მთ. მწვრთნელი
გ. ყიფშიძე კ. კაჭარავა

სიონი
44. ჩირიკაშვილი – ლეგაშვილი
66. ისიანი – რეხვიაშვილი
72. ორბელაძე – გ. თარგამაძე
სათადარიგოები: სვანიძე, მ. ოქროპირიძე, გ. მელქაძე, ნ. კვასხვაძე.

დინამო
46. რობერტინიო – ჯუსი
61. კახელიშვილი – კვეკვესკირი
85. იელიჩი – ტატანაშვილი
სათადარიგოები: ზარქუა, მაროვიჩი, ციმაკურიძე, ფირცხალავა.

გაფრთხილება: ორბელაძე (40), ნოზაძე (44), კობაური (45), რობერტინიო (45), იელიჩი (54), ჯიქია (80), არზიანი (79)
გაძევება: ბობღიაშვილი (44)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია (ზუგდიდი)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული