ამხანაგური მატჩები: "ლოკომოტივი" ერევნის "ბანანცთან" დამარცხდა, "სიონი" "ჩიხურას" მოერია [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოში სტუმრად მყოფ ერევნის "ბანანცს" ამხანაგურად დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.

საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება სტუმართა აქტიურობით დაიწყო. ანგარიში მე-3 წუთზე ნენად ინაჩმა გახსნა, 32-ე და 34-ე წუთებზე კი სომხებმა კიდევ ორი გაიტანეს. თავი გუკას პოღოსიანმა და ვაგან აივაზიანმა გამოიჩინეს. პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი სიხარულიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ნახევარში "ლოკომოტივმა" 3-ჯერ დაამწუხრა სტუმრები და ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე ერთი ბურთი გიორგი გოროზიამ გაქვითა, სამ წუთში შეცვლაზე შესულმა ნოდარ ქავთარაძემ იყოჩაღა, ხოლო 78-ე წუთზე ნიკოლოზ გაბრიჩიძემ
შეაგდო - 3:3.

მაგრამ ბოლო გოლი მაინც სტუმრებისა იყო: 89-ე წუთზე მატვეი გიგანოვმა "ბანანცს" გაამარჯვებინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლოკომოტივმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
თევდორაძე, ჩიტეიშვილი (59. ქავთარაძე), ქურდაძე (70. ანდრონიკაშვილი), რეხვიაშვილი (70. ხიდეშელი), უბილავა (70. კომახიძე), ჭანტურია (70. შეწირული), სამურკასოვი (70. გვალია), გოროზია, კიკნაძე (70. გაბრიჩიძე), კიკაბიძე (70. წულეისკირი), სიხარულიძე (46. დიასამიძე).

სიონი ჩიხურასაც მოერია
ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი 31 ქულით მე-4 ადგილზე დაასრულა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ბოლნისში გადის და საკონტროლო შეხვედრებს ატარებს.

გიორგი მიქაბერიძისა და გიორგი ჭანკოტაძის შემდეგ, "სიონს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს - გულვერდ თომაშვილი. 28 წლის მცველი ბოლნისური კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

თომაშვილმა კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, ბოლოს თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. იყო ინფორმაცია, რომ კარიერას ტყიბულის "მეშახტეში" გააგრძელებდა, მაგრამ ბოლნისში თამაში ამჯობინა.

ამასობაში, "სიონმა" მეორე ტესტმატჩი გამართა და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ბინადარი, საჩხერის "ჩიხურა" 1:0 დაამარცხა. თამაში ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. მე-19 წუთზე ერთადერთი გოლი ლაშა მანაგაძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე "სიონმა" საგურამოს ბაზაზე თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა (2:1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაც საბჭოთა დროს ქართულმა ფეხბურთმა სახელი მოიხვეჭა, ესენი მის განიავებას ახერხებენ, აზრზე მოდით ჯობია სულ არ ითამაშოთ არც ოფიცილური და არც არაოფიცილური. თორემ წარსულიც დაგვავიწყეთ.
დათო
17 ივლისი 2017 16:26
0
ვისდა ვისთანაა რო აგებენ ესენი კაი რაა ნუ თამაშობთ რააა
achi
17 ივლისი 2017 15:59
0

სიახლეები პოპულარული