მოკლედ, ზესამეულში მხოლოდ მცირედი ცვლილებები მოხდა და ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე დარჩენილი, სანამ გამოიკვეთება, რომელი სინჯის მედალს ვინ დაეუფლება. შაბათს ჩატარებულმა
ბარათი, ოღონდ უფერო
“ვიტ ჯორჯია”-“ზესტაფონის” მატჩს რომ დიდი აურზაური მოჰყვა, უკვე გიამბეთ. სტუმრები ჩაუთვლელმა გოლმა გამოიყვანა წყობიდან, ზესტაფონელი ქომაგების მსგავსად, რამდენიმე ფეხბურთელიც განრისხდა. ემოციების მოთოკვა განსაკუთრებით ნიკა გელაშვილს გაუჭირდა.
მატჩის ოქმში წითელი ბარათი არ დაფიქსირებულა, მაგრამ, როგორც შეხვედრის არბიტრმა ლაშა სილაგავამ გვითხრა, მან ფეხბურთის ფედერაციაში გელაშვილის სათამაშო ბარათი წაიღო, რაც ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას მოასწავებს. გელაშვილის საკითხზე კი სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. ერთი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თანამსაჯ უკლებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ სილაგავა მისთვის ბარათის ჩამორთმევის მიზეზად სიტყვიერ შეურაცხყოფას ასახელებს, რაც, ბუნებრივია, გელაშვილის სასჯელს შეამსუბუქებს.
რაკი წითელი ბარათი არ მიუღია, ნიკას ჯერ კიდევ აქვს იმის მცირედი შანსი, რომ მომდევნო ტურში ქუთაისის “ტორპედოსთან” გასამართ უპრინციპულეს მატჩში ითამაშოს. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ყვითელი ბარათების მეტობის გამო ქუთაისურ შეხვედრას ბუბა დაუშვილი და ჯაბა დვალი გამოტოვებენ.
“ზესტაფონი” კი გელაშვილის დისკვალიფიკაციისგან დახსნას იურიდიული ბერკეტებით აპირებს...
გოლი გასაუქმებელი იყოო...
“ზესტაფონელთა” უკმაყოფილების მთავარ მიზეზს გაგახსენებთ: “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში დანიშნული თავისუფალი დარტყმა “ზესტაფონმა” გოლად აქცია, მაგრამ რაკი სასტვენის შემდეგ დარტყმა დროულად არ შესრულდა და არბიტრმა “ვიტ ჯორჯიას” ცოცხალი კედლის გასწორება გადაწყვიტა, გოლიც არ ჩაითვალა.
“თქვენს გაზეთში სადავო მომენტი ზუსტადაა აღწერილი. ყველაფერი მარტივადაა, გოლი გასაუქმებელი იყო და გავაუქმე. სასტვენის შემდეგ ზესტაფონელებს ბურთი მომენტალურად არ გაუთამაშებიათ, “ვიტ ჯორჯიას” ცოცხალი კედლის მდებარეობას აპროტესტებდნენ. კედელი მართლაც არასწორად იდგა. მეორედ ჩავსტვინე, თამაში გავაჩერე და ის-ის იყო, კედელში მდგომი ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა დავაპირე, რომ “ზესტაფონმა” გაიტანა. ამ დროისთვის თამაში გაჩერებული იყო და თავისუფალი დარტყმა ამიტომაც გავამეორებინე”, - ასეთ კომენტარს უკეთებს ამ მომენტს სილაგავა.
ქარმა სანახაობა გააფუჭა
“ქართულ კლასიკოდ” წოდებულმა “ტორპედო”-“დინამომ” მოლოდინი საერთოდ ვერ გაამართლა, მაგრამ ამაში მხოლოდ ფეხბურთელებს ნუ დავადანაშაულებთ. დარი არც აღმოსავლეთ საქართველოში ყოფილა, დასავლეთში კი ძლიერმა ქარმა სანახაობას ხელი შეუშალა და ქუთაისში უსახური 0:0 დაფიქსირდა. ლიხს იქით უამინდობამ კიდევ ერთი თამაში გააფუჭა - ერთმანეთს “კოლხეთი” და “სპარტაკიც” უგოლოდ გაეყარნენ, სამაგიეროდ, ქარმა ვერაფერი დააკლო “სამტრედიას”. უმაღლესი ლიგის ყველაზე ხელმოკლე გუნდმა შედარებით შეძლებული ზუგდიდელები გვარიანად დაჯაბნა და მართალია, სამტრედიელები კვლავ ბოლოები არიან, სამშვიდობომდეც ბევრი უკლიათ, მაგრამ უეჭველად განწირულებად მაინც აღარ გამოიყურებიან.
ქვემოთ დაიძაბა
გა-დარჩენისთვის ბრძოლაში სიმშვიდე ოთხი გუნდის წევრებს აქვთ დარღვეული. სხვებთან შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში “სიონია”, აი, დანარჩენებს კი გაცილებით მეტი ოფლისღვრა მოუწევთ. შეგახსენებთ, უმაღლესიდან პირველ ლიგაში პირდაპირ ორი გუნდი ვარდება, ბოლოდან მესამე კი პირველი ლიგის მესამეადგილოსანს პლეი ოფში შეებრძოლება.
“სამტრედიასა” და “კოლხეთის” გასაჭირზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ. ორივე ქების ღირსია იმისთვის, რომ დუხჭირი ყოფის მიუხედავად, მაინც ახერხებენ სეზონის ჩამთავრებას და იოლად არაფერს თმობენ. “სპარტაკს” მათთან შედარებით არაფერი უჭირს, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს თუნდაც საპლეიოფო ზონაში განმარტოვებას. არადა, ბადრი კვარაცხელიას გუნდმა სეზონის მეორე ნახევარი მძლავრად დაიწყო და ბოლო ადგილსაც უმალ დააღწია თავი, მაგრამ ბოლოს სვლა ოდნავ შეანელა.
ამის მიუხედავად, “სპარტაკს” უმაღლესში დარჩენის სოლიდური შანსი მაინც აქვს, აი, “სამტრედიამ” და სოსო ფილიას დაბრუნებით მოფერიანებულმა “კოლხეთმა”კი სპორტული პრინციპით რომც შეძლონ ელიტაში დარჩენა, მაინც საკითხავი იქნება, რა რესურსებით შეძლებენ მომავალ უმაღლეს ლიგაში თამაშს.
სატურნირო თვალსაზრისით “ბაიაში” ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ზუგდიდელთა თავკაცი ელგუჯა ქომეთიანი მაინც გულდაწყვეტილი დარჩა - უპირველესად, იმიტომ, რომ სამტრედიაში ოპტიმალური შემადგენლობა არ გაამწესა და ახალგაზრდული ნაკრებიდან დაბრუნებულები შეცვლაზე ათამაშა.
დერბი დერბის დაემგვანა
არცთუ დიდი ხნის წინ ქვემოქართლური დერბის გამარჯვებულის გამოცნობას არაფერი უნდოდა, ახლა კი სხვა დროა და დერბი ნამდვილ დერბის ჰგავდა. “სიონს” უცებ დაეტყო კვალიფიციური მწვრთნელის მისვლა და გასავარდნ ზონას სწრაფი ტემპით შორდება. ბოლნისური კლუბის ხელმძღვანელობას საჭირო გადაწყვეტილება უფრო ადრე რომ მიეღო, ვინ იცის, “სიონი” აუტსაიდერებთან ჭიდილით არ დაკმაყოფილებულიყო.
წარსულს ვეღარაფერი შეცვლის, დღესდღეობით კი ხვიჩა ქასრაშვილი ბოლნისელებს ზუსტად იმ დონის ფეხბურთს ათამაშებს, ასეთი შემადგენლობის გუნდს რომ შეეფერება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ “ოლიმპს” ბოლნისში დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც შეგვიძლია, ეს შედეგი მცირე სენსაციად მოვნათლოთ. შეგახსენებთ, თავის დროზე ქასრაშვილი “ოლიმპში” მუშაობდა.
ბოლნისელთა ახალწვეულმა კობა შალამბერიძემ კი სადებიუტო მატჩშივე გამარჯვების გოლით დაამტკიცა, რომ “სიონისთვის” სასარგებლო ფეხბურთელია.
შვიდეულიდან ერთი გამოირჩა.
ცალკე იმ ფეხბურთელებზეც ვთქვათ, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისრაელში ახლდნენ. გასულ ტურში შვიდივე მათგანმა ითამაშა. როინ კვასხვაძემ, კახა ალადაშვილმა, მურთაზ დაუშვილმა და ნიკა გელაშვილმა “ზესტაფონის” შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს, ასევე 90-90 წუთი დაჰყვეს მოედანზე დინამოელებმა, გიორგი ლორიამ და ალექსანდრე კოშკაძემ, აგრეთვე ოლიმპელმა ირაკლი მოდებაძემ. ერთი გოლი და ერთი ფეხბურთელი “ლელოს” ტურის სიმბოლურ ნაკრებში - ასეთია ნაკრების წევრთა მონაგარი და ორივე შემთხვევაში თავი გელაშვილმა გამოიჩინა.
ტური ორი ეპიცენტრით
შემდეგი ტურის წინათქმას “ლელოს” ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ, მაგრამ 10 აპრილისთვის აქედანვე უნდა გავემზადოთ. “ზესტაფონი”-“დინამო” ბოლო წლებში არათუ ტურის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური ჯახია, ნაკლები სანახაობა არც იმერეთის მთავარ ქალაქში გველის - “ტორპედო” “ოლიმპს” უმასპინძლებს. მოკლედ, ისეთი ტურია, ძალიან ბევრ კითხვას რომ უპასუხებს.