გიორგი არევაძე: იმედია, "მადნეულს" "სიონს" ახლა მაინც გადმოგვცემენ

AutoSharing Option
საქართველო უნიკალური ქვეყანაა: კლუბები სპონსორებს ეძებენ და ვერ პოულობენ, "მადნეულს" კი ბოლნისის "სიონის" პატრონობა სურს და დღემდე ვერ გადაიფორმა.

თუმცა კომპანიის მენეჯმენტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ დაიმედებულია. 1 აპრილს პრეზიდენტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ელაპარაკა. მისი თქმით, ყველა დიდ ქალაქში უნდა მოწესრიგდეს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მოედნები, ეროვნული ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირები. ცხადია, ეს ჩვენი ჩემპიონატის გაუმჯობესების მცდელობაა.

ჩვენთან მაგალითად აზერბაიჯანს ასახელებენ, სადაც საფეხბურთო ბუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა
ილჰამ ალიევმა ბიზნესმენებს ფეხბურთის მიხედვა დაავალა. ასევე იყო რუსეთში, უკრაინაში, ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთში კერძო ბიზნესის მისასვლელად საფუძველი იყო ჩასაყრელი - სახელმწიფოს მეთაურის დაინტერესების გარეშე კი ჩვენნაირ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება ძნელი წარმოსადგენია.

კომპანია "მადნეული" ბოლნისის "სიონის" მეურვეობას გასული წლიდან ცდილობს, მაგრამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსიდან ვერა და ვერ გადაიფორმა.
გუნდში "მადნეულის" წარმომადგენელი გიორგი არევაძე პრობლემებზე გველაპარა.

"პრეზიდენტმა ზუსტად იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა მოგვარებაც ჩვენს ფეხბურთს წაადგება. ხალხი რომ სტადიონებისკენ მოტრიალდეს და ფეხბურთელებს მეტი სტიმული გაუჩნდეთ, ინფრასტრუქტურა, მოედნები და ეროვნული ჩემპიონატის პრომოუშენია საჭირო.

კაცმა რომ თქვას, რაიონების ხელმძღვანელებისთვის გუნდების დაფინანსება არავის აუკრძალავს. ასე რომ იყოს, ფოთის, ზუგდიდის და კიდევ ბევრი სხვა ქალაქისა თუ რაიონის ბიუჯეტებიდან გუნდებს როგორ აფინანსებდნენ? მთავარი სურვილია, ფეხბურთის პატრონობისთვის კი ჯერ არავინ დაუჭერიათ. პირიქით, ეს სოციალურად მნიშვნელოვანი სფეროა, მაგრამ პრეზიდენტი ვერ ჩამოვა და რაიონის ხელმძღვანელებს არ ეტყვის, გუნდი რომ გყავთ, მიხედეთ, სტადიონზე ფიცრები შეცვალეთო და სხვა... ამას ადგილზე უნდა ხვდებოდნენ.

ვფიქრობ, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ფეხბურთში სასიკეთო პროცესები დაიწყება. მაგალითად, "სიონმა" ბოლნისის სტადიონზე რომ ითამაშოს, "მადნეული" 15000 ლარს იხდის. რატომ, სპონსორი მეწველი ძროხაა? უმჯობესი არ იქნება, თანხა გუნდს მოხმარდეს, სტადიონსაც მოევლება და უკეთესი გუნდიც გვეყოლება. არადა, საქართველოს რაიონების 80 პროცენტს არ აქვს ბოლნისის ოდენობის ბიუჯეტი და ჩვენს რაიონს არ უნდა უჭირდეს.

პრობლემაა გუნდის გადაფორმებაც. რას იფიქრებს საქართველოში ჩამოსული ინვესტორი, როდესაც გაიგებს, რომ "მადნეულის" მსგავსი მსხვილი კომპანია ერთი წელია, გუნდის აყვანისა და დაფინანსების უფლებას ვერ იღებს? მჯერა, ახლა ამასაც მოევლება" - ამბობს არევაძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მართლა ეგრეა, დიდი სირცხვილია და უპასუხისმგებლობა. ეს იმ სასაცილო ბიუროკრატიის დამსახურებაა ეკონომიკის სამინისტროში რომ ტრიალებს(არადა მთავრობა საბჭოთა კავშირის ბიუროკრატიას დასცინის). მაგრამ არც ის მგონია, რომ მადნეულს დიდად მოენდომებინოს და შეეწუხებინოს ვინმე. ამხელა კომპანიას არ გაუჭირდებოდა საერთო ენის გამონახვა სურვილის შემთხვევაში. არ მჯერა რომ ყველა ზომა იხმარეს. მაგრამ ეს მათ არც მოეთხოვებათ! სახელმწიფომ უნდა შეუქმნას მათ პირობები რომ ფეხბურთს მიხედონ კომპანია კი არ უდა ეხვეწებოდეს ეკონომიკის სამინისტროს. რავი მერამდენედ ამბობენ უკვე ამ ერთი და იგივეს და ასეთ ტემპში თუ აკეთებენ საქმეს ყოჩაღ ამათ...
bb king
16:12 07-04-2011
0

სიახლეები პოპულარული