მოსალოდნელი სასჯელი და დაპატიჟება

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მთავარ საკითხად "ზესტაფონის" ორი ფეხბურთელის არასპორტული საქციელი იყო გატანილი. ნიკა გელაშვილმა და მურთაზ დაუშვილმა "ვიტ ჯორჯია"-"ზესტაფონის" დასრულების შემდეგ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სხდომაზე მათ მოსალოდნელი ვერდიქტი გამოუტანეს - თითოეულს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 500-ლარიანი ჯარიმა. რაკი გელაშვილმა და დაუშვილმა ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრა უკვე გამოტოვეს, მათ გარეშე კიდევ ერთი, მაგრამ უპრინციპულესი მატჩი ჩაივლის - კვირას გასამართი "ზესტაფონი"-"დინამო". აქვე იმასაც გეტყვით, რომ დაუშვილი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო "ტორპედოსთან" დაპირისპირებას ისედაც დააკლდებოდა.

მოკლედ იმასაც გაგახსენებთ,
თუ რამ გამოიწვია ნამატჩევს "ზესტაფონის" წევრთა მრისხანება - მეორე ტაიმში არბიტრმა ლაშა სილაგავამ "ზესტაფონს" თავისუფალი დარტყმით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა და სტუმრებს დარტყმა გაამეორებინა იმ მოტივით, რომ დარტყმის მომენტში "ვიტ ჯორჯიას" ცოცხალი კედელი არასწორად იყო დაყენებული.

სადისციპლინო კომიტეტს მსაჯების მიმართ სანქციების დაწესების უფლება არა აქვს, ამიტომაც უახლოეს დღეებში სამსაჯო კომიტეტი იმსჯელებს იმაზე, სწორი იყო თუ არა სილაგავას გადაწყვეტილება ამ საკვანძო მომენტში.

თავდაპირველად "ზესტაფონი" თავისთვის არასახარბიელო ვერდიქტის შემთხვევაში, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, მაგრამ, როგორც გუშინ კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვითხრა, "ზესტაფონი" გადაწყვეტილებას არათუ გააპროტესტებს, ფეხბურთელებს თავადაც დასჯის.

ახლა კი სფფ-ისა და "ზესტაფონის" ურთიერთობის სხვა ასპექტებსაც შევეხოთ. როგორც უკვე გითხარით, იმერულმა კლუბმა საკუთარი მოთამაშეების საქციელი დაგმო, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას წერილის საშუალებით "ვიტ ჯორჯია"-"ზესტაფონის" მსაჯობის შეფასება ითხოვა, რაზეც პასუხი არ მიუღია.

შეგახსენებთ, ფედერაციასა და "ზესტაფონს" შორის ურთიერთობა წლის დასაწყისში დაიძაბა ორი ახალწვეულის, ჯერ ხორვატი გორან გრუიცას, შემდეგ კი ზურაბ მენთეშაშვილის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. გრუიცას შემთხვევაში დავა ლეგიონერისთვის დაწესებულ გადასახადზე იყო და პრობლემა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოგვარდა, მენთეშაშვილს კი საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე თამაშის უფლება ჯერაც ვერ მიუღია, რადგან ფიფადან მისი სატრანსფერო ფურცელი არ ჩამოსულა.

ისევ სერგო ფუტკარაძეს მოვუსმინოთ: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეუთანხმებლად "ზესტაფონს" ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ფედერაციის აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია შევასრულეთ, მაგრამ მენთეშაშვილის განაცხადში შეყვანა დღემდე ვერაფრით შევძელით. აქვე სფფ-ის გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის განცხადებასაც გამოვეხმაურები. მან თქვა, რომ ფიფასა და კლუბს შორის ურთიერთობა ფედერაციის საქმე არა არის, არადა, კლუბს ფიფასთან დაკავშირებისა და სხვადასხვა საკითხის მოგვარების ერთადერთი კანონიერი გზა აქვს - ფეხბურთის ფედერაცია. შექმნილი მდგომარეობა კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ფედერაციაში სრული იურიდიული ქაოსია."

არ ვიცით, რატომ უნდა სჭირდებოდეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას საქართველოს ამა თუ იმ ქალაქში ფეხბურთზე დაპატიჟება, მაგრამ "ზესტაფონი" 10 აპრილს თბილისის "დინამოსთან" გასამართი მატჩისთვის სფფ-ის არა მხოლოდ თავკაცებს, არამედ თითოეულ თანამშრომელს ეპატიჟება.

"ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზესტაფონის სტადიონზე არ შეუშვეს. მე ასეთ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. ჩვენი აზრი და გულწრფელი სურვილი ესაა - სფფ-ის ხელმძღვანელობა ზესტაფონის სტადიონზე თავს ისე უნდა გრძნობდეს, როგორც მასპინძელი. დიდი იმედი გვაქვს, რომ "ზესტაფონი"-"დინამოს" შეხვედრას ყველა ერთად მივადევნებთ თვალს", - ამბობს ფუტკარაძე.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /

ჩამოიყვანონ წესიერი უცხოელი მსაჯები და მორჩება ეს პრობლემა

მე მეჩვენება რომ დინამოს ეხმარებიან - მიუხედავად იმისა რომ დინამოს ვგულშემატკივრობ ასე სოფელი არ აშენდება.
otar
10:44 08-04-2011
0
ყველამ იცის, მაგრამ დომენტი ტელევიზიიდან გებულობს თურმე ბევრ რამეს და იქნებ არ იცის რომ ბევრი საეჭვო ფაქტია ოლიმპი-ვიტ ჯორჯიას წლევანდელ თამაშებთან დაკავშირებით. ველით სათანადო რეაგირებას. 12 ქულა მოედნის სანაცვლოდ. თითქმის ყველამ იცის რომ ასეა.
fexburti
11:57 08-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული