საფეხბურთო ოაზისი ზესტაფონში

AutoSharing Option
"ჩვენ ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე" - ეს ბანერი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონი"-"დინამოს" მატჩის წინ გამოჩნდა.

ეს რომ ცარიელი სიტყვები არ არის, ამაზე მხოლოდ ადგილობრივი გუნდის წარმატებები კი არა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურაც მოწმობს. ამ ქალაქს უკვე დიდი ხანია, კეთილმოწყობილი სტადიონი აქვს, საწვრთნელი ბაზის მშენებლობა კი წელიწადზე ოდნავ მეტია რაც დაიწყო და იქ ნანახი უკვე აღძრავს დადებით ინტერესს.

ალბათ გახსოვთ, ახლო წარსულში კლუბის ხელმძღვანელობა ქალაქის გარეუბანში ბაზის ასაშენებლად მიწის გადაცემას ითხოვდა. იურიდიულმა ფორმალობებმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო, თუმცა საბედნიეროდ, საკითხი
დადებითად გადაწყდა და მშენებლობაც დაიწყო.

ბაზისთვის საბოლოო სახის მიცემამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გუნდი იქ უკვე ვარჯიშობს. ზესტაფონის ბაზა დღესვე არის იმ ბევრ სტადიონზე უკეთესი სანახავი, სადაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები ტარდება.

ჯერჯერობით ბაზაზე მხოლოდ ერთი მოედანია დასრულებული, მაგრამ, სამაგიეროდ, გაზონი ისეთია, საქართველოს სხვა ქალაქებში სანთლით რომ არის საძებარი. ბუნებრივსაფრიანი მოედანი უნაკლოდ გამოიყურება და ზესტაფონის სტადიონის საფარზე უკეთეს მდგომარეობაშიც კია. "ზესტაფონის" მთავარი გუნდი ყველა ვარჯიშს ბაზაზე ატარებს, რამაც სტადიონის ბალახი "ამოასუნთქა" - იქ მხოლოდ უმაღლესი ლიგის მატჩები იმართება, დუბლშემადგენლობებისა და ჭაბუკთა ლიგის შეხვედრები ზესტაფონში მდებარე ხელოვნურსაფრიან მოედანზე ტარდება.

მალე მეორე მოედანიც მზად იქნება. იქ უკვე ყველაფერი მოწყობილია გაზონის დასაგებად, წლის ბოლომდე კი "ზესტაფონის" განკარგულებაში სამი მოედანი იქნება, სამივე ბალახისსაფრიანი. სულ კი ხუთი მოედნის მოწყობაა გათვალისწინებული. ამ ხუთიდან ხელოვნურსაფრიანი მხოლოდ ერთი იქნება. დღეისთვის ბაზის ტერიტორია 5 ჰექტარია, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ ფართობს 3 ჰექტარი დაემატება.

ბაზაზე ახალი შენობა ჯერ არ აგებულა. საქმე ისაა, რომ იქვე ტექნიკუმის მიტოვებული ნაგებობაა და გამორიცხული არა არის, კლუბს მისი რეკონსტრუქციისა და გამოყენების უფლება მისცენ. თუ არა და, არც ახალი შენობის აშენება იქნება პრობლემა. ადგილზევე მოეწყობა სასტუმროც და ბავშვთა სკოლა-ინტერნატიც. ტერიტორიას ჩოგბურთის კორტებიც დაამშვენებს და თანამედროვე ბაზისთვის საჭირო ყველა ატრიბუტიც - ტრენაჟორების დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, კვების ბლოკი და ა. შ.

ფეხბურთელები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ივარჯიშებენ. "ფეროს" გამონაბოლქვისგან ბაზას იქვე მდებარე ფერდობი იცავს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული