"დღევანდელი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ჩემი მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გადადგომა იქნება. "ვიტ ჯორჯიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას საკუთარი სურვილით ვტოვებ", - გვითხრა "გაგრასთან" მატჩის დასრულებისთანავე მერაბ კოჭლაშვილმა.
კითხვაზე, ამ ნაბიჯს მხოლოდ "გაგრასთან" წაგების გამო დგამდა თუ გადაწყვეტილებისთვის სხვა მიზეზებიც ჰქონდა, კოჭლაშვილმა გვიპასუხა, რომ "გაგრამდე" გადადგომაზე არ უფიქრია...
გუშინვე შევიტყვეთ, რომ "ვიტ ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა. კლუბის მესვეურებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვინ უხელმძღვანელებს "ვიტ ჯორჯიას" მომდევნო შეხვედრებში. კოჭლაშვილი კი, სავარაუდოდ, კლუბში მუშაობას გააგრძელებს.
კოჭლაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" 2000 წელს მივიდა და გარკვეული
პერიოდი იქ მეორე მწვრთნელად იმუშავა, 2004 წელს კი მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა. იმავე წელს მან "ვიტ ჯორჯია" დატოვა და იქ 2006 წელს დაბრუნდა. სამი წლის განმავლობაში ვეტერინართა მეორე გუნდში მუშაობდა, 2009 წელს კი რამაზ მუმლაძის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაუბრუნდა, თუმცა მალე "ვიტ ჯორჯიაში" გელა გომელაური მივიდა და გუნდის ფაქტობრივი თავკაცი გასული წლის ზაფხულამდე სწორედ იგი იყო. ამ სეზონში კი კოჭლაშვილი ვიტელთა "ნამდვილი" მესაჭე გახლდათ.