ტურის მიმოხილვა

AutoSharing Option
წინასააღდგომო ტურმა ბევრი სიახლე მოგვიტანა. უმთავრესი ის არის, რომ "ოლიმპმა" ჩემპიონობის შენარჩუნების ბოლო შანსი დაკარგა და სულ მალე ოფიციალურად იწოდება ექსჩემპიონად. "ზესტაფონმა" კი მორიგ პრინციპულ დაპირისპირებაში მიაღწია გამარჯვებას და ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

"დინამოს" გამარჯვებამ საჩემპიონო რბოლას ინტრიგა შეუნარჩუნა, ცხრილის ქვედა ნაწილში კი ბევრი არაფერი შეცვლილა. მოკლედ, ეს იყო გასული ტურის მოვლენები, მაგრამ გასახსენებელი სხვაც ბევრი დაგროვდა.


შავოსანთა შავი დღე
იშვიათად, რომ უმაღლეს ლიგაში ტურმა ინციდენტების გარეშე ჩაიაროს, მაგრამ რაც გასულ შაბათს მოხ
და, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. შედარებით მშვიდად ბოლნისური და სამტრედიული მატჩები ჩატარდა. სხვა ქალაქებში კი ემოციებმა მეტისმეტად იფეთქა და მოვლენებმა ძალიან ულამაზო სახე მიიღო.

ზუგდიდელი ფეხბურთელები და ქომაგები მსაჯებით დარჩნენ უკმაყოფილონი და მსაჯთა ბრიგადამ იქიდან ბეწვზე გამოასწრო, ფოთში მსაჯთა გადაწყვეტილებებმა ერთდროულად ორივე გუნდის წევრები განარისხა, რუსთავში კი თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს არბიტრმა "ოლიმპის" ორი ფეხბურთელი გააძევა და რუსთავული კლუბის წარმომადგენლებმა მორიგი მარცხიც "შავოსნებს" გადააბრალეს.

ჩვენ მიერ ნახსენებ სამივე მატჩს უამრავი ანტიგმირი ჰყავდა და კონკრეტულად ვინ რა დააშავა და ვის როგორ დასჯიან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი დაადგენს, რომლის სხდომა სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და "ცხელი" უნდა გამოდგეს. იმედი ვიქონიოთ, რომ კომიტეტი ყველაფერს ობიექტურად განსჯის და დამნაშავეებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯის. სტკ-ის სხდომა 29 აპრილს, 15 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონს საპრესკონფერენციო დარბაზში დაიწყება.

ბუნებრივია, პასიხისმგებლობისგან არც ის მსაჯები უნდა გათავისუფლდნენ, ამ ტურში მიუტევებელი შეცდომები რომ დაუშვეს. როგორც წესი, სამსაჯო განყოფილება მსაჯთა შეცდომებზე ღიად არასოდეს ლაპარაკობს, მაგრამ რამდენიმე დღეში ისედაც ყველაფერი ნათელი იქნება - დაველოდოთ მომავალი ტურების დანიშვნების ნუსხის გამოქვეყნებას და შევიტყობთ, ვის გამოუწერეს "დასვენება".

ასე რომ, ამ დღეებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი თემა სწორედ 23 აპრილის სკანდალები იქნება და "ლელო" ამ საკითხს აუცილებლად მიუბრუნდება.


სადებიუტო და საჭირო გოლები
ახლა წმინდა საფეხბურთო საკითხებს მივუბრუნდეთ და იმ დადებით გარემოებასაც გავუსვათ ხაზი, რის გამოც ტურის გამორჩევა ღირს. შაბათს ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა გაიტანა სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში. ესენი არიან: ზუგდიდის "ბაიას" 18 წლის თავდამსხმელი ზვიად სიხარულია, "ვიტ ჯორჯიას" 20 წლის მცველი რევაზ ღანიაშვილი და "ოლიმპის" 22 წლის მცველი გიორგი მურველაშვილი.

ამას გარდა, უნდა ვახსენოთ რევაზ გოცირიძის სადებიუტო გოლი "ტორპედოს" შემადგენლობაში. სეზონის პირველ ნახევარში, როცა გამოცდილი თავდამსხმელი "სიონის" ღირსებას იცავდა, მეტოქეთა კარს ხშირად ლაშქრავდა, "ტორპედოში" კი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და სასტარტოში გამწესება ფოთში გოლით აღნიშნა. გივი კვარაცხელიამ კი ზუგდიდში დუბლი შეასრულა. მართალია, ეს მისთვის ამ სეზონის პირველი გოლები არ არის, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ გამოცდილმა მცველ-ნახევარმცველმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და კვლავ იქცა გუნდისთვის საჭირო ფიგურად.


უიღბლო მასპინძლები და ზესტაფონური სერია
შაბათს გამართული ხუთი მატჩიდან სტუმრებმა სამი მოიგეს, ორიც ფრედ დასრულდა. ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ ტურმა მასპინძელთა გამარჯვების გარეშე ჩაიარა.

ჩემპიონატში "ზესტაფონის" დაუმარცხებელი სერია კი 17 მატჩამდე გაიზარდა. სხვათა შორის, გია გეგუჩაძის გუნდმა ბოლოს სწორედ "ოლიმპთან" წააგო. რუსთაველები კი ამ სეზონში შინ პირველად დამარცხდნენ.

ნიკა გელაშვილმა რუსთავში გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. "ოლიმპის" წინააღმდეგ მას შედეგიანად აქამდეც არაერთხელ უთამაშია. გელაშვილმა საგოლე მონაგარის გაზრდის იმედი "ლელოსთან" წინასამატჩო ინტერვიუში გამოთქვა და მიზანს მატჩის პირველივე წუთზე მიაღწია.

დღეს "ზესტაფონსა" და "ოლიმპს" შორის ცხრაქულიანი სხვაობაა, არადა, იყო დრო, ჩემპიონობაზე პრეტენზიას ორივე აცხადებდა. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მათ თანაბარი რაოდენობის ქულები მოაგროვეს და ფეროელები "ზამთრის ჩემპიონები" მხოლოდ გამარჯვებათა მეტი რაოდენობის წყალობით გახდნენ.


დაძაბული ფინიში და გაუფასურებული მეოთხე
შევთანხმდეთ, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტია, მაგრამ ოქროს მედლების დაუფლების შანსი "დინამოსაც" აქვს. კახა კაჭარავას გუნდმა ეს შანსი "ბაიას" ზედიზედ ორი დამარცხებით შეინარჩუნა და დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" გადადებულ მატჩშიც უცილობელი გამარჯვება სჭირდება.

"ოლიმპი" მეორე ადგილს (რომელიც შაბათს "დინამომ" წაართვა) თუ შესწვდება, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე და მესამე საფეხურებს შორის პრინციპული სხვაობა არ არის - ორივე ევროპის ლიგის საგზურს იძლევა, იქ კი პრიორიტეტი თასის მფლობელს ენიჭება, რომელსაც პირდაპირ მეორე ეტაპზე დაუშვებენ.

საქართველოს თასი ცალკე თემაა, ახლა კი იმ კალენდარს გადავავლოთ თვალი, რომელიც ჩემპიონობისთვის მებრძოლ ორ გუნდს აქვს დარჩენილი და მათ მიერ ჩასატარებელი შედარებით ძნელი ბრძოლები ვახსენოთ.

ვერ ვიტყვით, რომ ამ მხრივ "ზესტაფონს" ცუდი ვითარება აქვს. იმერლებს ცხრილის ზედა ნაწილის გუნდებიდან მხოლოდ "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა ელით - შინ, ბოლო ტურში, მანამდე კი ფოთსა და ბოლნისში სტუმრობა უწევთ. შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ჩემპიონატის მეორე ეტაპზე შინ ქულები სწორედ "კოლხეთთან" და "სიონთან" დაკარგა.

"დინამოს" კი "ვიტ ჯორჯიასთან" დღევანდელის გარდა, კიდევ ერთი ბრძოლა ელის, გარდა ამისა, დედაქალაქელები ესტუმრებიან სამტრედიას, სადაც ყოველთვის ვერ ყოჩაღობენ, ბოლო ტურში კი "ტორპედოს" მასპინძლობენ.

აუტსაიდერთაგან კი, "სამტრედიას" სასწაული თუ იხსნის, "სპარტაკს" კი ჯერ კიდევ დარჩა "კოლხეთთან" ექვსქულიანი ჩამორჩენის დაძლევის და გადათამაშებაში მოხვედრის იმედი. ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრა ბოლო ტურში ელით, მასპინძელი "სპარტაკი" იქნება. თუმცა იმისთვის, რომ ამ მატჩს აზრი არ დაეკარგოს, ბადრი კვარაცხელიას გუნდს ქულათა მარაგის შევსება მართებს.

არადა, "სპარტაკს" მეტად უხერხული კალენდარი აქვს - გასვლა "ვიტ ჯორჯიასა" და "ტორპედოსთან" და საშინაო დაპირისპირება "ოლიმპსა" და "ბაიასთან". თავის მხრივ, სოსო ფილიას გუნდი ბოლო ტურამდე "დინამოსა" და "ოლიმპს" ესტუმრება და "ზესტაფონსა" და "ბაიას" უმასპინძლებს. გუნდების შანსებზე თავად იმსჯელეთ...

"დინამოსთან" წარმატება "ვიტ ჯორჯიას" გასულ ტურში მოპოვებულ მეოთხე ადგილს განუმტკიცებს, თუმცა თასის გათამაშებაში მოვლენები იმგვარად ვითარდება, ვეჭვობთ, მეოთხეობასა და მეხუთეობას შორის პრინციპული სხვაობა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული