აღარ დამთავრდა ქართველურები?

AutoSharing Option
საფეხბურთო მაქინაციები და ფეხბურთელთა "მაზავშიკებთან" კავშირი კიდევ დიდხანს იქნება ქართული ფეხბურთის მთავარი თემა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ამბავი მაინც ვერ ჩრდილავს იმ განუკითხაობას, რაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე გრძელდება.

თუკი ბინძური გარიგებები ახლა გამოაშკარავდა, ქართველი ვაიგულშემატკივრების აგრესია ყოველთვის თვალნათლივ ჩანს და, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქალაქში ქომაგობის კულტურის ამაღლების ნიშანწყალიც არ ჩანს, მეტიც, იქაური ხულიგნები ახალ-ახალ "სიმაღლეებს" იპყრობენ - არც მეტოქის ფეხბურთელებს ინდობენ, ზოგჯერ საკუთარ მოთამაშეებზეც იწევენ და არცთუ იშვიათად "ქართული ფეხბურთის დამაქცევარ" ჟურნალისტებსაც უსწორდებიან. საბედნიეროდ, ქართულ კლუბებს ფეხბურთის მცოდნე ღირსეული ქომაგებიც
ჰყავს, მაგრამ, როგორც წესი, ტრიბუნებზე ამინდს ვანდალები უფრო ხშირად ქმნიან.

ამა თუ იმ მატჩზე წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ იქ "აფეთქებაა" მოსალოდნელი, აი, "ზესტაფონი"-"ტორპედოს" განმეორებით სათასო შეხვედრას უინციდენტოდ რომ ჩაევლო, ეს უფრო იქნებოდა გასაკვირი. ამის თქმის საფუძველს ის უარყოფითი მუხტი გვაძლევს, რომლითაც მატჩამდე ორივე გუნდის გულშემატკივრები იყვნენ აღვსილნი.

ქომაგთა განწყობისა და ნააზრევის გაცნობა ყველაზე უკეთ ინტერნეტფორუმებზეა შესაძლებელი და ამ თამაშის წინ გამოქვეყნებულ გზავნილებს თუ გადახედავთ, მრავლად წააწყდებით ქუთაისელთა და ზესტაფონელთა ურთიერთშეურაცხყოფას და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მუქარას, რომელიც გუშინწინ ნაწილობრივ ორივე მხარემ აღასრულა "დავით აბაშიძეზე". დიახ, ნაწილობრივ, თორემ მუქარები ისე საზარლად ჟღერდა, მის წამკითხავ ნორმალურ ქომაგს თმები ყალყზე დაუდგებოდა.

ფაქტია, ორივე კლუბის მხარდამჭერებმა ბევრი დააშავეს და არ (და ვერ) შევუდგებით იმაზე მსჯელობას, ვის მეტი ბრალი მიუძღვის მომხდარში. ყველაზე საგულისხმო ამბავი კი ისაა, რომ "ტორპედოს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებამ ქუთათურთა და ზესტაფონელთა ძველი სპორტული ქიშპობა გააღვივა, რაც ჩვენს უმაყურებლო ჩემპიონატს ძალიანაც მოუხდებოდა, ხულიგნები ზღვარს რომ არ გადასულიყვნენ და საფეხბურთო ზეიმი საქმეების გარჩევით, სტადიონის აოხრებითა და ერთმანეთის თავპირისმტვრევით რომ არ დაემახინჯებინათ.

უსიამოვნო ფაქტები "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" პირველ სათასო მატჩშიც მრავლად მოხდა. ტელერეპორტაჟისას გარკვევით ისმოდა, როგორ ხმაშეწყობილად აგინებდნენ "ზესტაფონის" ფეხბურთელებსა და, საერთოდ, ამ ქალაქის მკვიდრთ. თავის მხრივ, ქუთაისელ ვაიგულშემატკივრებს გინებისთვის "მიზეზი" ჰქონიათ - "ზესტაფონის" ფანკლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ვიდეომიმართვით "ტორპედოს" დედის დღე მიულოცა, რაშიც ქუთაისელებმა დედასთან დაკავშირებული სხვა ქვეტექსტი დაინახეს.

მოკლედ, პატარ-პატარა ნაპერწკლებით დიდი კოცონი გაღვივდა, რამაც გუშინწინდელი განუკითხაობა გამოიწვია. ვიმეორებთ, ამ ფაქტების მოყვანით მტყუან-მართალის გარკვევას არ ვაპირებთ, მომხდარში ორივე მხარეა დამნაშავე. ალბათ, ამ წერილის რომელიმე ქუთაისელი ან ზესტაფონელი წამკითხველი ინციდენტის სხვა წინაისტორიებსაც გაიხსენებს, მაგრამ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოსახდენი, საუბედუროდ, უკვე მოხდა.

გუშინ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე პოლიციამ საკმაო ხანს იმუშავა და ზარალიც აღნუსხა. "ზესტაფონი"-"ტორპედოს" 258 სკამი შეეწირა, უმეტესობა სტუმართა მიერაა დალეწილი და გუშინვე ზესტაფონში ჩასულმა "ტორპედოს" წარმომადგენლებმა ზარალის ანაზღაურების პირობა დადეს.

"დაპირისპირებული მხარეები" იმ ეპიზოდებზეც ჰყვებიან, რომელთაც ცეცხლი შეუნთეს ისედაც გაღიზიანებულ მაყურებლებს: რაკი "ზესტაფონს" გოლი სჭირდებოდა, ბურთის მიმწოდებელმა ბიჭუნამ საკუთარი მოვალება სწრაფად შეასრულა, რამაც "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილი განარისხა და ბავშვს ხელით შეეხოო. ამას გუნდების გულშემატკივართა მხრიდან ურთიერთლანძღვა მოჰყვა, თუმცა სიტუაცია დროებით ჩაცხრა. სამაგიეროდ, თამაშის დასრულების შემდეგ, როცა სტადიონს მასპინძელთა ქომაგების ბოლო ნაკადი ტოვებდა, ქუთაისელებმა მათ ინდივიდუალური სკამები დაუშინესო. უმცირესობაში მყოფმა დაზარალებულებმა სტადიონს გაცდენილ თანაქალაქელებს მიაწვდინეს ხმა და თავის დაცვა უკვე სტუმრებს დასჭირდათ - როგორც ჰყვებიან, ზესტაფონიდან ქუთაისისკენ მიმავალი ავტობუსებისა და ავტომობილების უმრავლესობას ქვა არ ასცდენია, ზოგიერთი ქომაგი კი შინ მთელი თავით არ დაბრუნებულა...

საბედნიეროდ, მომხდარმა ვერ შეცვალა კლუბების ხელმძღვანელთა დამოკიდებულება და "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" მესვეურები ერთმანეთის მიმართ კვლავინდებურად პატივისცემით არიან გამსჭვალულნი. კლუბები ერთხმად გმობენ მომხდარს და იმედოვნებენ, რომ დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნამდვილი ქომაგი ნამდვილი ფეხბურთის საყურებლად დადის და არა იმ მაიმუნობის,საქართველოს ჩემპიონატი რომ ქვია.ასე იქნება მანამ სანამ გუნდების უმრავლესობა უხელფასოდ ითამაშებს და 35 წლის ფეხბურთელებზე გვეტყვიან,მშობლიური ქალაქის,ან ფეხბურთის უზომო სიყვარულის გამო თამაშობს ყანისმაგვარ მინდვრებზე 2ათეული დედის მაგინებელი მაყურებლის წინაშეო.
dabereka
10:44 06-05-2011
0
dabereka
დამიჯერე თამაშიც ძალიან კარგი იყო ხელფასებიც მშვენიერი აქვთ საქართველოს პირობებში ზესტაფონის და ტორპედოს ფეხბურთელებს და ასეთი მინდორი ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის როცა არ იცით ნუ წერთ თუ რამე და უყურე თამაშს და ნახავ როგორი თამაშიც იყო
asdasd
10:54 06-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული